ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგების მხრივ საქართველოსა და აზერბაიჯანში უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობაშიც ადასტურებენ და უცხოურ მედიაშიც სარწმუნო ცნობები ვრცელდება. მზარდი თანაშრომლობის პერსპექტივებს უტყუარი სტატიტსიკური მონაცემები ყველაზე უკეთ წარმოაჩენს.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 18.2 მილიარდი კბ_მეტრი გაზი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლიურად 17.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანიდან თურქეთში ექსპორტირებულია 6.9 მილიარდი კუბური მეტრი, 9.3 მილიარდი კუბური მეტრი ევროპაში, ხოლო 2 მილიარდი კუბური მეტრი საქართველოში.
2021 წელს აზერბაიჯანმა მთლიანობაში 19 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა. ამასთან, 2020 წლის 31 დეკემბრიდან ევროპაში, კერძოდ იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება პირველად დაიწყო, რომლის მოცულობამ 2021 წელს 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა; 2022 წლის მოლოდინით კი ეს მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ევროპისთვის გაზის მიღების ალტერნატიული წყაროები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი “ჩრდილოეთ ნაკადი 1”-ის სრულად გაჩერების შემდეგ გახდა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით და ყველა საუბრობს ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე, საქართველომ, პარტნორებთან ერთად, დაიწყო მნიშვნელოვან ენერგო და ენერგოსატრანზიტო პროექტებზე მუშაობა. მინისტრმა დაადასტურა, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს განიხილეს.
„საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჰქონდა დაწყებული პროექტი „აგრი“ ჯერ კიდევ 2015 წელს, რომელიც გულისხმობდა კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის საქართველოს გავლით, ისე რომ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა და შემდგომ გაზიფიცირება რუმინეთში. ეს პროექტი, სამწუხაროდ, შეჩერდა და შემდგომი განვითარება აღარ ჰქონდა, თუმცა მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როდესაც ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, როდესაც ყველა საუბრობს ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე, ამ პროექტმა მიმდინარე წელს განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა, შესაბამისად, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, დავიწყეთ მნიშვნელოვანი ენერგო და ენერგოსატრანზიტო პროექტებზე მუშაობა.
საქართველოში იმყოფებოდა პრეზიდენტი ალიევი და ამის შემდეგ ჩვენ დავგეგმეთ კონკრეტული სამუშაო პროცესი. დღესაც მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა ჩვენს სამინისტროში. საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულია გაზისა და ნავთობის კორპორაცია, აზერბაიჯანის მხრიდან იქნება „სოკარი“, ასევე ჩვენი პარტნიორები რუმინეთსა და უნგრეთში. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მოხდეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის სრული შეფასება“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ეს პროექტი გრძელვადიანია და ერთ წელში ის ვერ დასრულდება.
„პირველ რიგში, ჩვენთვის საჭიროა გვქონდეს სრული სურათი, შეფასბა უნდა მოხდეს, შემდგომში უკვე უნდა ჩამოყალიბდეს დეტალური სამოქმედო გეგმა და ეტაპობრივად დაიწყოთ ამ გეგმის შესრულება. უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა ამ მიმართულებით. სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ, თუმცა დეტალებს არ გავაჟღერებ, იმიტომ, რომ მიმდინარეობს შესწავლა. იმის მიხედვით თუ როგორ მდგომარეობაშია არსებული ინფრასტრუქტურა, ანუ რა ტიპის გაუმჯობესება სჭირდება მას, დაზუსტდება ბიუჯეტიც და პროექტის განხორციელების ვადებიც“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც ჩანს, ევროპა მხოლოდ აზერბაიჯანული ბუნებრივი რესრუსებით არ შემოიფარგლება, მით უმეტეს, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანას განსაკუთრებული მოცულობები არ გააჩნია. უკვე საუბარია შუაზიური სახელმწიფოების ინტერესებზეც გაზის ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ევროპელებსა აქვთ სურვილი, რომ კიდევ მეტი გაზი მიიღონ კასპიის საბადოებიდან, მაგრამ „ტანაპის“ პროექტს აქვს ლიმიტი, და თუ ამ პროექტში ჩაერთვება შუა აზიური გაზი თურქმენეთის სახით, გატარების პრობლემაც დადგება.
ამიტომ სულ მალე შეიძლება ახალი მილსადენის მშენებლობის საჭიროება რეალურად დადგეს, რომელიც საქართველოზეც გაივლის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქმენეთი კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით ევროპისკენ მიმავალი გაზსადენის მშენებლობას დღის წესრიგში ტოვებს. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერ შაჰიმ აბდრახმანოვმა ADIPEC-ის კონფერენციაზე განაცხადა. ვიცე-პრემიერი ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი აზერბაიჯანის გავლით საქართველოში, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.