„მსოფლიოში უკვე ლეგიტიმურად მიიჩნევენ იმას, რომ თუ რუსეთი ბომბავს უკრაინას და მიწასთან ასწორებს ელექტროსადგურებს, უკრაინასაც აქვს უფლება, დაბომბოს რუსეთის ტერიტორია“

„მსოფლიოში უკვე ლეგიტიმურად მიიჩნევენ იმას, რომ თუ რუსეთი ბომბავს უკრაინას და მიწასთან ასწორებს ელექტროსადგურებს, უკრაინასაც აქვს უფლება, დაბომბოს რუსეთის ტერიტორია“

„შოლცი ამბობს, რომ გერმანიის არმია უნდა იყოს უძლიერესი ევროპაში. რუსეთ-უკრაინის ომი რომ არ ყოფილიყო, მთელი მსოფლიო დაირაზმებოდა გერმანიის წინააღმდეგ, რომ, აი, მეოთხე რაიხი იქმნება, რომ გერმანიის შეიარაღება ძლიერდება“, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.

მაკრონი უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ალაპარაკდა, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთისთვისაც გაითვალისწინებს. რას ნიშნავს ეს შეთავაზება, ჯერ რუსეთისთვის სახის შენარჩუნებაზე ზრუნავდა მაკრონი, ახლა უკვე რუსეთს უსაფრთხოების ახალ გარანტიებს სთავაზობს? იმ რუსეთს, რომელიც სხვების უსაფრთხოებას გამუდმებით არღვევს?

- ასეთი იდეები მაკრონს აქვს, მაგრამ მაკრონის იდეები იდეებად რჩება. დღეს უკვე ყველაფერი გადაფარა გერმანიის კანცლერ შოლცის წერილმა, სადაც ის არავითარ რუსეთის ინტერესებზე არ ლაპარაკობს და პირდაპირ ამბობს, რომ გერმანია უნდა გახდეს ევროპის უსაფრთხოების გარანტი. შოლცი ამბობს, ჩვენ კონსტიტუციაც კი შევცვალეთ იმისთვის, რომ ბუნდესვერი, ჩვენი არმია გაგვეძლიერებინა. გერმანელებმა შარშან ზაფხულში შექმნეს არმიის დამხმარე ფონდი 100 მილიონი დოლარის ოდენობით. რაც შეეხება მაკრონს და უსაფრთხოების გარანტიების მისეულ ხედვას, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა დე გოლის პოლიტიკიდან - ევროპა ატლანტიკიდან ურალამდე, ანუ საერთო ევროპული სახლი, მაგრამ დე გოლს ეს იმ პერიოდში სჭირდებოდა, თორემ დე გოლმა ყველაზე კარგად იცოდა, რუსეთი რაც იყო, რაც იყო საბჭოთა კავშირი, დე გოლს ეს სჭირდებოდა ამერიკასთან საპირწონედ. 1962 წელს, კუბის სარაკეტო კრიზისის დროს, დე გოლმა მაშინვე განაცხადა, მე ამერიკის მხარეს ვარ და თუ ომი დაიწყება, ჩვენ ვიომებთ ამერიკასთან ერთად. დღეს სხვაგვარი სიტუაციაა. დღეს აღარ არის საბჭოთა კავშირი, აღარ არის ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია, ამიტომ ამერიკის საპირწონე ევროპას აღარ სჭირდება.

რუსეთს თავის დროზე ჰქონდა რევიზიონისტული ხედვა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 2009 წელს მედვედევი ამბობდა, ნატოს არსებობას აზრი აღარ აქვს, მოძველდა და უსაფრთხოება საერთოდ ვერ დამყარდება, თუკი ევროპული ცივილიზაციის სამი განშტოება-რუსეთი, ამერიკა და ევროპა უსაფრთხოების ახალი რუსული იდეის გარშემო არ გაერთიანდება. ამის შეთავაზებას ხომ არ აპირებს მაკრონი მოსკოვისთვის, ოღონდ დასრულდეს სისხლისმღვრელი ომი უკრაინაში?

- მაკრონს უკვე აღარ აქვს ისეთი პოლიტიკური ძალა, ევროპაში უკვე გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ცენტრი - გერმანია. უკრაინის ომი რომ არ ყოფილიყო და შოლცს ეს წერილი დაეწერა, მაშინ მთელი მსოფლიო დაირაზმებოდა გერმანიის წინააღმდეგ, რომ აი, მეოთხე რაიხი იქმნება, რომ გერმანიის შეიარაღება ძლიერდება. მართლაც, შოლცი ამბობს, კონსტიტუცია შევცვალეთო, რა შეცვალეს? - ის, რაც გერმანელებს დაუწესეს მოკავშირეებმა ომის შემდეგ. ახლა კი გერმანელებმა ისარგებლეს უკრაინა-რუსეთის ომით და კონსტიტუცია შეცვალეს. სად საფრანგეთის ძლიერება და სად გერმანიის, შედარებაც არ არის. შოლცი ამბობს, რომ გერმანიის არმია უნდა იყოს უძლიერესი ევროპაში, ეს ნიშნავს, არავითარი საფრანგეთი, ინგლისი ან იტალია, გერმანია უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების გარანტი, დახმარება უნდა მისცენ უკრაინას და რუსეთმა უნდა აგოს პასუხი. პირდაპირ წერს შოლცი, რაც მოხდა ირპენში, ბუჩაში, მარიუპოლში, ამ ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს რუსეთმა და პუტინმა, არავითარ რუსეთის უსაფრთხოებაზე აქ არ არის საუბარი, განსხვავებით მაკრონისგან, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა დე გოლის დროინდელი საფრანგეთის ილუზიებიდან. უბრალოდ, მაკრონი მეორე ვადითაა პრეზიდენტი, ამ ვადასაც ამთავრებს და უნდა ისტორიაში შესვლა, მაგრამ არ არის მაკრონი დე გოლი. დავუბრუნდეთ შოლცს, გერმანიის კანცლერი არ მალავს, ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ 2007 წელს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინის გამოსვლას, რომელიც დაიმუქრა, ამის შემდეგ 2008 წელს საქართველოში შევარდა, 2014 წელს - უკრაინაში, ახლა კიდევ ეს ომი დაიწყოო. რომ ამბობენ, ნატო მოძველდაო, რა მოძველდა? უკრაინასთან ომით პუტინმა „მიაღწია“ იმას, რომ ნატოში უკვე შედიან შვედეთი და ფინეთი, ევროპის ეს ორი უმშვენიერესი, უძლიერესი და უმდიდრესი ქვეყანა, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. პუტინი და რუსეთი კოშმარულ სიზმარში ვერ ნახავდნენ შვედეთს ნატოში. შვედეთმა, რომელსაც კარლოს მეთორმეტისა და პეტრე პირველის შემდეგ საერთოდ არ უომია, მეორე მსოფლიო ომის მერე ნეიტრალიტეტი ჰქონდა, დღეს დაარღვია ნეიტრალიტეტი და შედის ნატოში. ალბათ, დეკემბერშიც გადაწყდება ფინეთის საკითხიც, მხოლოდ უნგრეთსა და თურქეთს არ მიუციათ თანხმობა ნატოში გაწევრიანებაზე. უნგრეთმა, კერძოდ, ორბანმა განაცხადა, რომ დეკემბერში ფინეთს მიიღებენ ნატოში, თურქებსა და შვედებს შორის კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს შვედეთში მცხოვრები თურქი დისიდენტების გადაცემა-არგადაცემის შესახებ. ასე თუ ისე, ნატო გაფართოვდება.

შოლცი ახსენეთ და გასული წლის დეკემბერში სულ სხვა პოზიცია ჰქონდა შოლცს, ფაქტობრივად, ის იმეორებდა მერკელის ნათქვამს, რუსული „ნორდ სტრიმ 2“ კომერციული პროექტია და არა გეოპოლიტიკურიო. როგორც ჩანს, გერმანიის კანცლერი გრძნობს, რომ რუსეთის წახალისებაში ლომის წილი გერმანიას ეკუთვნის, მათ შორის, შოლცის წინამორბედ მერკელს.

- დღეს შოლცი შეცვლილია. ის ამბობს, რომ რუსეთის ამ ომმა სამყარო შეცვალა და რუსეთის სამხედრო ოპერაციამ ახალ სამყაროს დაუდო სათავე, ზუსტად ამ სიტყვებს ახსენებს, რომ „ევროპაში დაბრუნდა იმპერიალიზმი და ჩვენ, მსოფლიომ, არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება“.

თუკი რუსეთს არ დაუკმაყოფილებენ სურვილს, საკუთარი ინტერპრეტაციით მოაწყოს ევროპის უსაფრთხოება, მაშინ როგორ შეაჩერებენ პუტინს?

- რუსეთს შეაჩერებს ის, რომ უკრაინაში დამარცხდება. ყოველ შემთხვევაში, რუსეთი თუ არ დამარცხდა, არ უნდა გაიმარჯვოს მაინც. მიაქციეთ ყურადღება, არავინ ამბობს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს. ბაიდენი, შოლცი, იტალიის ახლანდელი და ყოფილი პრემიერები ამბობენ, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს.

სხვათა შორის, „თაიმი“ წერს, პუტინმა არ უნდა მოიგოს, მაგრამ არც ზელენსკიმ არ უნდა მოიგოს ძალიან ბევრი, რადგან ეს სასიკვდილო დილემა იქნება დასავლეთისთვის.

- დიახ, მაგრამ დასავლეთიც იცვლება, მახსოვს, სულ რაღაც 20 დღის წინ შოლციც, ბაიდენიც, მაკრონიც ამბობდნენ, რომ არ შეიძლება უკრაინას მივცეთ იარაღი, რომლითაც ის რუსეთის ტერიტორიას დაემუქრება, მაგრამ სულ ახლახანს ენგელსის სამხედრო ბაზა, რომელიც 700 კილომეტრზეა უკრაინის საზღვრიდან, დაბომბეს უკრაინელებმა დრონებით, კურსკის აეროდრომზეც ხანძარი გაჩნდა, ნავთობბაზები და ნავთობსაცავები იწვის. რუსეთის გუბერნატორმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს დრონების შეტევა იყო. როგორც ჩანს, უკვე ლეგიტიმურად მიიჩნევენ, თუ რუსეთი ბომბავს უკრაინას და მიწასთან ასწორებს ელექტროსადგურებს, უკრაინასაც აქვს უფლება, დაბომბოს რუსეთის ტერიტორია. უკვე შეიცვალა და ყოველდღიურად იცვლება მიდგომა.

მე მგონი, იმავე ვითარებაში აღმოჩნდებიან რუსები, ირაკლი ოქრუაშვილმა რომ იხუმრა, „წლის ბოლომდე მოსკოვის დიდი სამთავროს საზღვრებში უნდა დავაბრუნოთ უჯიშო რუსები და ეკლიანი მავთული შემოვარტყათ ყველა მხრიდან“.

- გააჩნია, საქართველოს რა შეუძლია, მაგრამ დღეს რუსეთს მარტო უკრაინა არ ებრძვის. რუსეთს ნატო, როგორც ორგანიზაცია, არ ებრძვის, მაგრამ ნახეთ, როგორი სტრატეგიაა? ნატოს წევრი ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას. სტოლტენბერგი ამბობს, ნატო ნეიტრალურია, არ ერევა ამ ომში, მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნები სუვერენულები არიან, ამიტომ შეუძლიათ, უკრაინას იარაღი მიაწოდონ.

პუტინსაც რომ ჰყავდეს ასეთი ძლიერი ქვეყნები, როგორც ნატოს ჰყავს, მხოლოდ კადიროვის ამარა არ დარჩებოდა. სხვისი ხელით ბრძოლა 21-ე საუკუნის ბრძოლაა და, ალბათ, პუტინიც სხვისი ხელით ამჯობინებდა უკრაინის დამარცხებას.

- რასაკვირველია, მაგრამ ამერიკაც შეზღუდულია, 16 დეკემბრამდე თუ ამერიკის კონგრესმა ვერ დაამტკიცა ამერიკის მომავალი წლის ბიუჯეტი, მაშინ კონგრესი იძულებული იქნება, მიიღოს რეზოლუცია დროებით დაფინანსებაზე. ეს კატასტროფაა, რადგან შარშანდელი ბიუჯეტი დარჩება. პენტაგონის ბიუჯეტი, სადაც უკრაინის დახმარება იყო გათვალისწინებული, 49 მილიარდი დოლარია, ანუ შარშანდელი ფული დაიხარჯა, ამიტომ შარშანდელი დონე არ არის საკმარისი, ახალი პროგრამები ახალ დაფინანსებას ითვალისწინებს. პენტაგონმა შეუკვეთა საავიაციო სისტემები, 6 სისტემა ტრილიარდნახევარი დოლარი ღირს. ამერიკელებმა ახალი უხილავი თვითმფრინავი რომ შექმნეს, სტრატეგიული ბომბდამშენი ერთი ცალი 2 მილიარდი დოლარი ღირს. ასეთი 6 უნდა იყიდოს პენტაგონმა, ამის ფულიც არ ექნებათ.

ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთში თვლიან, რომ პუტინის ბედი გადაწყვეტილია...

- არაფერი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ყველაფერი დამოკიდებულია დასავლეთის დახმარების მასშტაბზე. უბედურება ისაა, რომ მთელი 30 წლის განმავლობაში არც ევროპა, არც ამერიკა შეიარაღებას ყურადღებას არ აქცევდა. ბირთვული იარაღი ჰქონდათ, თანაც, ნატო გარშემორტყმული იყო მეგობარი ქვეყნებით, მერკელი თვით რუსეთსაც კი მეგობრად თვლიდა. ამიტომ შეიარაღებაზე ფულს არ ხარჯავდნენ, ახლა თქვა შოლცმა, ჩვენ მშპ-ს 2%-ს გავზრდით შეიარაღებაზეო. ტრამპმა ერთი დედა არ აგინა მერკელს, თორემ ხან რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას აბრალებდა, ხან რას, მაგრამ მერკელი ამბობდა, ჩვენ 1,5%-ზე მეტი არ შეგვიძლია გავიღოთ შეიარაღებაზე, შოლცი კი ამბობს, 2 %-ს დავხარჯავთ. ამერიკის მშპ-ს 2% სოლიდური თანხაა.

leviko კი მასეა და თუ უკრაინას აწვდიან იარაღს სხვა სახელმწიფოები ესეიგი რუსეთსაც აქვს უფელბა ის სახელმწიფოები დაბომბოსა ასეა ბატონო
1 წლის უკან