„შესაძლოა, დასავლეთმა პუტინს პირადი უსაფრთხოება შესთავაზოს, რადგან მან ამ საომარი ავანტურით, საკუთარი სიცოცხლე დააყენა სერიოზული რისკის ქვეშ“

„შესაძლოა, დასავლეთმა პუტინს პირადი უსაფრთხოება შესთავაზოს, რადგან მან ამ საომარი ავანტურით, საკუთარი სიცოცხლე დააყენა სერიოზული რისკის ქვეშ“

მსოფლიო ლიდერები ვარაუდობენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აღდგენის საკითხი შესაძლოა, გაზაფხულამდე გაირკვეს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზად არის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბროს, თუ ის დაინტერესებულია უკრაინაში ომის დასრულებით. მისი თქმით, უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პუტინი ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს.

ბაიდენის შეთავზების მიუხედავად, კრემლი მოლაპარაკებაზე უარს ამბობს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ამერიკა ჯერ კიდევ არ ცნობს რუსეთის ახალ ტერიტორიებს და ეს ვითარება ართულებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებისთვის საერთო ენის გამონახვას. პესკოვს არგუმენტად მოაქვს ბაიდენის ფრაზა: „მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინი დატოვებს უკრაინას“ და აცხადებს, რომ „სპეცოპერაცია“ გაგრძელდება.

მოლაპარაკების საკუთარი მოდელი გაახმოვანა უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ, რომლის განცხადებით, ოფიციალური კიევი მზად არის რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ მისცეს, რაც მოსკოვი თავის ჯარებს უკრაინიდან გაიყვანს, გადაიხდის რეპარაციებს, ყველა ომის დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარსდგება და ნებაყოფლობით დათმობს ბირთვულ იარაღს. არახამიას თქმით, როდესაც რუსეთი ამას გააკეთებს, უკრაინული მხარე მზადაა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ისაუბროს უსაფრთხოების გარანტიებზე.

არახამიას ამ შეთავაზებას წინ უსწრებდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ თუ ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდება, დასავლეთმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გარანტიების მიცემა უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაში.

„ომის დასრულების სამხედრო ვარიანტს ვერ ვხედავ. მე ყოველთვის ვაგრძელებ რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან, რადგან მჯერა, რომ ურთიერთქმედების აღდგენის საუკეთესო გზა ამ პირდაპირი არხის შენარჩუნებაა. იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით, ასეთი ლიდერისთვის.

გასაგებია, რომ რუსეთმა და, განსაკუთრებით, პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტეს, იარაღად გამოიყენონ ენერგია და საკვები, რამაც შექმნა დიდი დეფიციტი, არასტაბილურობა და ინფლაცია. ვფიქრობ, მისი ფსონი არის ომითა და სანქციებით დაღლილობა. მნიშვნელოვანია გზავნილის გავრცელება, რომ ეს უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ. გამოსავლის პოვნის ერთადერთი გზა მოლაპარაკების საშუალებით მიიღწევა. მე ვერ ვხედავ სამხედრო ვარიანტს ადგილზე“, - ამბობს ემანუელ მაკრონი.

მოლაპარაკებაზე აქცენტირებს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, რომლის განაცხადებით, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის იმ შეიარაღების გადაცემას, რომელიც მას სჭირდება რუსეთის თავდასხმების ეფექტურად მოსაგერიებლად.

„დახმარება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პუტინი ომს არ შეწყვეტს და უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს. ეს ომი დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით არ დასრულდება და პუტინის დიდი რუსული მისია ჩაიშლება. არაერთხელ ველაპარაკე პუტინს. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დიდი შეცდომაა, თუ ყველა, მათ შორის უდიდესი განსხვავების მიუხედავად, საერთოდ აღარ დაველაპარაკებით ერთმანეთს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა და მე, როგორც „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების წარმომადგენლებმა, როგორც ნატო-ს ორმა ქვეყანამ, კვლავ განვაგრძოთ დიალოგის გზების ძიება. თუმცა, ამას ყოველგვარი ილუზიების გარეშე ვაკეთებთ, რადგან ეს ყოველთვის გრძელი საუბრებია“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

განსხვავებულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცადება, რომლის შეფასებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით. ბლინკენის განცხადებით, მას შემდეგაც კი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულა“ წარადგინა, პუტინმა აგრესიის მასშტაბები გაზარდა.

„დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, თუ მხარეები, და ამ შემთხვევაში რუსეთი, რეალურად დაინტერესებულია აზრიანი დიპლომატიით. ის, რაც ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ, ზუსტად საპირისპიროა. როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების წინაშე, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები არიან, წარადგინა წინადადება, როგორ წავიდეთ წინ, მშვიდობისკენ, რა გააკეთა ვლადიმერ პუტინმა? - გააორმაგა და გაასამმაგა ყველაფერი, რასაც აკეთებდა, ძალების მეტი მობილიზება, უკრაინის ტერიტორიების ანექსია და ახლა ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას. მან ვერ შეძლო ბრძოლის ველზე გამარჯვება, ასე რომ, ის, ძირითადად, მიმართავს თავის ბრაზსა და ცეცხლს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე, სამიზნეში იღებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

რუსეთის განცხადების მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე დაინტერესებული არ არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებით, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დიპლომატი ირაკლი მენაღარიშვილი დარწუმენებულია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არის. როგორც დიპლომატი ამბობს, მიუხედავად სარაკეტო იერიშებისა, რითაც რუსეთი ცდილობს ფრონტის ხაზზე უკრაინის კონტრშეტევები შეაჩეროს და ბოლო დანაკარგები ბახმუტის აღებით გადაფაროს, არ ნიშავს, რომ ინიციატივა შეიძლება რუსეთის ხელში გადავიდეს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, სრულიად ბუნებრივია, რომ რუსეთს უნდა აწყობდეს მოლაპარაკების დაწყება. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო ფონი საკმაოდ კრიტიკულია.

„ვისაც ჰგონია, რომ ბაიდენის იდეა მოლაპარაკებაზე თანხმობას ნიშნავს, ასე არაა. მან თქვა, რომ იგი მზად იქნება დაელაპარაკოს პუტინს, თუკი მას აქვს რაღაცა გონივრული წინადადებები. ეს მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობის წახალისების მიზნით ითქვა და არა ის, რომ რუსეთისთვის რაღაცის დათმობა შეიძლება მისაღები იყოს დასავლეთისთვის.

მოლაპარაკება შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს და, სავარაუდოდ, სწორედ გაზაფხულზე იქნება პირობები ამისთვის მომწიფებული. რაც შეეხება თუ რა შეიძლება დასავლეთმა შესთავაზოს პუტინს - უპირველეს ყოვლისა ეს არის მისი პირადი უსაფრთხოება. საუბარია იმაზე, რომ პუტინმა ამ საომარი ავანტურით, პრაქტიკულად, საკუთარი სიცოცხლე დააყენა სერიოზული რისკის ქვეშ“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

როგორც დიპლომატი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, თუ დასავლეთი შესაბამისი არხების მეშვეობით მიაწვდის იმპულსს, წინადადებას იმის შესახებ, რომ თუკი სამშვიდობო მოლაპარაკებები სწრაფად დაიწყება და ამით საომარი მოქმედება სწრაფად დასრულდება, ამან შეიძლება საშუალება მისცეს დასავლეთს პუტინის და მის გარემოცვის პირადი უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე და ეს იქნება სერიოზული სტიმული.

„ამგვარ შეთავაზებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, არც არავინ ამბობს, რომ ასეთი წინადადებები არსებობს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ამის შესახებ რაღაც დონეზე კონსულტაცია დახურულ ფორმატში მიმდინარეობდეს. უკრაინა, თავისი სტრატეგიის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდის და ყველა დღეს მათ მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ მოაქვს ინფორმაცია.

იმედი მაქვს, რომ ამ ზამთრის რთულმა პირობებმა კიდევ ერთხელ უნდა დაარწმუნოს მხარეები, რომ შეეცადონ გამოსავალი მოძებნონ მოლაპარაკების მაგიდასთან. თუმცა, რუსეთისთვის რაიმეს დათმობაზე ფიქრიც კი მიუღებლად მიმაჩნია. იმიტომ, რომ რუსეთმა, ფაქტობრივად, თავისი სამხედრო ინსტრუმენტის სრული უსუსურობა დაამტკიცა. საერთაშორისო არენაზე მეტად სუსტ მოთამაშედ გამოიყურება და ამიტომ არ მგონია, რომ რუსეთს როგორც მოთამაშეს სერიოზულ ანგარიშსს უწევდნენ საერთაშორისო პარტნიორები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.

 

 

Aburjga Tasmanieli დასავლეთის შეთავაზება და საერთოდ ლგბტ დასავლეთის ნატრაკი არ გაიშვა! იმედი მაქვს საქართველოს ამაოხრებელ და გამაფარჩაკებელ დედა არ ეყოლება მალე კოლექტიურ დასავლეთს !
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კაცს 5000-ზე მეტი ბირთვული ქობინის და მიტანის საშალებებზე პულტი-ჩემოდანი ხელში უჭირავს და ქეციანი ბლინკენი და ლივერნი ლკალბასა შოლცი, გერონტოფილი მაკრონი სთავაზობს უსაფრთხოებას! წადით რა შეაყოლეთ, იმ 33 ქართველის სიცოცხლეც თქვენს კისერზეა კოლექტიურო დასავლეთო!
1 წლის უკან