მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა და ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შემოწმება დაევალებათ. ამით კიდევ უფრო გართულდება საგამოცდო ნაწილი, მაგრამ სატრანსპორტო დარგის სპეციალისტები ამ ცვლილებებს მიესალმებიან. გადაწვეტილება ძალაში 2023 წლი სექტემბრიდან შევა.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ საგზაო უსაფრთხოებისთვის მძღოლობის კანდიდატებმაც ნამდვილად უნდა იცოდნენ ავტომობილის გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ცვლილებები ევროდირექტივის მოთხოვნებს ეყრდნობა. საერთაშორისო გამოცდილებაც ასეთია, რომ მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეეძლოს ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შემოწმება. ეს საჭიროა არა მხოლოდ გამოცდისთვის, არამედ ზოგადი სათანადო ცოდნისთვის. ყველა მძღოლი ვალდებულია, ვიდრე ექსპლუატაციას გაუწევს საკუთარ ავტომობილს ელემენტარულად, იცოდეს სად რა არის ამ ავტომობილში და განსაკუთრებით ის მონაცემები, რომელიც უკავშირდება საგზაო უსაფრთხოებას. მაგალითისთვის ეს შეიძლება იყოს საბურავები, სამუხრუჭე სისტემა, მინამწმენდი, შუქმაჩვენებლები და ასე შემდეგ. მე ამ მოთხოვნებს მივესალმები“, - განუცხადა „კომერსანტს“ მესხიშვილმა.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა შს მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამოცდის კიდევ ერთ ეტაპს და ეს ეხება ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმებას.
კერძოდ, ცვლილება გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან - და ზეპირად (ზეპირიპასუხის გადმოცემა შესაძლებელია თავისუფალი თხრობით, თუმცა პასუხი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით შესაბამისი კატეგორიის - ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი დავალების პასუხს).
სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატისათვის შერჩევითად შეიძლება მიცემულ იქნეს შემდეგი დავალებები:
- განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა
- განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა
- განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა
- განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა
- განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ
- განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა
- განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა
- განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა
- განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა და ა.შ.
სპეციალისტების ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ ამიერიდან მართვის მოწმობის მქონე ახალბედა მძღოლებს უკვე პრაქტიკულად ეცოდინებათ, როგორ პირობებში მოუწევთ ავტომანქანის მართვა და შესაბამისად, ნაკლებად სახიფათონი იქნებიან.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი გადავიდა რეალურ საგზაო მოძრაობაში - შესაძლოა ზოგიერთმა პირველი ეტაპის გავლა მოახერხოს კიდეც რამე ხრიკის გამოყენებით, მაგრამ მეორე ეტაპზე ვეღარ დაიძვრენს თავს.
„მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გადატანა რეალურ საგზაო მოძრაობაში. შესაძლოა, ზოგიერთმა პირველი ეტაპის გავლა მოახერხოს კიდეც რამე ხრიკის გამოყენებით, მაგრამ მეორე ეტაპზე ვეღარ დაიძვრენს თავს. რეალურ საგზაო მოძრაობაში მძღოლს სულ სხვა უნარ-ჩვევები სჭირდება და გამოცდაზე გასულსაც მეტი მომზადება და პასუხისმგებლობა ექნება.
ამიერიდან მართვის მოწმობის მქონე ახალბედა მძღოლებს უკვე პრაქტიკულად ეცოდინებათ, როგორ პირობებში მოუწევთ ავტომანქანის მართვა, საგზაო მოძრაობის წესებს სრულყოფილად შეისწავლიან და მათი მოძრაობა ნაკლებად იქება რისკიანი“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
რა უნდა განმარტოს?
რისთვის?
მალე გადაცემათა კოლოფის ან ძრავის დაშლა-აწყობაც შეიძლება მოითხოვონ.
მარაზმს საზღვრები არ აქვს.