ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფრონტი, ქვეყნის გარეთ აქვს მოსაგები

ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფრონტი, ქვეყნის გარეთ აქვს მოსაგები

პოლიტიკური სპექტრი ისევ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის და  მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილების მოლოდინში. 9 დეკემბერს სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ არ შედგა, რადგან მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სასჯელის გადავადების საქმის განხილვას ვერ ესწრებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მედიკოსებმა ყოფილი პრეზიდენტის სასამართლომდე ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. სხდომის გადადების კიდევ ერთი მიზეზი საქმის მასალებია, რომელსაც დამატებითი მტკიცებულებები დაერთო. შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, საქმეში ასევე დევს სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული დასკვნაც. ამიტომ, მოსამართლემ საქმის გაცნობის მოტივით, 5 დღე მოითხოვა.

პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თავმჯდომარეობის კანდიდატები  და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პროცესები არ გაჭიანურდეს და სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა სწრაფად მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროტესტს აანონსებენ, თუმცა რა ფორმით, ჯერ კიდევ უცნობია.

სააკაშვილის სასამართლო პროცესების შეფასებისგან თავს იკავებს მმართველი პარტია. სახელისუფლებო გუნდში თქვეს, რომ საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს და ახლა ყველა მოსამართლის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება გადაედო სასამართლო პროცესი, გასაკვირი არ არის, რადგან იმ მოცულობის მასალებს, რაც საქმეშია, გაცნობა სჭირდება. ამიტომ მოლოდინი ნამდვილად არსებობდა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. გარდა ამისა, ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ მოსამართლესაც სჭირდება რეალური სურათის დანახვა და არ არის გამორიცხული, პროცესი კიდევ გაგრძელდეს, ამაში კი პოლიტიკური ქვეტექსტის დანახვა დაუშვებელია.

„ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ არ მგონია მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად ხელისუფლებისთვის ნამდვილად დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს. ამის ნათელი მაგალითი ის არის, რომ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც ციხეში მოხვდა, არ იქცეოდა ისე, როგორც ეს ლიდერს შეეფერებოდა. ეს ყველამ კარგად დაინახა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა. სააკაშვილი ამ ადამიანების თვალში ძალიან გაუფერულდა და მისი, როგორც ლიდერის იმიჯი, ამ ერთ წელში სრულიად დაინგრა. შეიძლება უკვე ენმ-ის ამომრჩეველს სააკაშვილი ლიდერადაც აღარ მიაჩნიათ. აქედან გამომდინარე, „ოცნებასაც“ შესაძლოა, ნაკლები შიში ჰქონდეს იმის, რომ, თუ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვეს, საქართველოში ისევ ისეთი ძლევამოსილი დაბრუნდება. შესაძლოა პირიქითაც მიაჩნიათ, რომ თუ გაუშვეს, ფორმაში მართლა ჩადგება და ხელისუფლების დამხობაზეც კი წავიდეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ეს ორი ვარიანტი არსებობს და ამის გარშემო განხილვა მიდის. ამიტომ ახლა უპირატესობა რომელ ვერსიას შეიძლება მიენიჭოს, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ახლა ყველა თავის გადაზღვევას ცდილობს. 2023 წელი ძალიან კრიტიკული იქნება, რადგან ამ წელს გაირკვევა გვაძლევენ თუ არა ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსს. ამან ხელისუფლების პოზიციებზე შეიძლება იმოქმედოს. მეორე მხრივ, სააკაშვილის ჯამრთელობის საკითხი, გამორიცხული არ არის, ხელისუფლების თავის ტკივილად იქცეს. ამიტომ ხელისუფლება, სავარაუდოდ, ამ რისკებს აფასებს და არ არის გასაკვირი, რომ ის ფრთხილობს.

„შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მისი მდგომარეობა მთლად კარგი არ არის. ალბათ, ლეტარულ მდგომარეობაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ თუ ის იმ პირობებში დარჩა, რაშიც იმყოფება, ეს შედეგი მოახლოვდეს. ამან კი ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ხელისუფლების პოზიციაზე მოახდინოს. ევროკავშირში და დასავლეთში ამის გამო, ცხადია, ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება უარყოფითი იქნება. ამ რისკებს, ალბათ, ხელისუფლებაში კარგად აფასებენ. ამიტომ ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხელისუფლებაში რომელი პოზიცია გადაწონის. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ხელისუფლებაში რასაც არ უნდა ფიქრობდნენ, მაინც მგონია, რომ მოსამართლეზე ეს ზეგავლენას ვერ მოახდენს. შესაძლოა ვიღაცას ჰგონია, რომ ხელისუფლებას სასამართლოზე კონტროლი აქვს, ტელეფონს აიღებს და მოსამართლეს მითითებას მისცემს, მაგრამ მე ასე არ მგონია. მოსამართლეც ადამიანია, რომელიც ბევრ რამეს მხედველობაში იღებს, ალბათ, იმასაც, განაჩენის გმოცხადების შემდეგ მისდამი დამოკიდებულება როგორი იქნება“, - ამბობს ანჯაფარიძე.

იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადეს, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, პროცესები შესაძლოა მძიმედ განვითარდეს და ამიტომ, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ მიმართულებით, ორი ფრონტია გახსნილი. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ყველაზე დიდი ბრძოლა ქვეყნის გარეთ აქვს და ექნება, რადგან სააკაშვილის ფაქტორმა, მართალია, ქვეყნის შიგნით მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ ქვეყნის გარეთ ეს საკითხი მაინც სრულიად სხვაგვარად ჩანს.

„სასამართლოზე რა რაოდენობის ხალხიც იყო მოსული, იმის ნათელი მაგალიათია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ლიდერმა და პოლიტიკურმა ფიგურამ მნიშვნელობა დაკარგა. ამიტომ მის ყველაზე მნიშვნელოვან სასამართლო სხოდმაზეც კი მისივე ელექტორატი არ მიიჩნევს, რომ მისვლა საჭიროა. ის როგორც პოლიტიკოსი განულდა, ახლა მხოლოდ როგორც ადამიანის ფაქტორია მნიშვნელოვანი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ახლა ყველაზე მთავარი ფიგურა მოსამართლეა, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მასზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა ადვილი იქნება. ისიც ადამიანია და პროფესიონალი, რომელიც, ფაქტია, საკუთარი ავტორიტეტის გადარჩენას ცდილობს. ამიტომ ის დაეყრდნობა ყველა იმ მტკიცებულებებს და მოწმეებს, რომელიც საქმის გარშემო იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ხელისუფლების წინააღმდეგ ზეწოლას, ქვეყნის შიგნით არ ვფიქრობ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი რყევა ან პოლიტიკური აქტიურობა იქნება.

ხელისუფლებას ბრძოლა ორ ფრონტზე უწევს, მეორე ფრონტი კი ქვეყნის გარეთ არის გახსნილი. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გარე ფრონტის მოგება მიმაჩნია. ქვეყნის შიგნით ყველამ კარგად იცის და ხედავენ სააკაშვილი და მისი პარტია რასაც წარმოადგენს, მაგრამ ქვეყნის გარეთ ამის მტკიცება უფრო რთულია. ამიტომ ვნახოთ, ბრძოლის მთავარი ხაზი სად გაივლის და გავა. პოლიტიკურად სააკაშვილი საშიში არ არის, მაგრამ თუკი მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქრება, ამ შემთხვევაში საფრთხე იზრდება. ალბათ, ამ ყველაფერს ხელისუფლება კარგად აანალიზებს და არ მგონია, რომ თუ ეს საფრთხე ასე ახლოს არის,  ვინმე ასე გულხელდაკრეფილი დახვდეს“, - ამბობს საყვარელიძე.

leviko რა წაიღეთ ტვინი ამ მიშათი ვერ ხედავთ ხალხს არ აინტერესებს
1 წლის უკან