მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს და მხარდაჭერაც აქვს. სპეცილისტებიც მის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი, ერთადერთი რადიკალურ ოპოზიციას აწუხებს უცნაური აზრები.
სახელმწიფო პოლიტიკა იცვლება ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე ამჟამად საპარლამენტო კომიტეტები მსჯელობენ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში ითვალისწინებს ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტიან ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონი ქმნის ფარმაცევტული პროდუქტის ფასის რეგულირების სამართლებრივ საფუძველს.
„მინისტრი იქნება უფლებამოსილი: განსაზღვროს ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები; განსაზღვროს მედიკამენტები, რომლებზეც გავრცელდება ფასის სახელმწიფო რეგულირება და ასევე განსაზღვროს ფასები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რეფერენტული ფასების დაწესებას ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მხრივ წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომლის თქმითაც, „ახალი ველოსიპედის გამოგონება“ სულაც არ არის საჭირო, რადგან ხელისუფლებისთვის კარგად არის ცნობილი გზები, რითაც წამლის ფასთან დაკავშირებული პრობლემა საბოლოოდ უნდა მოგვარდეს.
„ხელისუფლებისთვის წინასწარ არის ცნობილი, რაც უნდა გაკეთდეს. ამ საკითხზე ადრეც იყო ყურადღება გამახვილებული. მას შემდეგ, რაც უნივერსალური ჯანდაცვა შემოვიდა, პრობლემად რჩება სწორედ მედიკამენტებზე დანახარჯები მოსახლეობისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხალხის გაღარიბებას იწვევს. ჯანდაცვის კომიტეტში ჩემი მუშაობისას ჩატარდა 6-თვიანი მოკვლევა, ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული, დაიდო რეკომენდაციები, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ხარისხიან წამლებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა.
ვფიქრობთ, რეგულაციით შესაძლებელი გახდება ადმინისტრაციული ბარიერები მოიხსნას, კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს და წამლის ფასი ხელმისაწვდმომი გახდეს, რა მხრივაც რეფერენტული წამლების დაწესება მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში იყო ხარვეზი და ახლა მიდის გაჯანსაღება. ფარმაცევტული კომპანიები თვითნებურად ვერ გაზრდიან ფასს“, - განაცხადა ზოიძემ.
რასაკვირველია კანონპროექტს წინააღმდეგობა აქვს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. საპარლამენტო ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის აზრით, პროექტი, რომელიც ყველა დასახელების წამალზე ფასების ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს, უგუნურებაა. მისი მიღება წამლების ხარისხის გაუარესებასა და მის დეფიციტს გამოიწვევს.
„პარლამენტში მთავრობიდან შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც უკლებლივ ყველა დასახელების წამალზე ფასების ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს. ეს არის სრული უგუნურება. ეს პროცესი დამთავრდება კრახით, ისევე როგორც რეცეპტების ისტორია, ვინაიდან ათასობით დასახელების მედიკამენტზე ფასების კონტროლი შეუძლებელია. ეს ავანტიურა გამოიწვევს წამლების ხარისხის გაუარესებას, მის დეფიციტს, ჩრდილოვანი ბრუნვის წარმოშობას, ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების ვარდნას.
ფიქსირებული ფასების შემოღების მოტივი არის წამლებზე ხელმისაწვდომობის ზრდა დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისათვის, სინამდვილეში კი ეს არის მხარდაჭერა მდიდრებისათვის ბიზნესისა და ბიუჯეტის ხარჯზე.
ფასების კონტროლს სჭირდება ან საბჭოური ტიპის რეპრესიული აპარატი ან დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში სოციალისტური გავლენით ათეული წლების განმავლობაში ფორმირებული კონტროლის მექანიზმები. ჩვენთან პირველი შეუძლებელია, მეორე კი მიუღწეველია ბევრ გარემოებათა გამო. ქვეყანაში ამჟამად მოქმედი საბაზრო მექანიზმი არის საუკეთესო და ამ სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესება ანტიმონოპოლიური ბერკეტებითაც იყო შესაძლებელი. ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა საბაზრო ეკონომიკის ისეთი ფუნდამენტსაც მისწვდა, როგორიც თავისუფალი ფასწარმოქმნაა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
მთავრობის კანონპროექტი კრძალავს მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაციას და განსაზღვრავს აღნიშნულზე პასუხისმგებელ პირებს და ადმინისტრირების ზომებს; ადგენს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვალდებულებას, განახორციელოს ფასების ზედამხედველობა.