უმძიმესი ბრძოლა ბახმუტისთვის და სასაკლაოდ ქცეული ქალაქი - რაში სჭირდება პუტინს ბახმუტი

უმძიმესი ბრძოლა ბახმუტისთვის და სასაკლაოდ ქცეული ქალაქი - რაში სჭირდება პუტინს ბახმუტი

ბრძოლა ბახმუტისთვის - ქალაქის ასაღებად უმძიმესი ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ქალაქში გათიშულია წყალი, შუქი და გათბობა. უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსეთის არმია ქალაქის შემოგარენს უტევს ყველა შესაძლო იარაღიდან - არტილერიით დაწყებული და ავიაციით დამთავრებული. სწორედ ბახმუტთან ბრძოლაში 5 ქართველი დაიღუპა, რომელთა ცხედრების გამოტანა რუსების ალყის გამო ვერ ხერხდება.

როგორც for.ge-სთან სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ბრძოლების ინტენსივობას თავად ბახმუტის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა განაპირობებს. ამ ქალაქის აღება რუსეთის არმიას გზას გაუხსნის დონეცკის ოლქის ქალაქებზე - სლავიანსკზე, კრამატორსკზე, კონსტანტინოვკასა და სევერსკიზე სწრაფი შეტევისთვის. ასევე მას პოლიტიკური დატვირთვა ექნება, რადგანაც რუსები ცდილობენ ზამთარს პოზიტიურად შეხვდნენ, რაც ჯარზე დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ბახმუტში მძიმე და ინტენსიური ბრძოლები მიდის. ეს არის სანგრების სასტიკი ომი, რომელშიც მრავალრიცხოვან იერიშებში უდიდესი რაოდენობის არტილერია მონაწილეობს. ქალაქში კი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სანგრებში მყოფი უკრაინული ქვეითი ჯარია, რომელიც იერიშებს იგერიებს და არტილერიის ცეცხლს უძლებს.

ამერიკული გაზეთი New York Times, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელსა და უკრაინელ ჯარისკაცებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ რუსეთის სარდლობა აგრძელებს ბახმუტში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების და ასევე იმ ძალების გადასროლას, რომლებმაც ხერსონის ფრონტიდან უკან დაიხიეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სწორედ ეს ძალაა, რომელიც ბახმუტს ასე გავეშებით უტევს.

გაზეთის თანახმად, ბახმუტის დაცვის გასაძლიერებლად, უკრაინამაც გადაისროლა სპეცდანიშნულების ნაწილები და ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებისგან შემდგარი დამატებითი ძალა. ხოლო ქალაქში არსებული სამრეწველო შენობები მათ საშუალებას აძლევს, რომ რუსებს ქალაქში ბრძოლა მოუგონ.

საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბახმუტზე რუსების განუწყვეტელი შეტევის მიუხედავად, უკრაინელებისთვის ბახმუტი ადვილი დასაცავია. მდინარე მახმუტა ბახმუტს ორ ნაწილად ჰყოფს და ასევე იქ სამრეწველო ზონაა. ქალაქში ფაბრიკა - ქარხნებია, რაც იძლევა საშულებას, რომ უკრაინელებმა ქალაქში რუსებს წინააღმდეგობა გაუწიონ. ამავე დროს, გენერალი ამბობს, რომ ასეთი სამხედრო ტერმინი არსებობს, ქალაქს რაც უფრო ანგრევ, იქ შესავლა მით უფრო ჭირს, რადგან ეს მტრისთვის უფრო დიდ ბარიკადებს ქმნის.

„რაც შეეხება ბახმუტის მნიშვნელობას, მიუხედავად ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგისა, ბახმუტის გავლით, ან შემოვლის შედეგად რუსები კრამატოვსკი - სლავიანსკის რაიონის თავდაცვაზე გავლენ, რაც მათ ამ მიმართულებაზე შეტევას გაუადვილებთ. მეორე სტრატეგიული მიზეზი ის არის, რომ ბახმუტის ჩრდილო ნაწილში წყალგამანაწილებელია, რომელიც სასმელი წყლით დონეცკის რაიონს ამარაგებს. თუ რუსებს უნდათ, რომ დონეცკი შეინარჩუნონ, ამ წყლის გამანაწილებლის გარეშე წარმოუდგენელი იქნება. რაიონში ძალიან დიდ პრობლემები აქვთ. ასევე არსებობს მესამე მიზეზი და ეს პოლიტიკურია.

რუსებს ამდენი წარუმატებლობის ფონზე, რაღაცა წარმატება სჭირდებათ, რადგან ზამთრის კამპანიაზე გარკვეული პოზიტივით გავიდნენ. სამწუხაროდ, რაც ახლა ბახმუტის ირგვლივ ხდება, ეს არის ის, რომ უკრაინელებმა ხერსონიდან გამოყვანილი რუსული დაჯგუფების განადგურება ვერ შეძლეს. ეს დაახლოებით ორი დივიზიის ზომის დანაყოფი იყო. საუბარია სადღაც 20 000-მდე კაცზე. ზუსტად ეს დანაყოფია, რომელიც ახლა გაძიერებულია, შევსება განახორციელეს და ეს დანაყოფი ახლა ბახმუტს უტევს. რუსებს არტილერიის კუთხით დიდი უპირატესობა აქვთ. ზუსტად ამ საცეცხლე უპირატესობით ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ, რომ წინ წავიდნენ და ეს ტაქტიკური უპირატესობა შეინარჩუნონ“, - ამბობს კაპანაძე.

მისივე თმით, რუსების რესურსის ამოწურვაზე დამაიმედებელი არაფერია. მიუხედავად რუსეთში არსებული პრობლემებისა, მობილიზაციის დროს, პუტინმა 300 000 კაცის მობილიზება მაინც შეძლო. ამას საშემოდგომო სავალდებულო გაწვევა დაემატა, სადაც 130 000-მდე კაცი შეკრიბეს. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიად არის გამოცხადებული და იქ ახალწვეულების გამოყენებაც შესაძლებელია. გენერალი ამბობს, რომ მობილიზებული ჯარიდან 100 000 კაცი საბრძოლოდ უკვე გასულია, ხოლო დანარჩენი მათგანი წრთვნას გადის.

„რუსებს საბჭოთა იარაღის ძალიან დიდი მარაგი გააჩნიათ, რომელიც არ არის ზუსტი, მაგრამ ლეტალურია. რუსები ამ იარაღს ყოველგვარი შეფერხების გარეშე იყენებენ. უკრაინა კი მუდმივად სხვაზეა დამოკიდებული და ჩნდება კითხვა - რამდენად აქვს ევროპას იმის მარაგი, რომ ის უწყვეტად მოამარაგოს? სანამ ის სამრეწველო კამპანიები არ ამუშავდებიან, რომლებიც იარაღის წარმოებას შეძლებენ, სრულმასშტაბიანი ომის პირობებში ინგლისს ერთი კვირის მარაგი აქვს, გერმანიას ორი დღის. მართალია, უკრაინას ამერიკაც ეხმარება, მარამ ამერიკა ტაივანსაც მხარდაჭერას უწევს. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია დასავლეთი უკრაინას იარაღს რამდენად სწრაფად მიაწვდის. რუსეთს კი მარაგი, სამწუხაროდ, ჯერ კარგად აქვს“, - ამბობს კაპანაძე.

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი კი ამბობს, რომ რუსეთი ახლა ცდილობს ფრონტის ხაზზე ერთი უპირატესობა მაინც აჩვენოს. ბატიაშვილი for.ge-სთან აცახდებს, რომ რუსეთში მობილიზაციის მეორე ეტაპი, დიდი ალბათობით, უკვე დაიწყება, რადგან პირველი ტალღის დიდი ნაწილი უკვე დაიღუპა. ასევე, იგი ყველანაირად ცდილობს, რომ უკრაინა რამენაირად მოლაპარაკებებზე დაითანხმოს.

„რუსეთს უნდა უკრაინა როგორმე მოლაპარაკებებზე წამოიყვანოს, სადაც საკუთარი პირობები ექნება. პუტინის მიზანია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ პროცესი გაიყინოს, რათა შემდგომი ეტაპისთვის უკეთ მოემზადოს. ახალი ძალებით უკრაინაზე შეტევა შეძლოს. უკრაინელებმა ეს შესანიშნავად იციან და მხოლოდ იმაზე არიან თანახმა, რომ რუსები ოკუპირებული ტერიტორიებიდან სრულად გავიდნენ. რა თქმა უნდა, რუსები ამას არ დათანხმდებიან, რადგან ეს პუტინის რეჟიმის დამხობის ტოლფასი იქნება. ამიტომ, სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრძოლები კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

არ უნდა ველოდოთ, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება. სამწუხაროდ, ეს მძიმე რეალობაა. დასავლეთს ღიად აქვს უკვე დაფიქსირებული, რომ უკრაინის გარშე რაიმე მოლაპარაკებაზე საუბარი ზედმეტია. ვფიქრობ, რომ უკრაინელების ეს პოზიცია მომავალზეც არის გათვლილი, როცა ხელისუფლებაში პუტინი აღარ იქნება. ჩვენ კარგად ვიცით, ჩვენიც და უკრაინის მთავარი მტერი რუსეთის სახელმწიფო მანქანაა. აქ მხოლოდ პუტინის პრობლემა არაა. ყველამ კარგად იცის, რომ პუტინი ამ სისტემამ შვა. საერთოდ, პუტინის ხსენებაც კი არ იყო, როცა აფხაზეთში ასეთს და უფრო უარეს მხეცობასაც სჩადიოდნენ“, - ამბობს ბატიაშვილი.