სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ოჯახის წევრები ტრაგედიაში მოსკოვს ადანაშაულებენ.
ეს განცხადება პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც რუსულმა მხარემ ავიაკატასტროფის მიზეზების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა და ტრაგედიაში პოლონელი ეკიპაჟი დაადანაშაულა. "დღეს ჰიპოთეზა ლეხ კაჩინსკის მოკვლის მიზნით მოწყობილ შეთქმულებაზე ისეთი რეალურია, როგორიც არასდროს.
არსებობს ბევრი მინიშნება, რომლებიც ადასტურებენ, რომ რუსებს ლეხ კაჩინსკის მოკვლა სურდათ", - განაცხადა კაჩინსკის ქალიშვილის, მარტა კაჩინსკა-დუბენეცკაის მეუღლემ მარცინ დუბენეცკიმ.
მიზეზებს შორის მან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კაჩინსკის სავარაუდო გამარჯვება, ევროკავშირში პოლონეთის როლის გაზრდა და აგვისტოს ომში კაჩინსკის საქართველოსთვის მხარდაჭერა დაასახელა. 10 აპრილს სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ ლეხ კაჩინსკი, პირველი ლედი მარია კაჩინსკა და პოლონური პოლიტელიტის დიდი ნაწილი.