2004 წელს მიხაილ ხოდორკოვსკის კაპიტალი 15,2 მილიარდი დოლარი იყო, ამჟამად კი მას მხოლოდ რამდენიმე მილიონი აქვს. რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, „იუკოსის“ ყოფილი თავკაცი მართლაც საარაკოდ სწრაფად გაღარიბდა, მეტიც, მან თავისუფლებაც დაკარგა და, ბევრისგან ვლადიმერ პუტინის პირად პატიმრად შერაცხული სასჯელს იხდის.
ნორჩი ქიმიკოსი
მიხაილ ხოდორკოვსკი დაიბადა 1963 წლის 26 ივნისს მოსკოვში, სრულიად ჩვეულებრივ ოჯახში. მისი მშობლები ინჟინრები იყვნენ, ქარხანა „კალიბრში“ მუშაობდნენ, თავი გაჭირვებით გაჰქონდათ და კომუნალურ ბინაში ცხოვრობდნენ. ხოდორკოვსკების ოჯახს საკუთარი ბინა მხოლოდ 1971 წლიდან ჰქონდა.
მიხაილს ბავშვობიდან ქიმია იტაცებდა, ამ საგნის პროფილური სწავლების სკოლა დაამთავრა და 1981 წელს მენდელეევის სახელობის მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა. ყმაწვილმა კარგად იცოდა, რომ ღარიბი მშობლების იმედი ნაკლებად შეიძლებოდა ჰქონოდა და სწავლის პარალელურად დურგლად მუშაობდა. თუმცა, ამას მისთვის კარგად სწავლისათვის ხელი არ შეუშლია - იგი ინსტიტუტში სწავლის განმავლობაში საუკეთესო სტუდენტი იყო.
მიუხედავად წარჩინებით სწავლისა და კომკავშირული აქტივისტობისა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილება მისთვის იმედგაცრუების მომტანი აღმოჩნდა. ცნობილი „მეხუთე პუნქტის“ (ხოდორკოვსკის მამა ებრაელი იყო) გამო მან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რისკენაც განსაკუთრებით ისწრაფვოდა, მუშაობა ვერ დაიწყო.
ცხადია, მიხაილი მიხვდა, რომ საბჭოთა კავშირში სამეცნიერო კარიერა მისთვის ძალზე შეზღუდული იყო, მაგრამ სულით არ დაცემულა. ამ დროისათვის იგი თანაკურსელ ელენაზე იყო დაქორწინებული, პაწია შვილიც ჰყავდა და ამბიციებზე კი არა, პურის ფულის შოვნაზე უნდა ეფიქრა.
გარდაქმნის წყალობით
ხოდორკოვსკის გამჭრიახმა ტვინმა სწორად აღიქვა ის შესაძლებლობები, რასაც ენერგიულ და მუყაით ადამიანებს გარდაქმნა აძლევდა. იგი მიხვდა, რომ სწორედ ახლა შეიძლებოდა საჭირო გამხდარიყო ინოვაციური სამეცნიერო-ტექნიკური პროექტები, რომლებიც ბიუროკრატული მანქანის წყალობით ავტორთა თაროებზე იმტვერებოდა. მან გადაწყვიტა როგორღაც სიახლეთა წარმოებაში დანერგვისათვის ხელი შეეწყო და 1987 წელს ახალგაზრდობის სამეცნიერო-ტექნიკური ხელოვნების ცენტრი შექმნა, რომელიც ძალიან მალე ეფექტური და წარმატებული ორგანიზაცია გახდა. პარალელურად პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში სწავლობდა.
1989 წელს ცენტრის მუშაობით დაგროვილი ფული რუსეთის ერთ-ერთი პირველი კომერციული ბანკის „მენატეპ“-ის საფუძველი გახდა. ეს საბანკო სექტორისათვის წარმატებული პერიოდი იყო - სახელმწიფო და ახლადაღმოცენებულ კერძო ორგანიზაციებს კრედიტები სჭირდებოდათ. გარდა ამისა, ბანკი წარმატებით მონაწილეობდა რიგ სახელმწიფო, მათ შორის „რუსშეიარაღების“ პროგრამაში.
მიუხედავად იმისა, რომ ხოდორკოვსკი საოცრად ბევრს მუშაობდა, ამ პერიოდში შეხვდა გოგონა ინას, რომელიც მისი მეორე ცოლი გახდა და მალე მისგან მეორე შვილიც შეეძინა. სულ კი იგი ოთხი შვილის მამა გახლავთ.
ხოდორკოვსკის კარგად ესმოდა, რომ საბანკო საქმეზე უფრო პერსპექტიული რუსეთში მრეწველობა იყო, რომელიც იმ პერიოდში მწვავე კრიზისში გახლდათ. სახელმწიფო წარმოების აღორძინებას კერძო კაპიტალის მიზიდვით ცდილობდა, მაგრამ ბიზნესმენები ვალებში ყელამდე ჩაფლულ საბჭოთა ინდუსტრიულ გიგანტებში დიდი ინვესტიციების ჩადებას უფრთხოდნენ.
1992 წელი ხოდორკოსვკის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. სწორედ მაშინ ბანკ „მენატეპ“-ის დირექტორთა საბჭომ კონცეფციის შეცვლისა და სამრეწველო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. 1994-95 წლებში ბანკი აქტიურად მონაწილეობდა საინვესტიციო კონკურსებში, რომელთა მსვლელობისას შეიძინა უმსხვილესი სამრეწველო ორგანიზაციების: „აპატიტის“, „ვოსკრესესკის მინერალური სასუქების“, „ურალელექტრომედის“, „ავისმას“ შუა ურალის და კიროვოგრადის მინერალური ქარხნების, უსტ-ილიმსკის ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატის და ვოლჟკის მილების ქარხნის აქციათა პაკეტები.
აღორძინებული ნავთობგიგანტი
1995 წელს სახელმწიფომ ნავთობკომპანია „იუკოს“-ის მსხვილი პაკეტის გაყიდვა გადაწყვიტა. იმ დროს იგი წამგებიანი, დიდძალი ვალების მქონე საწარმო იყო. ხელფასები 6 თვე არ დარიგებულიყო და მუშები გაფიცვისათვის ემზადებოდნენ. საბოლოოდ, „მენატეპ“-მა „იუკოს“-ის აქციების 78 პროცენტში 350 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ხოდორკოვსკის კარგად ესმოდა, რომ დიდ რისკზე მიდიოდა. „იუკოს“-ის კრიზისიდან გამოსაყვანად ხომ „მენატეპ“-ის მთელი სახსრები არ კმაროდა და სხვა ბანკებიდან კრედიტის აღება იყო საჭირო. ამასთან, 1998-99 წლებში იგი რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს კოლეგიის, 2000-2002 წლებში კი რუსეთის მეწარმეთა კავშირის წევრი გახლდათ.
ნავთობკომპანიაში სიტუაციის გამოსასწორებლად მას მთელი 6 წელი დასჭირდა. ხოდორკოვსკი ვალების რესტრუქტურიზაციაზე სახელმწიფოს მოელაპარაკა, ინვესტიციები მოიზიდა, აქციების ემისია ჩაატარა... ჰოდა, 2003 წლისათვის „იუკოს“-ი მსოფლიო ენერგეტიკეული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად, 40 მილიარდი დოლარის მქონე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიად აქცია.
ხოდორკოვსკი უკვე „იუკოს“-ის აქციების ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გატანაზე ფიქრობდა. სწორედ მან, რუსი ოლიგარქებიდან პირველმა გადაწყვიტა კომპანიის ფინანსები გამჭვირვალე გაეხადა და უცხოელი ფინანსისტები მოეწვია. შედეგად, „იუკოს“-ის აქციების ფასმა გვარიანად მოიმატა.
მწვერვალიდან საპატიმროში
ხოდორკოვსკი მიხვდა, რომ ბიზნესში ყველაფერს მიაღწია და სხვა, პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა. იგი ახალგაზრდობის პრობლემებით დაინტერესდა. 2001 წელს მის მიერ დაარსებულ ფონდს „ღია რუსეთი“ ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებაში დიდი წვლილი შეჰქონდა. თანდათანობით იგი მთლად ფონდის ხელმძღვანელობაზე გადაერთო და „იუკოს“-ის სადავეები კოლეგებს გადასცა.
ამასთან, რუსეთში დემოკრატიის აყვავებას ქადაგებდა და თანაც ხვდებოდა, რომ სამშობლოში მისი ქონება მთლად უსაფრთხოდ არ იყო და იმავე ფონდის მეშვეობით პირადი ფულის დასავლეთში გადაქაჩვას შეუდგა. კერძოდ, მან დაარსა შვილობილი კომპანია Youkos International, რომლის თავკაცად ლორდი დევიდ ოუენი დანიშნა, ხოლო თავისი ფონდის ხელმძღვანელობაში განთქმული პოლიტიკოსი დოქტორი ჰენრი კისინჯერი და სერ ჯეიკობ როტშილდი შეიყვანა. შედეგად, ხოდორკოვსკი ამერიკის პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებულ ადამიანად იქცა და „იუკოს“-ში დასავლური კრედიტების მოზიდვა შეძლო.
მაგრამ ხოდორკოვსკის დაავიწყდა მთავარი - სახელმწიფოს მაღალჩინოსნებთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნება. პირიქით, იგი რუსეთის მმართველ წრეებს სულ უფრო უპირისპირდებოდა, რაც მას ძალიან ძვირად დაუჯდა. „იუკოს“-ს პრობლემები 2002 წელს დაეწყო, როცა კომპანიის უსაფრთხოების ორი თანამშრომელი მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. მალე პროკურატურაში დაკითხვაზე გამოიძახეს და შემდეგ დააპატიმრეს „მენატეპ“-ის პრეზიდენტი პლატონ ლებედევი. მას გადასახადების დამალვის ბრალდება წაუყენეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, 1998-99 წლებში „მენატეპ“-მა სახელმწიფო ხაზინას 4,7 მილიარდი რუბლის ოდენობის გადასახადი დაუმალა. 1999-2000 წლებში კი „იუკოს“-მა ხაზინა 7 მილიარდით დააზარალა. რუსმა სამართალდამცავებმა კიდევ არაერთი ძველი და ახალი დარღვევა ამოქექეს და 2003 წლის 25 ოქტომბერს ნოვოსიბირსკში ხოდორკოვსკის თვითმფრინავს სპეცდანიშნულების რაზმმა ალყა შემოარტყა და რუსეთის უმდიდრესი ადამიანი დააპატიმრეს.
გაჭიანურებული სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელსაც ბევრი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად თვლის, 2004 წელს ხოდორკოვსკის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს. იგი სასჯელს ამჟამად ჩიტას კოლონიაში იხდის. გასული წლის ბოლოს კი პროკურორმა განაცხადა, რომ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები ამოტივტივდა, სახელდახელო სასამართლოც შედგა და ყოფილ ოლიგარქს უკვე 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.