ეროვნული ვალუტა უკვე იმდენად მტკიცედ დგას ფეხზე, რომ ტრადიციულ მძიმე სეზონურ პერიოდშიც აგრძელებს გამყარებას. უკვე ყველა ადასტურებს, რომ წინასაახალწლო მოთხოვნა ლარს ვერანაირ პრობლემას ვეღარ შეუქმნის, ხოლო მომავალი კიდევ უფრო ოპტიმისტურია. 2023 წელს ლარის კიდევ უფრო გამყარებას ელოდებიან.
ეკონომისტ აკაკი ცომაიას აზრით, ლარს ამყარებს საგარეო მოთხოვნის მკვეთრი ცვლილება და ზრდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში. გარდა ამისა, კურსის გაძლიერებას ხელი შეუწყო უცხოური ვალუტის ჭარბმა შემოდინებამაც.
„წინასაახალწლო პერიოდის დასაწყისთან დაკავშირებით, ლარზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად ასეთ პირობებში, თუ სხვა ფაქტორებთან საქმე არ გვექნება, ლარის გაუფასურებას არ უნდა ველოდოთ. კიდევ ერთი, რაც ლარის სიმყარესთან არის დაკავშირებული, არის ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ასევე ხელს უწყობს მყარი კურსის შენარჩუნებას“, - აღნიშნა ცომაიამ.
იგი ქვეყანაში ინფლაციის მაღალ დონესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააგვიანა.
„არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, არამედ მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა პოლიტიკის გამკაცრება დააგვიანეს, რამაც მოგვცა საკმაოდ დიდი ინფლაციის ტენდენციები, მათ გვიან დაიწყეს პოლიტიკის გამკაცრება. ამდენად ინფლაციის მაღალი დონე შემაწუხებელი ხდება საზოგადოებისთვის, ცხადია, რომ აქ სებ-ს არჩევანი არ აქვს და მან პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს მანამ, სანამ ინფლაციის დონის მოთოკვას ვერ შეძლებს, ჯერჯერობით მოცემულ მომენტში ვერ ვხედავთ იმ მდგომარეობას, რომ ინფლაციის დონე მოთოკილია.
მსოფლიოში გლობალურ სასურსათო პროდუქციაზე ფასების დონის კლების ტენდენცია შეინიშნება და გვაქვს მოლოდინი, რომ ამან საქართველოს ეკონომიკაზე ასახვა უნდა ჰპოვოს, მაგრამ ჯერჯერობით ინფლაციის დონე კვლავ მაღალია. ამიტომაც ცენტრალური ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ამან შედეგი უნდა გამოიღოს, დაკრედიტების მიმართულება უნდა შემცირდეს. თუ საგარეო მოთხოვნის დინამიკა შემცირდება, რასაც ვხედავთ ჩვენ ბოლო პერიოდში, ეს უარყოფით გავლენას ახდენს ფასების ზრდაზე და შესაბამისად, ინფლაციის დონე არ უნდა იყოს ისეთი მაღალი, როგორიც გვქონდა წელს. სამომავლოდ ნამდვილად კლებისკენ უნდა წამოვიდეს“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას აკაკი ცომაიამ.
ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ოპტიმისტური პროგნოზი აქვთ ბანკებს და მათ კვლევით ორგანიზაციებს. კურსის ბოლოდროინდელი დინამიკა მიუთითებს, რომ ლარის კურსის სეზონურობის მხრივ ბიზნესისა და მოსახლეობის უფრო მაღალი აღქმადობის გამო, მისი სეზონური მერყეობა უკვე ნაკლებად მოსალოდნელია.
„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ოქტომბრის საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები შედარებით სუსტი იყო, განსაკუთებით ექსპორტის ნაწილში. თუმცა ტურიზმის შემოდინებები, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით და გზავნილები რუსეთიდან გადმორიცხვების შესწორების გათვალისწინებითაც კი ძლიერი იყო.
„მთლიანობაში, ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, დამატებით გაუმჯობესდა, ხოლო სეზონური შესწორების გარეშე, ანუ ფაქტობრივად, გაუარესდა.
2023 წელს, სავარაუდოდ, რუბლის შედარებითი დასუსტებისა და საქართველოში დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით, მომდევნო წლებში ლარი დოლართან უფრო მეტად გამყარდება და ევროსთან გაუფასურდება“, - აღნიშნავენ „თიბისი კაპიტალში“.