ევროკავშირი და საქართველოს მერყეობა რუსეთის მიერ ოკუპაციის ფონზე

ევროკავშირი და საქართველოს მერყეობა რუსეთის მიერ ოკუპაციის ფონზე

ბათუმი - ევროკავშირსა და საქართველოს სურთ გამოიყენონ თავისუფალი ვაჭრობის პრივილეგიები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე, მათი გულის მოგების მიზნით.

პარასკევს (11 ივლისს) საქართველოში, ბათუმში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას ევროკავშირის დიპლომატმა გუნარ ვეიგანდმა განაცხადა, რომ საქართველოსთან დადებული სამომავლო პოლიტიკური ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უნდა შეეხოს.

მან აღნიშნა: „შეთანხმება ასოცირების შესახებ შეიძლება ნაწილობრივ გამოვიყენოთ მისი გამოყოფილი რეგიონების მიმართ, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის ნაწილში... (მაგრამ) ეს დამოკიდებულია თბილისსა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის შეთანხმებაზე“.

იდეას მხარი დაუჭირა საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.

მან განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბისადმი „გვაძლევს თავდაჯერებულობას იმისთვის, რომ გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები ამ რეგიონების იზოლაციის დასრულების თვალსაზრისით“.

თავის მხრივ, ვაშინგტონში მომქმედი ანალიტიკური ცენტრის ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსმა საბინ ფრიზერმა განაცხადა, რომ ევროკავშირს შეეძლო საქართველოსთვის გაეკეთებინა იგივე, რაც მან კოსოვოსა და სერბეთისთვის გააკეთა.

ევროკავშირის შუამავლობით ჩატარებული მოლაპარაკებების შემდეგ ბალკანელმა დაპირსპირებულმა მხარეებმა მოახერხეს ურთიერთობების გამოსწორება.

სტატუსზე კამათის ნაცვლად, მათ ყურადღება გაამახვილეს ისეთ ყოველდღიურ საკითხებზე, როგორიცაა სატელეფონო ხაზებთან ან საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობა, ასევე გახსნეს კავშირების განყოფილებები ერთმანეთის დედაქალაქებში.

თუმცა საქართველოს შემთხვევაში განსხვავება ისაა, რომ აქ ჩართულია რუსეთიც .

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს 1990-იანი წლების დასწყისში გამოეყო. ეს მდგომარეობა რუსეთმა 2008 წელს საქართველოსთან ომის შემდეგ რეგიონში უფრო მეტი სამხედროს შემოყვანით და ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებით უფრო გაამყარა.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ბოლო წლის განმავლობაში გაუმჯობესდა, მაგრამ რუსეთი არ აპირებს დათმოს ეს ტერიტორია, რომელიც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გეგმებისთვის სტრატეგიულ ბლოკს წარმოადგენს.

რუსეთი საქართველოში მყოფ ევროკავშირის სამშვიდობო მონიტორებს სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის ნებასაც არ რთავს, ის თხრის სანგრებს და გაჰყავს მავთულხლართები, რომ ადამიანების მიმოსვლას ხელი შეუშალოს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბათუმის კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ბოლო პერიოდში ადგილობრივ პოლიტიკოსებზე კონტროლი „გაამკაცრეს“.

ალასანიას თქმით, რუსეთის ძალებს ამჟამად „თავდაცვითი პოზიცია“ უჭირავთ. მან ასევე დასძინა: „მათ გააჩნიათ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყოველივე სწრაფად შეცვალონ“.
მომეცით მოტივაცია

თუ დავუბრუნდებით კოსოვო-სერბეთის მოდელს, ევროკავშირის დიპლომატები აცხადებენ, რომ ბალკანური მოლაპარაკებები ეფექტური გამოდგა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირი მათ ორგანიზაციაში სამომავლოდ გაწევრიანებას დაპირდა იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად წარიმართებოდა.

საქართველოსა და მისი სეპარატისტული რეგიონებისთვის მსგავსი სტიმული არ არსებობს. გადაწყვეტილი არ არის არც ასოცირების და სავაჭრო შეთანხმების საკითხი.

ბრიუსელი და თბილისი მის ინიცირებას ოქტომბერსა და ნოემბერში იმედოვნებენ, მაგრამ ყოველივე შესაძლოა საქართველოში პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შეაფერხოს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასულ წელს მილიარდელ ბიძინა ივანიშვილთან დამარცხდა. უკრაინის მსგავსად, ივანიშვილის მომხრე პროკურატურის თანამშრომლებმა სასამართლო პასუხისგებაში მისცეს სააკაშვილის მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანი. ერთ-ერთი მათგანია ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. იგი მართავდა ციხის სისტემას, სადაც პატიმრებს აწამებდნენ და იყო გარდაცვალების შემთხვევები.

მაგრამ სააკაშვილს მნიშვნელოვან პოზიციებზე მყოფი მეგობრები ჰყავს. მისი პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გახლავთ ევროკავშირის ცენტრულ-მემარჯვენე პოლიტიკური ნომენკლატურის EPP ჯგუფის წევრი, რომელმაც ივანიშვილი „შერჩევითი სამართლის“ გამო გაკიცხა, რამაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ეჭვქვეშ დააყენა.

ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ბათუმში შემდეგი სახის მესიჯები დატოვა:

მან თავის სიტყვაში განაცხადა, რომ „საჭიროა მითის დანგრევა“ იმის შესახებ, რომ საქართველომ პრო-ევროპულ კურსს გადაუხვია, მაგრამ ამავდროულად დასძინა: „ეს პროცესი (ყოფილი მინისტრების სასამართლო) მნიშვნელოვანია ევროპისთვის. ევროპული სტანდარტების და ღირებულებების დაცვა მეტად მნიშვნელოვანია, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ერთად... დაუშვებელია (სამართლის) გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ შურისძიებაზე.

http://euobserver.com/foreign/120863