პარლამენტმა რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა. საქართველოს რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზეც კი გაუჩნდა შესაძლებლობა დაფინანსება ყველა მიმართულებით გაზარდოს და მასშტაბური პროექტები განახორციელოს.
2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის მიხედვით, მთავრობის ხარჯები 726 მილიონი ლარით იზრდება და ის 21.9 მილიარდ ლარს მიაღწევს.
სამინისტროების მიხედვით, დაფინანსების ზრდა ბიუჯეტის მეორე წარდგენის პროექტთან ასეთია:
ჯანდაცვის სამინისტრო - 6,858 მლრდ ლარი, ზრდა მეორე წარდგენასთან 60 მლნ ლარი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 3,331 მლრდ ლარი, ზრდა მეორე წარდგენასთან 355 მლნ ლარი;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2,031 მლრდ ლარი, ზრდა მეორე წარდგენასთან 52 მლნ ლარი;
თავდაცვის სამინისტრო - 1,260 მლრდ ლარი, ზრდა მეორე წარდგენასთან არ არის;
შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1,106 მლრდ ლარი, ზრდა მეორე წარდგენასთან 36 მლნ ლარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 698 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 10 მლნ ლარი;
ეკონომიკის სამინისტრო - 558 მლნ, კლება მეორე წარდგენასთან 96 მლნ ლარი;
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 431 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 30 მლნ ლარი;
იუსტიციის სამინისტრო - 392 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 23 მლნ ლარი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო - 186 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 3 მლნ ლარი;
ფინანსთა სამინისტრო - 106 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან არ არის.
გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6,798 მლრდ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ პირველად გეგმასთან შედარებით გაზრდილია 771.1მლნ ლარით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1,978 მლრდ ლარით, აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატის და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2,975 მლრდ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 1,543 მლრდ ლარი, გრანტებში გათვალისწინებულია 13.9 მლნ ლარამდე, კრედიტებში გათვალისწინებულია 1,418 მლრდ ლარამდე.
ექსპერტი ანდრია გვიდიანი რეკორდული მოცულობის ბიუჯეტის პარამეტრებს მხარს უჭერს. მისი აზრით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მთავრობას ყურადღების მიღმა არ დარჩენია ერთი შეხედვით, ნაკლებად პრიორიტეტული მიმართულებებიც.
„მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილი შემოსავლების ფონზე, გარდა სხვა საკითხებისა, როგორიც არის სოციალური მიმართულებები და გაზრდილი ინფრასტრუქტურული ხარჯები, გაზრდილი ხელფასები, მათ შორის, პოლიციელებისათვის, ჯარისკაცებისთვის, მასწავლებლებისთვის და ა.შ. ამ უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროექტების და ინიციატივების გარდა, შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ტურიზმის სექტორის დაფინანსებაც გაზრდილიყო, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა იყოს იმდაგვარად განვითარებული, რომ უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლა გახდეს უფრო მეტად კომფორტული, შესაბამისად, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ მიზანს ემსახურება, არის, რა თქმა უნდა, მისასალმებელი“, -აცხადებს ანდრია გვიდიანი.
გაზრდილ ბიუჯეტზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაიაც, რომლის შეფასებითაც 22-მილიარდიანი ბიუჯეტი კარგ შესაძლებლობებს იძლევა საიმისოდ, რომ მოსახლეობა იყოს უფრო კმაყოფილი, ვიდრე წინა წლებში.
„საქართველოს ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდა მისასალმებელია. ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მომდევნო წელს დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და ასევე საგარეო ვალის მომსახურების კუთხით მნიშვნელოვანი თანხების გადასროლა, რომელიც ვალდებულებებს შეგვიმცირებს და მოიყვანს მას სავალუტო ფონდის სტანდარტებთან შესაბამისობაში. ბიუჯეტის ზრდა კარგ შესაძლებლობებს გვაძლევს, რათა მაკროპარამეტრები მოწესრიგდეს და ასევე სხვადასხვა კონკრეტული პროექტები დაფინანსდეს, რათა საზოგადოება იყოს უფრო კმაყოფილი“,- განაცხადა ჭარაიამ.