„ასეთი დაუნდობელი, არაკაცური დამოკიდებულება საკუთარი ლიდერის და მეგობრის მიმართ, იყო არაკაცობის მწვერვალი, რაც ახლა მიშას სჭირს, სულ მისი გარემოცვის კისერზეა“

„ასეთი დაუნდობელი, არაკაცური დამოკიდებულება საკუთარი ლიდერის და მეგობრის მიმართ, იყო არაკაცობის მწვერვალი, რაც ახლა მიშას სჭირს, სულ მისი გარემოცვის კისერზეა“

ვის კისერზეა სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა, რა შეცდომა დაუშვა ექსპრეზიდენტმა დაპატიმრების შემდგომ არა მხოლოდ პიარ-სტრატეგიის კუთხით, რომელ კანონს არღვევს გიული ალასანია და რა მისცემს სააკაშვილს გათავისუფლების შანსს? - ამ საკითხების ირგვლივ for.ge „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მიშასთავის ყველაზე ახლო მეგობარი აღმოჩნდა და უკვე მეორედ აძლევს მისთვის უაღრესად მნიშვნელოვან რჩევას.

როგორ შეაფასებდით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს? რატომ ჩაიგდო ხელისუფლებამ თავი რთულ სიტუაციაში იმით, რომ თავის დროზე არ მისცა სააკაშვილის რეჟიმს პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება და მსოფლიოს აყურებინებს ნაციონალების ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს?

- თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ იმ ლიდერების განრიდება პასუხისმგებლობისგან, რომლებამც ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, მათ შორის სახელმწიფო ღალატი, არასწორი იყო. სახეზეა დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის საკითხი, კორუფცია, რეპრესიები, ადამიანთა მკვლელობა, გატაცებები, პირდაპირ შეიძლება თქმა - ბანდიტური ბანდფორმირებები ჰქონდათ ჩამოყალიბებული. ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების სტრატეგიული შეცდომა იყო და ამან პრობლემა ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას შეუქმნა. 2012 წლის შემდეგ, 10 წელია ქვეყანა ვერ ვითარდება, ჩამოყალიბებული მეხუთე კოლონა ჰყავს, რომელიც მტრულად არის განწყობილი ერის და სახელმწიფოს მიმართ. ბოლო დროს ძალიან ღიად და აშკარად გამოჩნდა, რომ ქვეყანას მართლაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, განვითარდეს, მაგრამ მთავარი ფაქტორი განვითარებისა, არის ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, ეს კარგად ორგანიზებული, ნაქურდალი ფულით დაფინანსებული მეხუთე კოლონა, არა მარტო პოლიტიკური სპექტრი, არამედ ე.წ. მათი ტოტალურად კონტროლირებადი მედიით, პირდაპირ ძირს უთხრის სახელმწიფოს და მცდელობას არ აკლებენ, ქვეყანა ჩაითრიონ სამხედრო დაპირისპირებაში - რუსეთთან ომში.

დასავლეთის მოთხოვნა იყო, „ნაცმოძრაობა“ მეორე პოლირიკურ ძალად შენარჩუნებულიყო. მას შემდეგ ბევრი საბოტაჟის ფაქტი ვნახეთ და არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მათი მხრიდან. დღეს კი ღიად ფინანსდებიან და ძალაუფლების ხელში აღების ამბიციებიც გაუჩნდათ. ვანო მერაბიშვილიც გამოჩნდა საკუთარი ამბიციებით...
- დასავლეთის მხრიდან ნამდვილად იყო ეს მოთხოვნა, მაგრამ აქვს შედეგი? რაღაც მინიმალურ სუვერენიტეტს მაინც უნდა ამჟღავნებდეს ხელისუფლება. ადრე პრინციპულად მიუღებელი, დამჯერი პოზიცია იყო და დღეს ხელისუფლებამ აშკარად გამოაჩინა თავისი პასუხისმგებლობა და პრინციპულობა - უარი განაცხადა ქვეყნის ომში ჩათრევაზე. ამას დაფასება სჭირდება და ამას მე ვაფასებ. დღეს რომ საქართველოში 1000 კ/მ გაზი 2 ათასი დოლარი არ ღირს და ხალხი შიმშილით არ იხოცება, თაროებზე რაღაც პროდუქტი მაინც დევს და პური არის, ეს არის ხელისუფლების სწორი, პასუხისმგებლიანი საქციელის შედეგი და მე ამას ვაფასებ. თუმცა, ცოტა ადრე რომ ექნათ, უკეთესი იქნებოდა და ასეთი დაძაბულობა არ იქნებოდა. დღეს დაძაბულობა მთელ მსოფლიოშია და ამ დაძაბულობის განმუხტვის ხაზი პირდაპირკავშირშია ფრონტთან, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზეა. უკრაინაში მიმდინარეობს სამხედრო დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის. რეალურად მიდის გენოციდი უკრაინელი ხალხის. რაც შეხება მერაბიშვილს და კეზერაშვილს, ეს გააქტიურება გასაკვირი არ არის. როცა ადამიანებს შერჩათ ნაქურდალი მილიარდები, თავისთავად ცხადია, ეს ფული აწუხებთ. ზედმეტი ფულია და ფულს უყვარს ძალაუფლება. ნახეს რა, სააკაშვილი გაკოტრდა და ამ ოპოზიციას ლიდერი აღარ ყავს, ხედავენ, რომ დასავლეთში არიან ძალები, რომლებსაც უნდათ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, ამათ თავისი თავის შეთავაზება უნდათ. ფული კი აქვთ, მაგრამ ხელში უნდა მოიგდონ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც კვალიფიციური პარტიაა, დაფინანსება აქვს, რაღაც ელექტორატიც ყავს. 3% თბილისში შენარჩუნებული აქვთ, რა თქმა უნდა, მიშას ყოფილ ელექტორატსაც დააჯდნენ, დაახლოებით 6%-ია. უნდათ რევანშისტული საპროტესტო ელექტორატით აიღონ ეს ნიშა, ტელევიზიებიც, რომლებიც მზადაა, თუ დაფინანსების წყარო ექნებათ, იმუშაონ ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ მინდა გითხრათ, აბსოლუტურად უპერსპექტივოა. მეგონა, მერაბიშვილს ცოტა ჭკუა ჰქონდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკაში სწორ თვითშეფასებას და შექმნილი მოცემულობის, გარემოს ობიექტურ ანალიზს. ის, რომ წყლის ამღვრევის სურვილი გარეთ არსებობს, გასაგებია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ შიძლება გაიფიქროს, რომ მერაბიშვილი ძალაუფლებას დაიბრუნებს.

იქნებ მხოლოდ ფული არ აწუხებთ და მერაბიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება იმდენად დასუსტდა, დიდი ფულის პირობებში, „ნაცმოძრაობას“ რაღაც შანსები აქვს. რა გათვლაა იგივე ხაბეიშვილის ფიგურის შერჩევა?

- აქ გათვლა არ არის, აქ უბრალოდ, ზუსტად ის მომენტია, როცა უძაღლოდ დარჩენილ პოლიტიკურ სივრცეში, კატები ყეფენ. აბა, გადახედეთ სათითაოდ და გადაარჩიეთ. ნახეთ, რა არის „ნაცმოძრაობა“.ხაბეიშვილზე ცოტა მეტი ჭკუა ვისაც აქვს, იმას იმდენი ჭკუაც აქვს, რომ ხვდება, ეხლა არ ღირს. ამიტომ სხედან წყნარად, თორემ მთლად ასე გაკოტრებულები ხომ არ არიან. ჭიაბერაშვილმაც რომ მოინდომა, ვერ ნახე? კაცი პარტიის წევრიც არ არის და ეს დაავიწყდა. ეს არის დასასრული, რაც 10 წლის წინ უნდა ყოფილიყო. სახეზე გვქონდა ნაციონალების დასასრული, უბრალოდ ხელოვნურად ხელისუფლებამ გამოაცოცხლა, აპარატზე შეაერთა, რეანიმირება გაუკეთა. იფიქრა, ამით თავს დასავლეთსაც მოაწონებდა, რადგან იქ იყო ამის მოთხოვნა. თუმცა, მათ შეეძლოთ ფაქტის წინაშე დაეყენებინათ დასავლეთი, რომ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად გარდაიცვალა და დაენახებინათ რეალურად, რაც იყვნენ.

ასეთი აზრიც გაჩნდა, რომ მერაბიშვილს გამოჩენა-გააქტიურება, ივანიშვილის ინტერესებშია და მერაბიშვილის ხელით ანადგურებს „ნაციონალურ მოძრაობასო“. რეალობასთან ახლოსაა ეს პოზიცია?

- ივანიშვილს რომ მაგათი განადგურება სდომებოდა, თავის დროზე გაანადგურებდა. არა მგონია, ივანიშვილი ერეოდეს ამათ საქმეში. ესენი თავის თავს თვითონ მარხავენ. ამიტომ ახლა ყველაზე ჭკვიანური იქნება, რომ ხელი არ შევუშალოთ ერთმანეთის დამარხვაში. ივანიშვილს ამათზე მეტი გამოცდილება აქვს და კარგად ესმის, ახლა მისი ჩარევა აბსოლუტურად ზედმეტია. მთავარია, ახლა ისინი მიუშვა ნებასა და „თვით შეეყრებიან სნებასა“. ცოტა უფრო მეტად სერიოზული საქმეები აქვს ივანიშვილს, მე ასეთი ეჭვი მაქვს.

ფიქრობთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსიც დაკარგა?

- თავის დროზე „ქარულმა ოცნებამ“ ხელოვნურად გზა გადაუკეტა რეალური ოპოზიციური ფლანგის შექმნას და შეინარჩუნა სატელიტად, როგორც სპარინგ პარტნიორად ეს მარგინალური და გაკოტრებული ძალა. იმდენად ზედმეტი მოინდომეს, რომ რეალურად სხვა ალტერნატივა არც არის. როგორც მიშას ალტერნატივად ხაბეიშვილი ვერ გამოდგება, ისე „ნაცმოძრაობის“ ალტერნატივად, ეს რაღაც „ჩიჟი-ბიჟი“ პარტიები ვერ გამოდგებიან. ჩვენ, კონსერვატიული ფლანგი, პრაქტიკულად, მიძინებული ვართ, რადგან ვიმეორებ, „ქართულმა ოცნებამ“ გადააჭარბა თავის მცდელობებს და ლამის ნამეტანი მოუვიდა - მთლიანად ამოკეტა ეს ფლანგი. თუ გაიხსნება საინფორმაციო ველი საღი აზრისთვის, რომ ცოტა განსხვავებული აზრიც მოისმინოს ხალხმა, მაშინ შეიძლება შეიქმნას რაღაც ფლანგი და მიზიდულობაც, ალბათ, იქნება. თუ არადა ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლომდე არ დააქცევენ.

მანამდე გაგრძელდება, სანამ სააკაშვილთან მიმართებაში დასავლეთიდან არ გევქნება მკვეთრი რეაგირება? რას იტყვით დაქირავებულ ამერიკულ პიარკომპანიაზე და ზოგადად, როგორ უყურებთ პროცესებს, რომელიც ექსპრეზიდენტის ირგვლივ ვითარდება.

- სააკაშვილმა აბსოლუტურად არასწორი სტრატეგია აირჩია, მისთვის ზედმიწევრით დამამცირებელი. დავიწყოთ იქედან, რომ სოსისების და არაჟნის კონტეინერით ყოფილი პრეზიდენტის შემოსვლა ქვეყანაში, უბრალოდ, პლინტუსს ქვევით არის. ფსკერი გახვრიტა ასეთმა კომიკურმა შემოსვლამ. ახლა რასაც აკეთებს - ისტერიკა - ეს ხომ საერთოდ. მერაბიშვილიც იჯდა, ახალაიაც. ორივემ იბრძოლა იმისთვის, რომ არ ჩამჯდარიყვნენ. სააკაშვილი ახლა რასაც აკეთებს, ძალიან დამამცირებელია მისთვის. ჯერ, რა ხალხი ყავს დაქირავებული, გამოდის ვიღაც, რადიოში ვისმენდი, იძახის, ადვოკატი ვარო და 4 საწამლავით არის მოწამლულიო. ე.წ. მითრიდატე პონტოელი გამოიყვანა სააკაშვილი, რომელსაც წამლავდნენ და ვერ წამლავდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთ მოწამვლაში დედამისი იყო ეჭვმტანილი. ჰოდა 4 მოწამვლა, რა ვიცი... ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს, იქ რაღაც ზედმეტად უშვებს ამ ხალხს. 4 საწამლავით არის მოწამლულიო და ვერც ერთმა ვერ მოწამლაო. ვინ შეიძლება ეს დაიჯეროს?! „ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმოს პატიმრის, ყოფილი პრეზიდენტის, მოწამვლა და თან ერთი საწამლავით ვერ ქნას და 4 შეიტანოს და ოთხივეთი ვერ ქნას? ამას რომ იტყვის, უკვე ხომ ჩანს, რა მდგომარეობაშიც არის. სააკაშვილი დღემდე იძახის, ყველაფერს კარგად ვაკეთებდიო. ეშმაკივით იქცევა, ეშმაკს ხომ ბოდიშის მოხდა არ შეუძლია. არ შეუძლია თქვას, უფალო შემიწყალე. აი, ზუსტად ეშმაკივით იქცევა, ბოდიშს ვერ იხდის კაცი. პატიმარს რომ ჯოხს ურჭობდნენ და აწამებდნენ, ეს სწორი საქციელი იყო?! გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის საქმეები, ეს რეპრესიები, ბიუჯეტის ძარცვა, დავითგარეჯას საქმე, ხალხის ბანდიტურად ძარცვა, მძევლად აყვანა... დაიჭერდნენ ვიღაცას, ფულს მოატანინებდნენ ოჯახს, მერე გამოუშვებდნენ, ეს სწორი იყო? ამისთვის ბოდიშიც არ მოუხდია. ამბობს, ყველაფერი კარგად გავაკეთეო. იცის, ის აგრესია, რაც მის მიმართ იყო, შენარჩუნებულია. დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ მიშას გამოშვების, ხალხის შიშით ვერ გამოუშვებენ. ძალიან დიდი აგრესიაა მის მიმართ საზოგადოებაში, ხალხში მაგათი დაბრუნების შიშია. არასწორი სტრატეგია აირჩიეს. ღმერთმა დამიფაროს, დამცირება დავაპირო, პატიმარია კაცი და მე ეს არ მახასიათებს, უბრალოდ, ეს მისთვის დამამცირებელია, სხვაგვარად უნდა მოიქცეს. ჯერ ერთი, ხალხს ბოდიში მოუხადოს, ღმერთისგან შენდობა ითხოვოს, აღიაროს, რომ რაღაც შეეშალა. ამის შემდეგ შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება გაიღოს ხალხთან ურთიერთობისთვის. აქამდე არაფერს მისთვის აზრი არ აქვს, არანაირ ფართხალს. კიდევ, მაინტერესებს, გიული ალასანიას საიდან აქვს ამდენი ფული, რომ ამერიკული კომპანიები დაიქირავოს? ეს ათეულობით მილიონები ღირს. როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ამოიღეთ მაგის ქონებრივი დეკლარაცია და სადაც ნახავთ გიული ალასანიას, ყოველთვის ჰკითხეთ, როგორ გამდიდრდა. საიდან ფლობს ამ ქონებას, საიდან აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთ კომპანიებს ქირაობს? როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მას ხომ არ ჰქონდა ეს ბიზნესები. საქართველოში არსებობს კანონი „კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ“. ამ კანონში პირდაპირ წერია, რომ ჩინოსნებმა, ყოფილმა ჩინოსნებმა და მათი ოჯახის წევრებმა არსებული ქონების შესახებ დასაბუთება თვითონ უნდა წარმოადგინონ. ანუ ასეთ დროს მტკიცების ტვირთი არის მათ მხარეს. ამიტომ გიული ალასანია და ყველა: მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ვალდებული არიან თავისი ქონების კანონიერება დაასაბუთონ. დაასაბუთონ საიდან აქვთ ეს ქონება, ამას კანონი ითხოვს.

რას ელიან გიული ალასანია და სააკაშვილი ამერიკელი ლობისტებისგან? თავის დროზე ფსიქოლოგი და ფსიქიატრიც მოიწვიეს უცხოეთიდან, ახლა კი პიარკომპანია დაიქირავეს, რა შედეგს ელიან?

- ამათ ჩათვალეს, რომ სტრატეგია - ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, „ემპათიები“, ყველაფერი პიარი იყო. ჩათვალეს, რომ რაღაც არასწორად მიდიოდა პიარი და ახლა დაიქირავეს კომპანია, რომელიც იმუშავებს, არამხოლოდ რეკომენდაციებს მისცემს პიარში, ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. ესენი შეეცდებიან ქვეყნის გარეთ შექმნან საინფორმაციო კლიმატი, ლობისტური კომპანიის საშუალებით ფული ხარჯონ კონკრეტულ თანამდებობის პირებთან, ეს რეალურად კორუფციის მაგვარი რამ არის, თუმცა აშშ-ში ეს კანონიერია. კუბილიუსების და მისნაირების განცხადებები თქვენ გგონიათ, უანგაროა? მე არ ვფიქრობ, რომ ესენი უანგაროდ საუბრობენ. ახლა უნდათ, ფრონტი უფრო გაიშალოს. ერთხელ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე სააკაშვილს კარგი რჩევა მივეცი, მაშინ მან მოისმინა და ამით არაფერი წაუგია. ახლაც მინდა, ვურჩიო, ღმერთმა დამიფაროს, ნიშნის მოგებით და რაიმე სხვა მიზნით ვსაუბრობდე, მინდა ვუთრა, ეს არასწორია, არასწორ გზას ადგას. ეს იმას აჩევნებს, რომ მას ქართული მენტალიტეტის არ ესმის, მცდარი გზა აირჩია. ჯერ ერთი, ღირსებას არ მატებს, პირიქით, ამცირებს და აკნინებს. სიტუაცია გააშარჟეს, გააკომიკურეს. თუ მას უნდა, რომ პოზიტიური გარემო შეიქმნას, გზა უნდა იპოვოს არა კოლექტიურ დასავლეთში - კოლექტიურ კუბილიუსებთან და ვიღაცეებთან, რომლებმაც ქართულ საზოგადოებას უკვე თავი მოაძულეს, არამედ თვითონ ხალხთან. ხალხთან ურთიერთობის დაწყება შეიძლება ბოდიშით. ეს დიდებული სიტყვა - „შემინდე“  ღმერთმა გვასწავლა ჩვენ, ადამიანებს. ეს განთავისუფლებს ყველა იმ ტვირთისგან, რაც შენ, ადამიანს გაწევს. ეს, პირველ რიგში, უნდა ითხოვოს ღვთისგან, რა თქმა უნდა, და მერე ხალხსიგან. ეს არის ჩემი რჩევა. აი, ყველაზე მეტი მეგობარი მე აღმოვჩნდი სააკაშვილის. ნებისმიერმა მესამე პირმა შეაფასოს, რას ურჩევს გვარამია და ის ბრბო და რა ვურჩიე მე, რომელმაც რაც საერთოდ ერთმანეთის არსებობა გავიგეთ, ერთმანეთს ვებრძოდით. ვინ უფრო კაცური და ადამიანურია და ვინ უფრო მეგობრული რჩევა მისცა, მისმა ბრბომ თუ მე. თვითონაც დაფიქრდეს, რომ ასე ჯობია. ვიმეორებ, ეს მას შეუღებს შესაძლებლობის ფანჯარას, გაუღებს ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობის კარს, დაარბილებს ქართულ საზოგადოებას.

ისე გამოვიდა თავისმა თანაპარტიელებმა გამოიყენეს ბოლომდე და განზე გაწიეს.

- სარგებლობენ. თანაპარტიელებმა გაწირეს 2013 წელს. ძირითადად, დაკავებული იყვნენ სააკაშვილის ფულის გამოძალვით. მაგის მეგობრების კისერზე არაა სააკაშვილის საკვები პროდუქტების კონტეინერით აქ ჩამოსვლა? მისმა გარემოცვამ შემოიტყუა სააკაშვილი საქართველოში. არასწორ რჩევებს აძლევდნენ, არასწორ ინფორმაციას. მაგათ დაღუპეს რეალურად. რის გამო? - იმიტომ, რომ ფული გამოეძალათ. აბა, გვარამია რითი იცვლიდა ამ მანქანებს? ასეთი დაუნდობელი, ასეთი სასტიკი და არაკაცური დამოკიდებულება თავისი საკუთარი ლიდერის და მეგობრის მიმართ, რაც მაგისმა გარემოცვამ გამოიჩინა, იყო არაკაცობის მწვერვალი. რაც ახლა მიშას სჭირს და რასაც აგრძელებინებენ, ეს სულ მისი გარემოცვის კისერზეა.

petrekupry ხაბეიშვილი ხრუშჩოვად არ იქცეს, როგორც ხრუშჩოვს არ აგდებდნენ სათვალავში და არ რევდნენ არსად, მერე რაც დაატრიალა ვიცით. ასე არ იყოს ხაბეც .....
1 წლის უკან