„სახიფათო საპრეზიდენტო კი არა, შემდეგი, ადგილობრივი არჩევნებია“

„სახიფათო საპრეზიდენტო კი არა, შემდეგი, ადგილობრივი არჩევნებია“

საქართველოს დემოკრატიულობის ტესტის ერთ-ერთი კომპონენტი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებია, დასავლეთი მასზე ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე საკმაოდ სერიოზულად საუბრობდა. დასავლეთი საქართველოში ამ ერთწლიან პერიოდს - არჩევნებიდან არჩევნებამდე, კომპლექსურად განიხილავს. დემოკრატიული არჩევნების ჩატარება გაცილებით რთული ამოცანა იყო გასულ ოქტომბერს. დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინებით, მომავალი გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს და როგორც საზოგადოების წარმომადგენლები თვლიან, მმართველი კოალიცია არ საჭიროებს არც არჩევნების გაყალბებას, არც მოწინააღმდეგეზე ზეწოლას.

სამაგიეროდ, ყოფილი ხელისუფლებისთვის ყველაზე მომგებიანი, შეიძლება ითქვას, მისი მომავალი პოლიტიკური ბედის გადამწყვეტიც კი, შეიძლება აღმოჩნდეს არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები. როგორც ჩანს, ხელისუფლებას სერიოზული მუშაობა დასჭირდება იმისათვის, რომ პროვოკაციებს დაუსხლტეს. შეძლებს თუ არა მმართველი ძალა შესაბამისი ზომების მიღებას იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ღიად მოუწოდა ყველა უწყებას, არც კი იფიქრონ სახელისუფლებო რესურსების გამოყენებაზე, ძნელი სათქმელია. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ბატონო ვახტანგ, რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა ყველა სახელმწიფო სტრუქტურას მოუწოდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად ნეიტრალური პოზიცია დაიკავონ. რეალურად, შესაძლებელია თუ არა, რომ მაქსიმალურად დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო შეიქმნას?

- რა თქმა უნდა, ზოგადად შესაძლებელია. მითუმეტეს, ისეთ სიტუაციაში როგორიც საქართველოშია. სახელისაუფლებო რესურსი იყოფა რამდენიმე ნაწილად, ერთია, ფინანსური რესურსი, მეორეა - ბიუროკრატიული და მესამე - მედიარესურსი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ ყველაფრის მინიმუმამდე დაყვანა. დღევანდელ უმრავლესობის კანდიდატს, ფინანსური რესურსი, ბუნებრივია, გააჩნია, მედიარესურსს რაც შეეხება, მისი ცნობადობაც უკვე მაღალია, რადგან თითქმის ერთი წელი მინისტრის თანამდებობა ეკავა და საკმაოდ სკანდალური მინისტრიც იყო. საზოგადოება მას ასე თუ ისე, იცნობს და გარკვეული წარმოდგენა უკვე ჩამოყალიბებული აქვს. მთავარია, ივანიშვილმა თქვა, რომ მარგველაშვილი მათი კანდიდატია.

„ქართულ ოცნებას“ ყველა რეგიონში თავისი ბიუროები აქვს, ალბათ, ამ შემთხვევაში, შტაბებად გადაკეთდება - ანუ პარტიულ რესურსს მარგველაშვილი გამოიყენებს. ბიურტოკრატიულ რესურსს, ალბათ, არ გამოიყენებს, რადგან არც სჭირდება ამ შემთხვევაში.

აქ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ფინანსური რესურსი, როგორღაც ყველასთვის თანაბარი იყოს, თუმცა არ ვიცი, ამას როგორ მოახერხებენ. რაც შეეხება მედიას, აგიტაციის თანაბარი საშუალება უნდა მიეცეს ყველა კანდიდატს.

კიდევ ერთი მომენტი - ზოგიერთ რაიონში კი მოხდა ხელისუფლების გადასვლა „ქართული ოცნების“ ხელში, მაგრამ ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით არ მომხდარა. ეს ვერტიკალი ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აღარ არის, არც მთლიანად ხელისუფლების ხელშია. ანუ, სახელისუფლებო ვერტიკალს, რომელსაც ადრე, მთლიანად, სახელისუფლებო კანდიდატი იყენებდა, დღევანდელ სიტუაციაში, სურვილის შემთხვევაშიც კი, სრულად ვერ გამოიყენებს.

კიდევ ერთი დეტალი - ეს არის ძალოვანი სტრუქტურების ჩარევა - ისინი ღიად არჩევნებში არ ჩაერთვებიან და რაც მთავარია, „ქართული ოცნების“ კანდიდატს დღეს არ სჭირდება ამ ძალების მაქსიმალური მობილიზება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისეთი ვითარებაა, რომ ის ისედაც გაიმარჯვებს. ვფიქრობ, იქნებ როგორმე მეორე ტურამდე მივიდეს საქმე, რადგან ეს ქვეყნისთვის ძალზე კარგი იქნებოდა.

რეალურად კი ვერ ვხედავ კანდიდატს, რომელიც მარგველაშვილს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად თანაბარი პირობების შექმნა შეიძლება.

რეალურად თანაბარი და კონკურენტული გარემოს შესახებ იმიტომ გკითხეთ, რომ დასავლეთი მას ქართული დემოკრატიის გამოცდის მეორე ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ვილნიუსის სამიტზე, ასევე, ალბათ ნატოს შემდგომ სამიტებზე შესაბამისად აისახება. მას შემდეგ, რაც ყოფილ ხელისუფლებას სწორედ არადემოკრატიულობის გამო უთხრა უარი ამომრჩეველმა, დასავლეთის მხრიდან ასეთი ეჭვები რამდენად საფუძვლიანია? - გვახსოვს, მას ბევრ არადემოკრატიულ არჩევნებზე დაუხუჭავს თვალი...

- დასავლეთიდან ასეთი მოწოდებები, ალბათ, მაინც საჭიროა, რადგან იქ ცალსახად ჩამოყალიბებული არ აქვთ წარმოდგენა პროცესებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. მაინც ფრთხილად ეკიდებიან მიმდინარე პროცესებს და იმაზე აკეთებენ აქცენტებს, რა შემთხვევაში განვითარდება ქვეყანა დემოკრატიულად.

ვფიქრობ, სახიფათო ეს არჩევნები კი არა, შემდეგი ადგილობრივი არჩევნებია. ამ არჩევნების მიხედვით გაცილებით მნიშვნელოვნად გამოიკვეთება, რამდენად დემოკრატიულად განვითარდება შემდგომში ქვეყანა, ვიდრე ახლანდელი საპრეზიდენტო არჩევნებისას.

ვიმეორებ, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება არანაირი ძალდატანება იმისათვის, რომ ეს არჩევნები მოიგოს და თუ ვინმე ზედმეტ ინიციატივას გამოიჩენს საშუალო, ან ქვედა რგოლებში, ის წინასწარვე უნდა გააფრთხილონ, რომ ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კი არა, საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენენ - ვგულისხმობ, თუ ვინმე შეეცდება, რამე გააყალბოს - გაყალბება „ქართული ოცნების“ ინტერესებში დღეს, უბრალოდ, არანაირად არ შედის.

სამაგიეროდ, ბევრი ფიქრობს, რომ ეს შედისნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში და მათ დიდი გამოცდილებაც აქვთ დაგროვილი... გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია, დასავლეთის თვალში ამ არჩევნებს არადემოკრატიულობის იმიჯი შეუქმნან - რუსუდან კერვალიშვილმაც კი განაცხადა, რომ მისი დადანაშაულება წინასაარჩევნოდ მოხდა... ასეთი თემა, სავარაუდოდ, მომავალშიც ექნებათ ნაციონალებს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია აქ როგორღაც სიფრთხილის გამოჩენა?

- არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც შეეცდებიან, რომ თავიანთი დამარცხება გადააბრალონ არადემოკრატიულობას და ა.შ.

„ქართულ ოცნებას“ შარშან, ოქტომბერში უკვე უნდა სცოდნოდა, რომ ერთი წლის შემდეგ, ასეთი მცდელობები იქნებოდა და წინასწარ გარკვეული ზომები უნდა მიეღო.

ყველაზე მარტივი რაც იყო, ისიც კი გაუთვალისწინებელი დარჩა და ამომრჩეველთა სიებიც კი ძველი დატოვეს. თუ „ქართული ოცნება“ მოწინააღმდეგეებს საშუალებას მისცემს, რომ მათ რაღაც პიარი ააგორონ, ეს პოლიტიკაა და, რა თქმა უნდა, ისინი ამ პიარს ააგორებენ.

გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, სადაც სამართალდამცველებს მოუწოდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, თუ ძალიან აუცილებელი და ძალზე მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი დანაშაული, შევეცადოთ, რომ არ მოვახდინოთ პოლიტიკურ ფიგურებზე, მათ მხარდამჭერებზე ან საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ადამიანებზე სამართლებრივი ზომების განხორციელება. მეორე დრეს გამოდის კბილაშვილის უწყების გადაწყვეტილება კერვალიშვილისა და რჩეულიშვილის პასუხისმგებლობის შესახებ.

კითხვას ვსვამ, შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება? - სამართლიანობა რომ უნდა იყოს ქვეყანაში, ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ არსებობს მიზანშეწონილობა, როდის გაკეთდეს ეს. ეს უკვე პოლიტიკური საკითხია და არ არის სასამართლოში ჩარევის მცდელობა. როდესაც პრემიერი ამ თემაზე ლაპარაკობს და იცი, რა პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში, ძიება არ უნდა შეწყვიოტო, მაგრამ უნდა შეეცადო, უფრო მეტი მოიკვლიო და პასუხისმგებლობის საკითხი დააყენო ისე, რომ არავის არ ათქმევინო, ჩემზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებაო.

ერთი შეხედვით ძალზე მარტივია, მაგრამ ამ ქვეყანაში ასეთი მარტივი რაღაცეები ან არ გვესმის, ან იგნორირებას ვუკეთებთ.

ასეთ ფონზე საინტერესოა, რატომ დანიშნა სააკაშვილმა არჩევნები ოქტომბრის ბოლოს - ვილნიუსის სამიტზე რომ უნდა მოხვედრა, ეს თვითონაც განაცხადა, მაგრამ ეს ყველაფერი მასა და მის გუნდს რა პოლიტიკურ სარგებელს მოუტანს?

- დიახ, ფულესთან შეხვედრისასა მან თქვა, რომ სურვილი აქვს ვილნიუსის სამიტს პრეზიდენტის რანგში დაესწროს. ლაპარაკია ნოემბერზე - ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს მეორე ტური, სხვაგვარად ეს ვერ მოხერხდება, თუმცა თავის მხრივ, მეორე ტურამდე მისვლაც საეჭვოა. როგორც ჩანს, სააკშვილს ძალიან უნდა, რომ ვილნიუსის სამიტს პრეზიდენტის რანგში დაესწროს. თუმცა, როგორც ვხედავ, მას შეუძლია ვილნიუსის სამიტზე მართლაც აღმოჩნდეს, პრეზიდენტის თუ არა, მიწვეული სტუმრის რანგში მაინც.

რატომღაც ერთხმად ჩავთვალეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილისგან საბოლოოდ გავთავისუფლდებით, ვფიქრობ, ძალიან მცდარი წარმოდგენაა. როგორც პრეზიდენტს, ახლაც არ აქვს მაინც და მაინც დიდი უფლებამოსილებები, ის ვირტუალურ სივრცეშია მხოლოდ პრეზიდენტი და ვირტუალური სივრცე მას ხომ არჩევნების შემდეგაც ექნება, იმისათვის, რომ ყოველღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც გამოგვეცხადოს და ისევ ჭკუა დაგვარიგოს.

ვილნიუსის სამიტისგან რას შეიძლება ელოდებოდეს, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატებს დაახვავებს, სანაცვლოდ რას მიიღებს?

- გააჩნია, რა განწყობა ექნება, ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი შეეცდება, ის შედეგი, რაც ვილნიუსის სამიტზე დადგება სასარგებლოდ გამოიყენოს - თუ საქართველოს ექნება წარმატება ეს საკუთარ თავზე მიიწეროს, მაგრამ თუ ცუდი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამ ყველაფერს ამ ხელისუფლებას გადააბრალებს. ორივე შემთხვევაში სააკაშვილი შეეცდება, პოლიტიკური ქულები დაიწეროს.

როგორც ჩანს, სააკაშვილს ყველაზე მეტად აწყობს მეორე ტური...

- რამდენიმე ხნის წინ უფრო მარტივად ვუყურებდი ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ ბოლო დროს უკვე მგონია, რომ ეს იქნება საკმაოდ რთული არჩევნები, რადგან სააკშვილის და მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ გათვლაა, როგორმე დაფიქსირდეს ქვეყანაში ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად. მათ თუ ეს მოახერხეს, არა მხოლოდ პოლიტიკაში დარჩენის საშუალებას, არამედ გარკვეულ გარანტიებსაც აძლევთ სამართალდამცველ ორგანოებთან მიმართებაში. თუ მათ ეს ვერ მოახერხეს, მაშინ მთელი „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკის გუშინწინდელი დღე ხდება. ამიტომ, საკმაოდ რთული მდგომარეობა იქნება და ამაზე ხელისუფლებამ წინასწარ უნდა იფიქროს. არ ვგულისხმობ იმას, რომ არჩევნები უნდა გააყალბოს, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოს.

არ მგონია, სუფთა არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე ადგილი აიღოს, მაგრამ თუ ყველაფერს მივუშვებთ, მაშინ ასე მარტივად არ იქნება ყველაფერი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების გაყალბებაც ძალიან კარგად იცის და კომისიებიც ისე არ არის როგორც ჩვენ გვგონია. ნაციონალებს აქვთ სტრუქტურა, ფული და ა.შ. რა თქმა უნდა, საარჩევნო ბრძოლის გამოცდილებაც. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და ნამდვილად ფართოდ გააღოს საარჩევნო კარი, რათა ყველამ ნახოს რა ხდება. მეორე მხრივ, უნდა მოახერხოს, რომ თუ პროვოცირება იქნება, მისი იზოლირება მოახერხოს.

თუ ხედავთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რეალურად მეორე ტურში მოხვედრა რომ შეძლოს?

- ამას ვწუხვარ, რომ ძნელია, რეალურად მეორე ტურამდე მისვლა. ძალიან მინდა, რომ ეს არ იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, ოღონდ სრული სამართლიანობის და კანონიერების პირობებში. მიუხედავად იმისა, ვისთვის მისაღებია და ვისთვის მიუღებელი, უნდა ვიცოდეთ, რეალურად, რა ძალთა ბალანსი გვაქვს, რა განწყობებია ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გავაკეთებთ პროგნოზებს, მომავალში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თუ საზოგადოებაში არის განწყობა, რომ ნაციონალებს მეორე ადგილზე შეუძლიათ გასვლა, ვერაფერს ვიზამთ და ასეც იქნება, მაგრამ მგონია, რომ ასე არ მოხდება.