ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის თეორიული შესაძლებლობა თანდათანობით პრაქტიკული ხდება

ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის თეორიული შესაძლებლობა თანდათანობით პრაქტიკული ხდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე აფხაზეთის ე.წ. დევნილობაში მყოფი მთავრობის წარმომადგებლები მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებენ. „ისინი სხედან და ისმენენ“ - აცხადებს ჩირიკბა. მისივე თქმით, ისინი აფხაზური დელეგაციისათვის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს წარმომადგენლები არიან და სხვა არაფერი. ჩირიკბა ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზურმა დელეგაციამ და პირადად მისმა ხელმძღვანელმა მოლპარაკებათა დასაწყისში განაცხადეს, რომ დისკუსიაში მონაწილე ყველა ქართველ მონაწილეს საქართველოს წარმომადგენლებად განიხილავენ, როგორც არ უნდა უწოდებდნენ თავად ისინი თავიან თავებს - დევნილობაში მყოფი არარსებული აფხაზეთის მთავრობის წევრებს თუ სხვა რამეს.

„მათ შეუძლიათ საკუთარ თავს ჩინეთის იმპერატორები უწოდონ. ეს მათი პირადი საქმეა. ჩვენთვის ეს საქართველოს დელეგაციაა და ისინი საქართველოს წარმოადგენენ და ამით ეს საკითხი ამოწურულია. ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ და ახლაც ვაცხადებთ, რომ ისინი ჩვენთვის საქართველოს წარმომადგენლები არიან და არავითარი სხვა სრტუქტურის. მიმაჩნია, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატზე ყოფნა იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთ თავს რაღაცას უწოდებენ, ჩვენთვის პრობლემა არ არის“, - აცხადებს ჩირიკბა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ფორმატია.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ფორმატია რუსეთთან კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად და ჩვენ ამ პროცესის ერთგული ვიქნებით“, - განაცხადა ივანიშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი კი ჟენევის მონალაპარაკებების ფორმატის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ საუბრობს. „ამერიკის ხმის“ რუსული ბიუროს ინფორმაციით, 25–26 ივნისს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. კარასინი ქართული მხარისაგან ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით ელის, რომ კონსტრუქციულ მიდგომებს მიენიჭება უპირატესობა.

„ჟენევის დისკუსიების შეწყვეტის შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება, იმიტომ, რომ ე.წ. ცეკვა ადგილზე უკვე მესამე რაუნდია გრძელდება“, - აცხადებს გრიგორი კარასინი.

მთავარი საკითხი, რომელმაც ჟენევის მოლაპარაკებების 24–ე რაუნდი ჩიხში შეიყვანა, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გამავალ საოკუპაციო ხაზზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესი იყო. ეს რაუნდი „აფხაზური და ოსური“ დელეგაციის წარმომადგენელთა მიერ ფორმატის შეცვლის მცდელობით დასრულდა. სწორედ ამიტომ, შეხვედრა დასრულდა იმაზე ადრე, ვიდრე გათვალისწინებული იყო.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკანიანის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების გასულ რაუნდზე, სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან ფორმატის შეცვლის მცდელობას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, რომელიც ორკესტრირებული იყო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან.

„ეს მცდელობები მიზნად ისახავს უკვე შეთანხმებული ფორმატის ცვლილებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებებს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა ამაზე სოხუმის, ცხინვალის და რუსეთის წარმომადგენლებს ეკისრებათ. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი დელეგაცია იყო უაღრესად კონსტრუქციული. ვიყავით მზად, განგვეხილა ყველა საკითხი, რომელიც ჟენევის ფორმატის მიერ იფარება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

15-16 ოქტომბერს ჩანიშნულ მომდევნო რაუნდამდე თანათავმჯდომარეებთან მოლაპარაკებები გაიმართება. რის შემდეგაც ზალკანიანი იმედს იტოვებს, რომ თანათავმჯდომარეები შეძლებენ სხვა მონაწილეთა დარწმუნებასაც, მიიღონ მონაწილეობა ახალ რაუნდში.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი თვლის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტურია.

„ბოლო დროს ისეთი მტკივნეული გახდა, რომ ხალხი იკრიბება და ვერანაირ საკითხებზე ვერ ლაპარაკობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ გასააქტიურებელია არა აქტივობის თვალსაზრისით, არამედ მიმაჩნია, რომ საჭიროა თვითონ ჟენევის ფორმატის ცვლილებაც, რომ უფრო აქტიური და ქმედითი გახდეს.

რა მიმართულებებით შეიძლება შეიცვალოს ჟენევის ფორმატი, ეს მხარეთა შორის მოლაპარაკებებით უნდა იქნეს მიღწეული. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს ისე გაკეთებული, რომ ვინმეს მისცე საშუალება თქვას, რომ საქართველო აღიარებისკენ დგამს ნაბიჯებს. ამის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ შესაცვლელია ჟენევის ფორმატი იმისათვის, რომ უფრო ქმედითი გახდეს და ამის შესაძლებლობა უფრო ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდება“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.