რუსეთი კვლავ პროვოკაციებზე მიდის

რუსეთი კვლავ პროვოკაციებზე მიდის

ადგილობრივი მოსახლეობის გატაცება, ე.წ. ადმინისტრაციული ზოლის გადმოწევა, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სინამდვილის ყოველდღიურობა გახდა. რუსმა სამხედროებმა, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია მოთავსებული.

დაკავებულები მწყემსები იყვნენ. კონფლიქტის ზონის შიდა ქართლის მონაკვეთზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასზე მეტი ადამიანი დააკავეს. 30-მდე მხოლოდ სოფელ კირბალიდან იყო. დაკავებულთა უმრავლესობა 2000 რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს, ნაწილი ისევ ცხინვალის საპატიმროში რჩება.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება, უკანონოა და 2008 წლის აგვისტოში დაწყებული ოკუპაციის გაგრძელებაა.

„ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს ცხელი ხაზის საშუალებით, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში მუშაობს. შსს-ს ჩართულობით ხერხედება ის, რომ რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები რამდენიმე დღეში ტოვებენ ცხინვალის იზოლატორს და მათი უკანონო პატიმრობა არ გრძელდება თვეების განმავლობაში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოში ხელისუფლების შეცვლამდე ხდებოდა.

რა თქმა უნდა, დაუშვებელია რამდენიმე დღიანი უკანონო პატიმრობაც და იმისთვის, რომ რუსი სამხედროების ამგვარი ქმედებები აღკვეთილი იქნას, საქართველოს ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს. კერძოდ, ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებით მუდმივად აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს, რათა მათ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე კონფლიქტის ზონიდან ე.წ. რუსი სამხედროების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის გატაცების ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ მაქიმალურად უნდა გამოიყენეოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი.

„ეს ნამდვილად შემაშფოთებელია. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა დავადასტუროთ ჩვენი პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც უნდა მივმართოთ თხოვნით, რომ უფრო აქტიურად აღიმაღლონ ხმა ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მაქიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი არხები, ეს არის რისი გაკეთება ჩვენ ახლა შეგვიძლია. ჟენევის ფორმატი, სამწუხაროდ, შედეგს არ იძლევა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არ ავყვეთ გამომწვევ პროვოკაციულ ნაბიჯებს.

მაქსიმალურად ჩავრთოთ საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩვენი დიპლომატიური ბერკეტები - ეს შეგვიძლია ჩვენ დავუპირისპიროთ ამას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, სანამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს, მე არ მინდა ახლა დრამატული პროგნოზები გავაკეთო. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ კონკრეტულად ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდება. თუმცა ვიმეორებ, რომ ჩვენი იარაღი ამ შემთხვევაში არის დიპლომატიური არხები, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო მექანიზმის ჩართულობა“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი არ ითვალისწინებს მსგავსი ინციდენტების განხილვას, ასეთი მოვლენები ორმხრივ დიალოგზე უარყოფითად მოქმედებს.

„ჩემი დიალოგის ფორმატი არ ითვალისწინებს ამგავრი საკითხებისა და ინციდენტების განხილვას, ეს უფრო ჟენევის ფორმატისთვის არის გათვალისწინებული. მე როცა კი მეძლევა საშუალება, ყოველთვის ხაზს ვუსვავ იმ სიმწვავეს და იმ მეტად უარყოფით გავლენას, რომელსაც ახდენს ასეთი მოვლენები ამ ჩვენს ორმხრივ დიალოგზე.

უაღრესად უარყოფითი ფონი იქმნება ასეთი დრამატული ინციდენტების შედეგად. ვწუხვარ, გამოკვეთილი იმედის მომცემი პასუხის გაცემა მიჭირს ამ ეტაპზე, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გაავათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა საერთაშორისო სარბიელზე. შსს და შესაბამისმა სტრუქტურებმა მაქსიმალურად უნდა გააძლიერონ ეს საქმიანობა და ძალისხმევა. თუ კი რაიმეს მივაღწევთ, ალბათ, სწორედ აი ამ გზით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.