„ხანდახან მგონია, ამერიკას ხომ არ დაუგეს ხაფანგი რუსეთმა და ჩინეთმა?!“

„ხანდახან მგონია, ამერიკას ხომ არ დაუგეს ხაფანგი რუსეთმა და ჩინეთმა?!“

პუტინს უკვე მერამდენედ შეახსენებენ, რომ მოსკოვი ამერიკულ ხაფანგში ხვდება. სულ ახლახანს გავლენიანმა გერმანულმა გამოცემა Die Welt-მა ზუსტად ამავე შინაარსის პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომ ამერიკა ცდილობს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი გააჭიანუროს და ამით რუსული სამხედრო პოტენციალი დაასუსტოს. ზუსტად ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ დასავლეთი უკრაინას იმდენ იარაღს არ აწვდის, რომლითაც უკრაინა ბრძოლას რუსეთის ტერიტორიაზე გააგრძელებდა. ამიტომ მოსკოვი უნდა დაფიქრდეს, სურს თუ არა ამერიკულ ხაფანგში მოხვედრა, ანუ ომის დიდი ხნით გაგრძელება? თუ პუტინი მზადაა სერიოზულ მოლაპარაკებაზე წავიდეს, რისი ნიშნებიც უკვე იკვეთება?

ბერლინის ვილჰელმ ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ჰერფრიდ მიუნკლერი მიიჩნევს, რომ მოსკოვის დასუსტების განზრახვა კარგად ახსნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, რომელმაც განმარტა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იმდენ ხანს უნდა გაჭიანურდეს, სანამ რუსეთის სამხედრო პოტენციალი არ დასუსტდება.

ელის თუ არა მოსკოვს ამერიკული ხაფანგი?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, მათ შორის, პირველი ვერსიაა, რომ ამერიკამ ხაფანგი დაუგო რუსეთს, რასაც ამერიკა თვითონაც არ უარყოფს და მეორე ვერსიაა, რომ ამერიკამ ხაფანგი დაუგო ევროპას და ევროპის ეკონომიკა დააყენა დარტყმის ქვეშ. შეიძლება მესამე ვერსიაც განვიხილოთ, რომ ამერიკამ ხაფანგი კი არ დაუგო რუსეთსა და დასავლეთს, უბრალოდ, თავისი ენერგომატარებლების გასაღება სცადა.

„მეეჭვება, რუსეთის განადგურება იყოს ამერიკის მიზანი, ბაიდენმა იგივე აღნიშნა, ჩვენ რუსეთს არ დავშლით, ოღონდ ვეცდებით, დავასუსტოთო, ანუ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, მოშლა არ არის ამერიკის მიზანი, რადგან ამის შემდეგ უამრავი უმართავი პროცესი წარმოიშობა. ამას ვნახავთ, რამდენად შეძლებენ რუსეთის დასუსტებას ისე, რომ რუსეთს აგრესია აღარ ჰქონდეს. გავიხსენებ უკრაინელი ერთ-ერთი ანალიტიკოსის მოსაზრებას, რომელმაც თქვა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაასუსტეს გერმანია, უზარმაზარი თანხებისა და დათმობების გზით, ფაქტობრივად, გერმანია ძალადაკარგული იყო, მაგრამ მოვიდა ჰიტლერი და რაც გააკეთა, ვნახეთ“. ასე რომ, ხელაღებით ლაპარაკი, რომ რუსეთს სამუდამოდ მოესპობა აგრესიის უნარი, არ ამართლებს. ისეთმა ქვეყანამაც კი, როგორიც გერმანია იყო, მოახერხა რეაბილიტაცია, მიუხედავად იმისა, რომ გაანადგურეს, ქვა ქვაზე არ დაუტოვეს. მით უმეტეს, საუბარია დიდ გეოგრაფიულ ერთეულზე - რუსეთზე. ამიტომ როგორ მოახერხებენ რუსეთის განადგურებას, რომ მან ვერ შეძლოს ბრძოლის გაგრძელება, ალბათ, ეს დროთა განმავლობაში გამოიკვეთება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი იგორ კვესელავა არ იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არის ამერიკული ხაფანგი მოსკოვისთვის. ანალიტიკოსის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც უკვე მსოფლიო ომად არის აღიარებული, მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის არ მიმდინარეობს, არამედ ეს ომი არის რუსეთსა და ამერიკას შორის. აქ იკვეთება ინტერესთა სფეროები-ამერიკისა და რუსეთის ინტერესების სფერო.

„უკრაინას სახელმწიფოებრიობა არასდროს ჰქონია. ეს დაკავშირებულია საბჭოთა პერიოდთან - ლენინთან, სტალინთან და ხრუშჩოვის მიერ ყირიმის ჩუქებასთან. ხანდახან მგონია, რომ ამერიკას თავადვე დაუგეს ხაფანგი, ანუ ეს ამერიკის მიერ დაგებული ხაფანგი კი არ არის, არამედ ამ ხაფანგში თვითონვე აღმოჩნდა ამერიკა. სხვათა შორის, ამერიკულ საზოგადოებაში დიდი წინააღმდეგობაა, რადგან ამ ომმა არანაირი პერსპექტივა არ მისცა ამერიკას, ვთქვათ, ეკონომიკური, დემოკრატიული, არამედ პირიქით მოხდა, ამ ომმა ევროპასა და ამერიკაში უკან დახევა გამოიწვია. შესაძლოა, ამ ხაფანგის დაგებაში მონაწილეობდეს რუსეთიც, ჩინეთიც“, - აღნიშნა იგორ კვესელავამ for.ge- სთან საუბრისას.

მისივე მტკიცებით, ამერიკისთვის ახლა შეუძლებელია ამ ომიდან გამოსვლა, რომლითაც უკრაინა ნადგურდება და უკრაინა არ არის გამარჯვებული. ასევე, რუსეთისთვისაც შეუძლებელია ომს დაანებოს თავი. თუმცა ეს ომი უნდა დამთავრდეს.

„როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, აქ გამარჯვებული არ იარსებებს. ამერიკა შეიძლება ცოტათი გამარჯვებულიც გამოვიდეს ამ ომიდან „ლენდ ლიზის“ პოლიტიკიდან გამომდინარე, ვიდრე უკრაინა და რუსეთი. ისე, უკრაინას არაფერს არ ჩუქნიან, ფულს კი აძლევენ უკრაინას, მაგრამ ეს არის სესხი“, - გვითხრა იგორ კვესელავამ.