ტურიზმი საქართველოს მთვარობისთვის ისევ პრიორიტეტული მიმართულება ხდება. ამისათვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხებიც გამოიყოფა და ახალი მასშტაბური პროექტებიც ამოქმედდება. პარალელურად ვიზიტორთა ნაკადი ქვეყანაში სულ უფრო იმატებს და თანდათან პანდემიამდელი ნიშნულისკენ მიიწევს.
2022 წლის 11 თვეში საქართველოში 4 862 247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 2021 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდთან შედარებით, ზრდა 185.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს.
2022 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში 3 348 333 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 133.7%-ით მეტია გასული წლის 11 თვესთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 70.2% აღდგენილია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მისი ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტების აღდგენა სწრაფი ტემპით გრძელდება.
„11 თვის მონაცემით ტურიზმის სტატისტიკაში ძალიან პოზიტიური ციფრები გვაქვს, ხუთ მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორს ვუმასპინძლეთ, ამ მონაცემებმა მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია ის ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიები, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა ამ პერიოდის განმავლობაში მიზნობრივ ბაზრებზე“, - განაცხადა თამაზ იორაშვილმა.
ტურიზმი მთავრობისთვის კვლავ პრიორიტეტული მიმართულება ხდება. ამას ადასტურებს ისიც, რომ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარი გამოიყოფა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი და პრიორიტეტული მიმართულებაა და ეს პროექტიც ტურიზმის განვითარებისთვის ხორციელდება.
„რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე, ჩემი დავალებით ეს პროგრამა უკვე გამზადებულია, ამის თაობაზე საზოგადოებას რამდენიმე ხანში წარვუდგენთ უკვე კონკრეტულ გეგმას. მომდევნო წელს ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული ადგილების განვითარებას, მათ შორის არსებულის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიზნით გამოვყოფთ 200 მლნ ლარს. ეს თანხა ტურიზმის მიმართულებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე გამოიყოფა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საინტერესოა ვინ შეასრულებს ახალი ტიპის პროექტებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, კურორტების განვითარების მიმართულებით ჩასატარებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.
„თანხა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში აისახება, შესაბამისად აღნიშნული პროექტები ამ სამინისტროს მიერ შესრულდება, თუმცა მჭიდრო კოორდინაციაში ეკონომიკის სამინისტროსთან იქნებიან, რადგან ლევან დავითაშვილის უწყება ამ მიმართულებით ხედვას ამზადებს, რომლითაც აღნიშნული ლოკაციების შერჩევა ფაქტობრივად დასრულებულია და პირველადი პროექტების სახით მალე წარმოადგენენ, სწორედ ამაზე დაყრდნობით იქნება ხარჯვითი ნაწილი გაწერილი, ხოლო უშუალო განმხორციელებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროა“, - აღნიშნა მინისტრმა.
გარდა ამისა, გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებაც იგეგმება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე კი გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის.
„გუდაურში ვგეგმავთ ახალი საბაგიროს აშენებას. მისი გამტარუნარიანობა იქნება საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ასევე დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სისტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ მოქალაქეები, ტურისტებიც“, - აღნიშნა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.