18 ივნისს ბოსტონში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ელენა ბონერი, აკადემიკოს სახაროვის ქვრივი. წყალბადის ბომბის შემქნელი და შემდეგ განთქმული დისიდენტი ანდრეი სახაროვი საქართველოში 90-იანი წლებიდან მოიძულეს, როცა მან საქართველოს “მცირე იმპერია” უწოდა. ელენა ბონერის გავლენა სახაროვზე უზარმაზარი იყო. აწ გარდაცვლილი ჩემი ერთი უფროსი მეგობრის აზრით, რომელიც პირადად იცნობდა ელენა ბონერს, სახაროვმა მხოლოდ გაახმიანა ის უარყოფითი განწყობა, რომელიც მის მეუღლეს საქართველოს მიმართ ჰქონდა.
იყო სხვა ეპიზოდიც: 1991 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოში სიტუაცია დაიძაბა, რუსეთის უმაღლესი საბჭოს ერთბაშად სამმა კომიტეტმა ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო შეშფოთება იყო გამოთქმული. საკუთარი დამოკიდებულება პერსონალურად გამოხატა ელენა ბონერმაც, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას მიმართა და ფაშისტური რეჟიმის ჩამოყალიბების საფრთხის შესახებ გააფრთხილა. სახაროვმა შიგნიდან – პარლამენტიდან, ხოლო მისმა მეუღლემ გარედან ერთობლივი შეტევა განახორციელეს გუშინდელ თავის თანამოაზრეზე – ზვიად გამსახურდიაზე.
დღეს თბილისშიც კი ბევრს აღარ ახსოვს, რომ ელენა ბონერის ნამდვილი სახელია ლუსიკ ალიხანიანი, თუმცა არც ეს არის სრული სიმართლე. თბილისელმა სომეხმა გევორქ სარქისის ძე ალიხანიანმა გოგონა იშვილა, ხოლო მისი ნამდვილი მამა, ლევონ სარქისის ძე ქოჩარიანი, ყარაბაღელი დაშნაკი იყო.
ზოგიერთი წყაროს მითითებით, რობერტ ქოჩარიანი, ყარაბაღის ლიდერი და შემდგომ სომხეთის პრეზიდენტი, სწორედ ბონერის მამის ნათესავია. სახაროვი და ბონერი არც აზერბაიჯანში უყვართ, რადგან ყარაბაღის კონფლიქტის დასაწყისშივე სახაროვის “რეგიონთაშორისმა სადეპუტატო ჯგუფმა” სსრკ უმაღლეს საბჭოში აშკარად პროსომხური პოზიცია დაიკავა.
“თბილისელი სომხის” ხსენებაზე ბოკერიას ცოლი რომ არ მომედავოს, აქვე დავაზუსტებ, რომ ეს გამოთქმა თავად ელენა ბონერის მოგონებიდან არის აღებული, ისევე, როგორც მისი ვერსია, რომ დედის, რუთ ბონერის გვარი ძველი და ცნობილი ებრაული გვარია, რომელიც ბაიკალისპირეთში მკვიდრობდა (?!). ლუსიკა 1923 წელს თურქმენეთის ავტონომიის ქალაქ მარიში დაიბადა. მალე პარტიული მუშაკი რუთ ბონერი პატარა გოგონასთან ერთად თბილისში გადმოსახლდა და კომინტერნის (კომუნისტური ინტერნაციონალის) ერთ-ერთ ხელმძღვანელს _ გევორქ ალიხანიანს მისთხოვდა.
1938 წელს ალიხანიანი დააპატიმრეს და დახვრიტეს, ხოლო მისი მეუღლე გადაასახლეს. ამის შემდეგ ლუსიკა ლენინგრადში გადადის საცხოვრებლად და იქვე 1940 წელს ამთავრებს სკოლას. მშობლების მიმართ განხორციელებული რეპრესიების მიუხედავად, ლუსია ბონერი (ამ დროისთვის ის უკვე დედის გვარზე გადავიდა) კომკავშირული აქტივისტია, ხოლო ომის დროს, მისივე მოგონებებით, პოლიტხელის თანაშემწედ მუშაობდა. ვინც არ იცის, რას წარმოადგენდა პოლიტხელი საბჭოთა არმიაში, განვმარტავ: ეს იყო სამხედრო პირი, რომელიც პოლიტიკურ მეცადინეობებს უტარებდა ჯარისკაცებს, რათა საბჭოთა ხელმძღვანელობის გენერალური ხაზის მართებულობაში დაერწმუნებინა ისინი.
როგორც ჩანს, ლუსია ბონერმა ამ ამოცანას თავი გაართვა, რადგან 1943 წელს იგი იმავე სანიტარული მატარებლის უფროსი მედდა გახდა, რომელშიც მანამდე პოლიტმეცადინეობების ჩატარებაში ეხმარებოდა პოლიტხელს. მას ეს გამოცდილება გამოადგა და ლენინგრადის I სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა (1947-53 წ.წ.). ქალიშვილი – ტატიანა 1950 წელს შეეძინა, ხოლო ვაჟი – ალექსეი 1955 წელს. მათ მამად ელენას (იმ დროისთვის ლუსიამ სწორედ ეს სახელი აიღო და არა ლუდმილა, რომლის კნინობით ფორმასაც წარმოადგენს ლუსია) ინსტიტუტის თანაჯგუფელი ივან სემიონოვი ითვლებოდა, თუმცა არის სხვა ინფორმაციაც, რომ ქალიშვილი მას სახალინზე მცხოვრები ვინმე მოისეი კისელმანისგან შეეძინა. ასე იყო თუ ისე, სემიონოვს ელენა 1964 წელს დასცილდა.
იმავე წელს იგი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატი გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ – პარტიის წევრი. კომპარტია მან 1972 წელს დატოვა, როდესაც აკადემიკოს სახაროვს გაჰყვა ცოლად.
სახაროვის კოლეგებს ელენა ბონერი არ უყვარდათ, ზოგიერთი მას “სახაროვის ბოროტ გენიასაც” კი უწოდებდა. სახაროვის 80 წლის იუბილეზე მათ ბონერი არ მიიპატიჟეს. გორკში გადასახლებისას სახაროვმა მეორე შიმშილობა გამოაცხადა იმის მოთხოვნით, რომ ელენა ბონერის ვაჟის საცოლე გაეშვათ ამერიკაში. ამ დროისთვის ბონერის ორივე შვილი უკვე შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.
მისი ვაჟი, დიმიტრი სახაროვი იგონებს: “გასაგები იქნებოდა, რომ მას შიმშილობა ბირთვული იარაღის აკრძალვის ან დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით დაეწყო. ის კი მხოლოდ იმას მოითხოვდა, რომ ლიზა ამერიკაში გაეშვათ ალექსეი სემიონოვთან. მას რომ ლიზა ყვარებოდა, არ დატოვებდა და არ გაიქცეოდა. მამას გული სერიოზულად აწუხებდა და, შესაძლოა, მის ორგანიზმს ფიზიკური და ნერვული დატვირთვისთვის ვერ გაეძლო. როცა ამაზე ველაპარაკე, მიპასუხა, რომ ასე იყო საჭირო. ვისთვის იყო საჭირო? რა თქმა უნდა, ელენა ბონერისთვის. იგი მოითხოვდა, რომ მამა ასე მოქცეულიყო. მას უგონოდ უყვარდა ელენა და მის გამო სიკვდილზეც იყო წამსვლელი. ბონერს მშვენივრად ესმოდა, რამდენად ძლიერი იყო მისი გავლენა მამაზე და სარგებლობდა ამით”.
პირველი ცოლის – კლავდია ვიახირევას გარდაცვალების შემდგომ სახაროვი თავის ორ ქალიშვილსა და ნაბოლარა ვაჟთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ელენა ბონერის გაცნობის შემდეგ შვილების მოყვარული მამა სრულიად შეიცვალა. მან ბავშვები დატოვა და ახალ ცოლთან გადავიდა საცხოვრებლად. მისი ვაჟი, მწარედ იგონებს: “მაშინ ის-ის იყო, 15 წელი შემისრულდა. უფროსი და გათხოვდა, მე კი დედის მაგივრობას ჩემი 23 წლის და – ლუბა მიწევდა. იმ სახლში, სადაც მამა ბონერთან ერთად ცხოვრობდა, არ მეპატიჟებოდნენ. ძალიან რომ მომენატრებოდა, თვითონ მივდიოდი, მაგრამ ელენა არასოდეს მტოვებდა მამასთან მარტო. მე კი მისი მკაცრი კონტროლის ქვეშ ვერ ვახერხებდი მამასთან ჩემს ბიჭურ პრობლემებზე საუბარს. მართალია, მე და ჩემს დას საფოსტო გზავნილით თვეში 150 მანეთს გვიგზავნიდა, მაგრამ, როგორც კი 18 წელი შემისრულდა, ეს დახმარება შეწყდა”.
სულ სხვა იყო ბონერის შვილების მდგომარეობა. ისინი სახაროვის სიცოცხლეშიც და მისი სიკვდილის შემდეგაც სარგებლობდნენ მამინაცვლის სახელითა და არცთუ მცირე შემოსავლებით. ერთხელ ჟურნალისტს მისმა ღვიძლმა შვილმა კითხვა შეუბრუნა: “აკადემიკოს სახაროვის ვაჟი გნებავთ? იგი ამერიკაში, ბოსტონში ცხოვრობს და მისი სახელია ალექსეი სემიონოვი”.
სახაროვის გარდაცვალების შემდეგ ელენა ბონერმა მისი სახელობის ფონდი დააარსა, რომელსაც ის და მისი შვილები განაგებენ. სახაროვის ღვიძლი შვილი – ტატიანა ამერიკელზე გათხოვილ თავის ქალიშვილთან გადავიდა საცხოვრებლად. ახლა ისიც ბოსტონში ცხოვრობს და ხშირად ისმენს, რომ ტატიანა სახაროვა ამა თუ იმ ღონისძიებას მართავს. ერთხელ პირადადაც შეხვდა და უთხრა, რომ უხერხულია, სხვისი სახელით სარგებლობა, რაზეც სეხნიამ მიუგო: “შენ თვითონ შეიცვალე გვარი და უხერხულობაც აღარ გექნებაო!”
ელენა ბონერის ვერცხლისმოყვარეობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ ყველაზე ფენომენალური მაინც ის არის, რომ ამ ქალმა თვით ბორის ბერეზოვსკის “გადაგდება” მოახერხა! როდესაც სახაროვის მუზეუმს უსახსრობის გამო გაუჭირდა და თანამშრომლების ხელფასებსაც კი ვერ იხდიდა, ბორის ბერეზოვსკიმ გულმოწყალება გამოიჩინა და 3 მილიონი დოლარი გამოუყო. ბონერმა ეს თანხა შეერთებულ შტატებში გადარიცხა, თუმცა სახაროვის ფონდი რუსეთშიც არის რეგისტრირებული. მუზეუმს ეს თანხა არ მოხმარებია.
მართალია, ზურაბ ჟვანიას ქვისლი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი მიიჩნევს, რომ ელენა ბონერი “ყველა ჩვენგანის თავისუფლებისთვის იბრძოდა” და იგი ხშირად გამხდარა უსაფუძვლო ჭორების ობიექტი, მაგრამ პირადად ჩემთვის ბონერის გვარი ბავშვობაში გახდა ცნობილი. სახლში ლევ შეინინის “გამომძიებლის ჩანაწერებს” გადავაწყდი და ინტერესით წავიკითხე კიდეც. ერთ-ერთ მოთხრობაში აღწერილია ქმრის მიერ მოკლული ფეხმძიმე მეუღლის ისტორია. მკვლელი მხოლოდ მას შემდეგ გამოტყდა, როცა მისი საყვარლისთვის, ლუსია ბონერისთვის მიწერილი მისივე ბარათი აჩვენეს.
ელენა ბონერმა შეინინიც და იაკოვლევიც, რომელმაც მისი სასიყვარულო ისტორიები აღწერა, სტალინისტ-ბრეჟნევისტებად მონათლა, მაგრამ საინტერესო სულ სხვა რამ არის: შეინინის წიგნის არც ერთ შემდგომ გამოცემაში ლუსია ბონერი ნახსენები აღარ არის!
თავად შეინინი 1951 წელს დააპატიმრეს. იგი აბაკუმოვთან ერთად იჯდა კამერაში. მეგობრის დასმენის საფუძველზე შეინინს ბრალი ებრაელ ბურჟუაზიულ-ნაციონალისტებთან ერთად შეთქმულებაში წაუყენეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ შეინინი გაათავისუფლეს, ხოლო ელენა ბონერის მშობლებმა რეაბილიტაცია მიიღეს. აბაკუმოვს, რომელიც 1946-დან 1951 წლამდე საბჭოთა უშიშროების მინისტრი იყო, ბედმა არ გაუღიმა. იგი განაჩენის გამოტანის დღესვე, 1954 წლის 19 დეკემბერს, დახვრიტეს. საბრალდებო დასკვნაში იგი “ბერიას ბანდის წევრად” არის მოხსენიებული.
მინდა მჯეროდეს, რომ უფლებადამცველი, რომლის გვარი, 30 წელია, მესმის, სწორედ 26 მაისის მიტინგის დარბევის გამო გახდა ცუდად. მინდა, მჯეროდეს, მაგრამ არ მჯერა. საზოგადოდ, არ მჯერა იმ უფლებადამცველების, რომლებიც დარღვევებს მხოლოდ მაშინ ხედავენ, როცა ეს ხელს აძლევთ; არც იმ ლიბერალებისა და ჟურნალის რედაქტორების მჯერა, რომლებიც თეატრში არ დადიან, მაგრამ რობერტ სტურუას პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარებათ; არც იმათი, ვისაც ჰგონია, რომ სიტყვები – ქსენოფობია და სექსიზმი მხოლოდ მათ იციან; არც იმათი, ვისაც უცენზურო ლექსიკის გარეშე აზრის გამოხატვა არ შეუძლია; მით უფრო არ მჯერა მათი, ვინც ლიბერალური დემოკრატიის მოკლე კურსი გაიარა და პაწაწა თავი დაზეპირებული ფორმულებით აქვს სავსე.
განმარტებისთვის: რასიზმი, მაგალითად, დიდი ხანია, აღარ ნიშნავს დისკრიმინაციას ოდენ კანის ფერის მიხედვით. იგი ნებისმიერი დისკრიმინაციის აღმნიშვნელი გახდა, მათ შორის, ასაკობრივი, პროფესიული, მსოფლმხედველობრივი თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით. ადამიანების გარჩევა მარტო ეთნიკური ნიშნით კი არ არის სამარცხვინო, არამედ იმ ნიშნითაც, რომ შენზე უფროსია, შენზე მეტი იცის, შენგან განსხვავებით კაცობრიობის წინაშე აქვს დამსახურება. თუმცა... რენი ჰარლინის ფანებს არ შეიძლება რობერტ სტურუა მოსწონდეთ. არც მე მომწონს ჩერგოლეიშვილის ფანები. მეც ქართველი პრეზიდენტი მინდა!