კონტროლირებადი თვითდაზიანება პატიმრობიდან განთავისუფლების მოტივით

კონტროლირებადი თვითდაზიანება პატიმრობიდან განთავისუფლების მოტივით

მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გადაუვადებს თუ არა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა. სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე მსჯელობისთვის სასამართლოს რამდენიმე სხდომა დასჭირდება. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ილია ლომია განმარტავს, შუამდგომლობის განხილვას, ასევე, მოწმეების დაკითხვას, მინიმუმ, 2 პროცესის ჩატარება დასჭირდება.

დაცვის მხარე სასამართლოში იმ მოწმეებს წარადგენს, რომლებმაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა შეადგინეს, რის საფუძველზეც სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართეს. განმარტებებს მისცემენ ასევე, პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებიც და სწორედ ამის შემდეგ მოსამართლე გიორგი არევაძე მიიღებს გადაწყვეტილებას.

სასამართლომდე 2 დღით ადრე კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი მივიდა, რომელსაც სააკაშვილს სისხლის ნიმუში კიდევ ერთხელ უნდა აეღო. თუმცა, სააკაშვილმა უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, რადგან, მისივე განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ სურდა ნიმუშის აღება. სააკაშვილის უარის მიუხედავად საგამოძიებო მოქმედებები მომდევნო დღეებში ჩატარდება.

როგორც ირკვევა ქირურგიული თვალსაზრისით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, სწორი კვების შესარჩევად კი სჭირდება ნუტრიციოლოგი, დიეტოლოგი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ მიერ მოწვეული ზოგადი ქირურგი, კობა სახეჩიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე წლის გაუკეთდა ოპერაცია, თუმცა კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ გაამჟღავნებს და მათ შორს ვერ საუბროს კონკრეტულად, რა ოპერაციაზეა საუბარი.

„გეტყვით, რომ ჩემი ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ პაციენტს სჭირდება ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, რომლებიც შეურჩევენ სწორ კვებას, რის საფუძველზეც უნდა გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა, მოხდეს წონაში კორექცია. მეტს ვერაფერს გეტყვით. ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს კვებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ პერიოდულად იღებს საკვებს, შერჩევითად. არც თქვენ არ მიირთმევთ იმას, რასაც გაძლევენ, ხომ? რაც თქვენ გინდათ, არჩევთ, იმით იკვებებით. ვფიქრობ, ნუტრიციოლოგმა უნდა შეურჩიოს სწორი კვება, რომელიც გააუმჯობესებს მის ზოგად მდგომარეობას. გამხდარია, კი. ეს ოპერაცია, რომელიც გაკეთებული აქვს, ზუსტად ამის გამო კეთდება და გამხდარი უნდა იყოს“, - განაცხადა კობა სახეჩიძემ.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საუბარი არ არის შიმშილობაზე, არამედ მიხეილ სააკაშვილი არასრულფასოვნად იკვებება. შესაბამისად, ძირითადი დაავადება არის იმის გამომწვევი, რომ სრულფასოვნად საკვების მიღება არ ხდება.

„რაც შეეხება კვებას, მკურნალმა ექიმმა, ფაქტობრივად, დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. საუბარი იყო იმაზე, რომ არასრულფასოვნად იკვებება ადამიანი, აქ საუბარი არის არა შიმშილობაზე. შიმშილობა, რა თქმა უნდა, არ არის გამოცხადებული, თორემ შიმშილობის სხვადასხვა პროცედურებია და ეს პროცედურები სხვანაირად ფორმდება ისტორიაში.

ისტორიაში, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია, რომ არასრულფასოვნად იკვებება და ისიც მცირე ულუფებით და ხშირ შემთხვევაში, არ იკვებება. ვერ იკვებება ადამიანი, თუ არ იკვებება, ეს არც შეიძლება იყოს დაკავშირებული მის ძირითად დაავადებასთან“, - აღნიშნავს ზურაბ ჩხაიძე.

სააკაშვილის ბედზე ახლა ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტები მუშაობენ. მას შემდეგ, რაც ოჯახმა და პარტიამ ამოწურეს ადგილობრივი საშუალებები, რომ სააკაშვილი ციხიდან გამოეყვანათ, დაიქირავეს ლობისტური კომპანია, რომლებიც ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების სქემას ამუშავებს, რომ მოხდეს ბრალდებულის ქვეყნიდან გაყვანა. სწორედ ამ კომპანიის მუშაობის სტრატეგიაა კვების და მათ შორის მედიკამენტების შერჩევით მიღება. მიუხედავად ახალი სტრატეგიისა, ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილის მდომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული მიიღებს მსჯავრდებულის სტატუსს და მოიხდის 6 წელს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ომის პარტია, დეგრადირებული, მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. შესაბამისად, არ არის საინტერესო, ისინი რას იტყვიან.

„საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი. ბოლო გათამაშება, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი, სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს, ჩვენს ქვეყანაში ამ ომის პარტიას, ამრევებსა და „ლუზერებს“ არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, როგორიც არის დღეს ჩვენთან.

ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. ამასთან, მე, როგორც ადამიანმა ადამიანს, გულწრფელად მინდა სააკაშვილს ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! ჩვენი სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, რომ თავიდან იქნას აცილებული სავალალო შედეგი. რამდენად მძიმეა სააკაშვილის მდგომარეობა, ამაზე საუბარი იმ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც მედიით ვრცელდება, რთულია.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, პატიმარი სააკაშვილი იყენებდა თვითდაზიანებას, მაგრამ აკონტროლებდა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსაურის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეო-კადრებმა განსხვავებული სურათი აჩვენა.

„მიუხედავად გამოცხადებული შიმშილობისა, რაც საზოგადოებაში ვნებათაღელვებს ქმინდა, ის რეალურად ღებულობდა საკვებს. შესაბამისად, ეს არ იყო კლასიკური შიმშილობა, როგორც ჩვენ ვიცით მსოფლიოში შიმშილობების ისტორიებიდან, როდესაც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის აქტივისტი შეეწირა ამ შიმშილობას და ის გარდაიცვალა ციხეში. ის რეალურად შიმშილობდა, სააკაშვილი კი არ შიმშილობდა და შეიძლება ბევრმა ყურადღება არ მიაქცია იუსტიციის მინისტრის ნათქვამს - მან თქვა, რომ სააკაშვილი იკვებება იმ დროს და იმ რაოდენობით, როგორც მას მოესურვება. ანუ, გამოდის, რომ ის აკონტროლებს თავისი კვების პროცესს, მაგრამ ქმნის სურათს, რომ თითქოს არის მძიმე მდგომარეობაში, რომ ეს მერე გამოყენებული იქნას იმისათვის, რომ საჯაროდ გამოვიდეს ინფორმაცია, რომ მან წონაში კატასტროფულად დაიკლო. ვფიქრობ, და ეს ჩემი ვარაუდია, რომ მას გონია, რომ თვითდაზიანების პროცესი არის კონტროლირებადი“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, რა თქმა უნდა, სააკაშვილს არანაირი სურვილი არ აქვს იმისა, რომ საკუთარი თავი სიკვდილის პირას მიიყვანოს, მაგრამ ის ბალანსირებს ისე, რომ მისი მდგომრეობა ჩაითვალოს მძიმედ, რომ შემდეგ ეს საკითხი დააყენოს სასამართლოს წინაშე, რომ მოხდეს ზემოქმედება სასამართლოზე.

„ამ საერთაშორისო რეაქციის ფონზე, როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ ასეთი მეთოდით ის შეძლებს ციხიდან თავის დახსნას. მაგრამ რამდნად შეძლებს? - ბუნებრივია, არ ვიცი ადვოკატები მოსამართლეს რა საბუთებს წარუდგენენ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ის ექიმი და ექსპერტი, ვინც სააკაშვილი შეამოწმა, მიუხედავად მათი ტიტულებისა, ისინი მაინც წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეს, რადგან დაიქირავა ოჯახმა. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ მოსამართლეს შეუძლია საჭიროდ ჩათვალოს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც იქნება წარმოებული აბსოლუტურად პირადი, თუ სხვა ინტერესის მქონე პერსონალის მიერ, რომლებიც დადებენ თავის შეფასებას. თუ ეს შეფასება დაემთხვევა იმ ექსპერტების შეფასებას, რომელიც დაიქირავა სააკაშვილის ოჯახმა, მაშინ, ალბათ, მოსამართლე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგრამ ხომ შეიძლება არ დაემთხვეს და ითქვას, რომ პატიმარი სააკაშვილის მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ ის აუცილებლად საჭიროებს ქვეყნის გარეთ გაყვანას და მას არ შეულია მიიღოს მკურნალობა საქართველოს პირობებში?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.