საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა 2009 წლიდან 18%-ით გაიზარდა

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა 2009 წლიდან 18%-ით გაიზარდა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების გასაღებს ქართული სახელმწიფო უკვე დიდი ხანია აშშ-სთან და ევროპასთან დაახლოებაში, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაში ხედავს. ამას არაერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევა ადასტურებს. 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ სულ უფრო გამძაფრდა ნეგატიური განწყობა რუსეთის ფედერაციის მიმართ. ისევე როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების კურსი ცალსახად დასავლეთისკენაა ორიენტირებული.

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტების მოგვარების მხრივ ჯერჯერობით თვალნათელი ძვრები არ ჩანს, აგვისტოს ომის შემდეგ განწყობები სხვაგვარად ვითარდება.

წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების ანალიზის შედეგად ჩანს ტენდენცია, რომ ქართული საზოგადოება სულ უფრო და უფრო მიისწრაფვის ნატოში ინტეგრაციისკენ. გაწევრიანების მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი მზარდია. 2009 წელს ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ ნატოში ინტეგრაციის მომხრეა მოსახლეობის 62%, ხოლო 2013 წლის IRI-ს კვლევის შედეგად, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა საჯარო, შეკითხვაზე - ხართ თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრე, დადებითად პასუხობს მოსახლეობის 80%.

აშკარაა, რომ რაც დრო გადის, საზოგადოება სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ერთადერთი გამოსავალია რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად.

კვლევებში ასევე აქტუალურად ისმება შეკითხვა თუ რომელი ქვეყანა მიაჩნიათ ყველაზე საფრთხის შემცველად საქართველოსთვის. გასაკვირი არავისთვისაა, რომ აქ პირველი და უალტერნატივო ადგილი რუსეთს უჭირავს, თუმცა 2008 წლის შემდეგ, ამ მოსაზრების მომხრეთა რაოდენობის კლება შეინიშნება.

თუკი 2009 წლის კვლევის შედეგებში მოსახლეობის 71,4% თვლიდა რუსეთს ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყანად საქართველოსთვის, 2013 წელს ეს მაჩვენებლი 57%-მდე შემცირდა.

განვლილი 5-წლიანი პერიოდი, საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისათვის, რომ საზოგადოებაში დამოკიდებულება შეცვლილიყო რუსეთის მიმართ, მაგრამ ეს ცვლილება არამც და არამც არ უკავშირდება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების სურვილის განელებას. პირიქით, ქართული საზოგადოება ამტკიცებს, რომ იგი მიისწრაფვის ნატოსკენ, რომელიც ურყევი არჩევანია მისთვის, თუმცა რუსეთთან ურთიერთობის დათბობასაც არ გამორიცხავს.

რთულია დაბეჯითებით ითქვას კვლევების შედეგების უკან რეალურად რა იყო რესპოდენტთა პასუხების განმაპირობებელი, თუმცა შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მეზობელთან ურთიერთობის აღდგენა მოსახლეობას სურს, თუმცა არა საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის ხარჯზე.

ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 18%-ით გაიზარდა იმავე საანგარიშო პერიოდში, რა პერიოდისთვისაც 14%-ით შემცირდა, რუსეთის, როგორც საფრთხის შემცველი ქვეყნის აღქმა ქართულ საზოგადოებაში.