„უკრაინამ ომის დაწყების გარკვეულ ფაზაზე მიიღო კანონი - ომში მონაწილე სხვა ქვეყნის მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეობას ავტომატურად იღებენ“

„უკრაინამ ომის დაწყების გარკვეულ ფაზაზე მიიღო კანონი - ომში მონაწილე სხვა ქვეყნის მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეობას ავტომატურად იღებენ“

გავრცელებული ინფორმაციით, მათ, ვისაც საომარ მოქმედებებში ჩართვა სურთ, კოორდინაციას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი უწევს. მედიაში გავრცელდა მიმოწერა, სადაც საუბარია ანაზღაურებაზეც - უკრაინაში წასვლის შემთხვევაში, მეომარს მამუკა მამულაშვილი ყოველთვიურად 2000 დოლარამდე სთავაზობს. მამულაშვილი ამ ინფორმაციას არ უარყოფს და ამბობს, რომ სამხედროებთან ხელშეკრულებები გამოცდილების და საბრძოლო უნარების შესაბამისად იდება. ამაში კი ის უცნაურს ვერაფერს ხედავს.

მებრძოლებისთვის თანხის გადახდა „ქართული ოცნებისთვის“ იმის დადასტურებაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს საქართველოდან უკრაინაში მეომრები ანაზღაურების სანაცვლოდ მიჰყავთ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტები ამ ფორმით ქვეყნის ომში ჩართვას ცდილობდნენ. თავად ოპოზიცია  ხელისუფლების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას მებრძოლების დაკნინების მცდელობად აღიქვამს.

კიდევ ერთი თემა, რასაც პოლიტიკური ბრალდებები მოჰყვა - უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩართვის გამო მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამაუკა მდინარაძის ერთ-ერთ ეთერში გაკეთებული განცხადება ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა. თავად მდინარაძემ ოპონენტებს კანონმდებლობა შეახსენა, რომელიც თავად ნაციონალების ხელისუფლების დროს არის მიღებული.

კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას დაკარგავს იმ შემთხვევაში, თუკი ის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნის სამხედრო, პოლიციის ან უშიშროების სამსახურებში შევა, თუმცა ეს კანონი არ ეხებათ მოხალისეებს. უკრაინამ ომის დაწყებისთანავე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხო ქვეყნის მოქალაქის მსახურება, ავტომატურად უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას გულისხმობს.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც რეალობას არ შეესაბამება და რაც არავინ არ იცოდა. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რეალურად არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის ომში მებრძოლების წაყვანის მობილიზებაში ჩართული, თუმცა არის მეომრების ნაწილი, რომლებიც 2014 წლიდან უკრაინაში იმყოფება და ყოფილი ხელისუფლების მხარდაჭერას არ მალავს. ბევრი მათგანი სააკაშვილის ხელისუფლების დროს სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, ხოლო „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ ქვეყანა პოლიტიკური მოტივით დატოვეს.

„შესაძლოა ეს ადამიანები პარტიის წევრები არ არიან, მაგრამ მათ არასდროს დაუმალავთ, რომ სააკაშვილის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების თანამშრომლები იყვნენ. შემდეგ სამსახურიდან და ქვეყნიდან წაავიდნენ. ნამდვილად არ მინდა სახელები და გვარები დავასახელო, თუმცა მარიუპოლის შემთხვევას თუ გავიხსენებთ, ბევრი მიხვდება ვისზე არის საუბარი. ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებული და მას მერეც, რაც ეს პარტია ხელისუფლებაში აღარ არის. არ ვამბობ, რომ პარტიის წევრები არიან, მაგრამ მათთან აფილირებულები ნამდვილად არიან.

რასაკვირველია, სხვადასხვა კატეგორიის და პოლიტიკური შეხედულების მქონე მებრძოლები არიან უკრაინაში. ეს ახალი და უცხო არავისთვის არის. თუ გავიხსენებთ აფხაზეთის ომს, ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ორიენტაციის ძალები იდგნენ, იგივე ზვიად გამსახურდიას მომხრეები და ვთქვათ, შევარდნაძის ხელისუფლების მხარდამჭერები, ამაში განსაკუთრებული არაფერია და თავად უკრაინის რეალობიდან გამომდინარეც ასე ხდება. 2014 წელს, როცა ომი დაიწყო, იყო ნაწილი, რომელიც ულტრამემარჯვენეებს ემხრობოდა და იყო ნაწილი, რომელიც უფრო ზომიერ პოზიციას იკავებდა. პოლიტიკური გემოვნების თემა ომში ყოველთვის ფიგურირებს. რაც შეეხება პრემიერის ნათქვამს, აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. რაც რეალობა იყო, ის თქვა. სხვა საკითხია და შეიძლება ვიდავოთ იმაზე, ამ დონის თანამდებობის პირმა ამაზე უნდა იმსჯელოს თუ არა, მაგრამ ტყუილი ღარიბაშვილს არ უთქვამს“, - ამბობს მამუკა არშეიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ამ ომში მოხალისეებად მიდიან და საქართველოს კანონდმებლობა ამ შემთხვევაში მათ არ უნდა შეეხოთ, უკრაინას აქვს თავად კანონი, რომლის მიხედვითაც ქართველებიც და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც უკრაინის მოქალაქეობას ავტომატურად იღებენ.

„უკრაინამ ეს კანონი ომის დაწყების გარკვეულ ფაზაზე მიიღო. ეს, პირველ რიგში, მიიღეს იმიტომ, რომ ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებს შეხებოდათ. ეს გაკეთდა იმიტომ, რომ რუსეთს არ ევაჭრა იმით, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიანო. ახლა კი, ამ შემთხვევაში, ამით სპეკულირების საშუალება აღარ ეძლევათ. ბოლოს გვახსოვს ინგლისელი ტყვე, რომელსაც რუსებმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ მერე გაათავისუფლეს, უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული. რაც შეეხება კანონს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიიღეს, ამ ხელისუფლების პირობებში არ მახსოვს ვინმეს წინააღმდეგ გამოყენებული ყოფილიყოს.

აქ არ მიდიან გულუბრყვილო ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან და ვინმე მოატყუებთ, რომ თუ უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ, თავიანთი ქვეყნის მოქალაქეობას დაკარგავენ. ამას მთელი პროცედურა სჭირდება. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან უკრაინელები რომ იბრძოდნენ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლას მათ არავინ სთხოვდა. სამწუხარო ის არის, ამ ადამიანების ბედით, მით უმეტეს გარდაცვლილებით, გაუთავებელი ვაჭრობა მიდის. პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ამ ომში 33 ადამიანი გვყავს დაღუპული. ამიტომ მათ უნდა მივაგოთ პატივი და ჩაითვალოს, რომ ისინი საქართველოს მომავლისთვის დაიღუპნენ. ნაციონალებს ახასიათებთ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ნებისმიერი თემით ცდილობენ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამ შემთხვევაში ხელისუფლების დისკრედიტაცია კი არა, ქვეყნის დისკრედიტაცია ხდებ და მერე გარდაცვლილი ბიჭების“, - აცხადებს არეშიძე.

გენშტაბის ყოფილი უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცხედრებით და სამხედროებით მანიპულირებას და პროვოკაციებს არ ეშვება.

„გვახსოვს, თავდაპირველად, როცა უკრაინაში მოხალისეებზე იყო საუბარი, სახელმწიფოს როგორ თხოვდნენ უშაულოდ ჩარეულიყო ამ საქმეში, თვითმფრინავი გამოეყო და მოხალისეები ასე გაეშვა. ეს კი პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ომის მხარედ დაფიქსირდებოდა. ომის პარტიამ და მოღალატეებმა ეს ნარატივი გააგრძელეს და ახლა გარდაცვლილი ადამიანების და ჯარისკაცების ბედით ვაჭრობას განაგრძობენ. ამის შემდეგ კი ვნახეთ, რომ სასწრაფოდ უკრაინაში რადიკალური სექტანტების წარმომადგენლები დააორგანიზეს და მუქარის ხმებიც გაისმა - ჩამოვალთ ასე ვიზამთ და ისეო. შესაბამის უწყებებს მინდა მივამართო, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად მიუდგნენ და კანონის შესაბამისად იმოქმედონ, ყველამ აგოს პასუხი იმაზე, ვისაც საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა უნდათ. ერთადერთი ქვეყნაა საქართველო, სადაც მისი ოპოზიციური პარტია ცდილობს ქვეყანა ომში ჩაითრიოს, მეორე ფრონტი გაიხსნას და რასაც უკრაინაში, ნგრევას, ხოცვას და უბედურებას ვხედავთ, საქართველოშიც ხდებოდეს. აქაური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და უკრაინაში მყოფი პარტიის წარმომდგენლები ორკესტრირებულად მოქმედებენ“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, კეთილი ინებონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ქართველ ბიჭებს ომში წასვლისკენ მოუწოდებენ, თავიაანთი შვილები, მეუღლეები, მამები, ძმები გაგზავნონ ამ ომში. ნიკოლეიშვილი მოუწოდებს მათ, მუხათგვერდის ან საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე წავიდნენ და ნახონ რამდენი ომი გვაქვს უკვე გადავლილი და რა ასაკის ბიჭები გყავს დაღუპული.

„3 უმძიმესი ომი გამოვიარეთ, რომელმაც ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა. ახალგაზრდა ბიჭები დაგვეღუპა, დედები ძაძებით შეგვემოსა და არ კმარა? დღეს ვინ ითხოვს ქართველი ბიჭების ომში წასვლას, როცა 2008 წელს ომი დამთავრებულიც კი არ იყო და საზღვარზე გარბოდნენ. ეს ის ადამიანები ხომ არ არიან, რომლებიც სიამაყით იძახდნენ ტანკი თბილისისკენ არ მოდის და ორჭოხანში გადაუხვიაო. ეს არის ომის პარტია, რომლებსაც ქართველი ბიჭების ხოცვა უნდა“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.