„თუ სიმართლეა სააკაშვილის განცხადება, რომ არავის მოუწამლია და თავი დაანებონ ამ თემის პოლიტიზირებას, მაშინ რა გამოდის, ბელადის გამასხარავება „ნაცმოძრაობის“ არჩევნებს უკავშირდება?“

„თუ სიმართლეა სააკაშვილის განცხადება, რომ არავის მოუწამლია და თავი დაანებონ ამ თემის პოლიტიზირებას, მაშინ რა გამოდის, ბელადის გამასხარავება „ნაცმოძრაობის“ არჩევნებს უკავშირდება?“

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრები კვლავ გააქტიურდა. ექს-პრეზიდენტის გარემოცვა ამტკიცებს, რომ სააკაშვილი კლინიკაში მოწამლეს, თავად ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომ თავს კარგად გრძნობს და ექიმები თავს ევლებიან.

„მინდა განვაცხადო, რომ არასდროს, არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სააკაშვილის განცხადებას ადასტურებს კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურა ჩხაიძე და განაცხადა, რომ მას ტოქსიკოლოგიური კვლევები არაერთხელ ჩაუტარდა.

„მე არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე მესაუბრებით. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ კვლევას, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არაერთგზის გვაქვს ჩატარებული ეს კვლევები“, - განაცხადა ჩხაიძემ და კითხვაზე: წერია თუ არა დასკვნებში, რომ სააკაშვილი მოწამლულია, აღნიშნა, რომ „არა“.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს აღნიშნულ სიტუაციაში აინტერესებს ვინ მართავს ექს-პრეზიდენტის სოციალურ ქსელს და ვინ ავრცელებს მისი სახელით განცხადებას.

„პატიმარი სააკაშვილი საკნის ნაცვლად საავადმყოფოშია, თუმცა ამის მიუხედავად, მას არც ტელეფონთან, არც კომპიუტერთან და არც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. საინტერესოა, რამდენი ადამიანის ხელშია მისი ფეისბუქგვერდი. ვინ რას წერს, ვინ რას ეწინააღმდეგება, მისი სახელით ვინ რა განცხადებებს ავრცელებს, უკვე მართლა გაუგებარი ხდება. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის ის, რომელიც იუსტიციის მინისტრმა გააჟღერა - სააკაშვილის ადვოკატებისა და ოჯახის წევრების ინფორმაციაზე დაყრდნობით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. ამ ადამიანთან მიმართებაში ნებისმიერი უყურადღებობა შემდეგ ტოვებს თავის გაგრძელებას, ანუ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანით მთავრდება. ერთხელ უკვე შეიტანეს თითქოს და მის მიმართ განხორციელდა არაადამიანური, არასათანადო სამედიცინო მომსახურეობა და სტრასბურგმა ეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რადგან სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამიტომ, რომ არ მივცეთ მის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ამ თემაზე სპეკულირების შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ექსპერტიზა, რომელიც ასევე უნდა გასაჯაროვდეს. ბოლო-ბოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გავიგებთ ვინ ტყუის - ტყუის ადვოკატი, ტყუის პატიმრის დედა თუ ტყუის თავად პატიმარი. ასე რომ, ვუბრუნდები თავში დასმულ შეკითხვას, ძალიან გვაინტერესებს, ვინ წერს სააკაშვილის გვერდიდან ამა თუ იმ განცხადებას?“, - განუცხადა ანალიტიკოსმა for.ge-ს.

კითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „თამაშობენ“ თუ არა ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხით, დავით ქართველიშვილი ასე გვპასუხობს:

„ვთქვათ, დღევანდელი სააკაშვილის გვერდიდან გავრცელებული განცხადება სიმართლეა. ანუ, სიმართლეა ის რომ არავის მოუწამლია, სიმართლეა ის, რომ გადასარევი სამედიცინო პერსონალი უვლის, სიმართლეა მისი მოწოდება თავი დაანებონ ამ თემის პოლიტიზირებას - მაშინ რა გამოდის?! გამოდის ის, რომ ექსპერტიზამ თუ დაადასტურა, რომ არანაირ მოწამლვას ადგილი არ ჰქონდა, სააკაშვილის ოჯახის წევრებმა და მისმა ადვოკატებმა ის ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. ასევე, გამოდის, მათ იმედი არ ჰქონდათ, რომ საექსპერტო ბიუროს ჭეშმარიტებას დაადგენდა? რატომ ჩააგდეს სააკაშვილი ასეთ დღეში, რომელიც იძულებული გახდა დღევანდელი განცხადება გაეკეთებინა იმისთვის, რომ იქნება ექსპერტიზა არ ჩაატაროთო. ძალიან იდიოტურ სიტუაციაში ჩააყენა სააკაშვილი მისმა უახლოესმა გარემოცვამ.  ბელადის მორიგი გამასხარავება თუ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებს უკავშირდება, არ ვიცი, ეს ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე კი მიხეილ სააკაშვილთან მმართებაში არსებულ ვითარების შეფასებისას for.ge-თან აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხის სპეკულაცია ხდება.

„ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ის რომ ციხეში იყოს, ალბათ, უფრო მეტი სპეკულაციები იქნება, მაგრამ კლინიკაში პროფესიონალი ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არის. საუბარი იმაზე, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემიქრება, მით უმეტეს მოწამლეს არის სპექტაკლი, რომელშიც თავად სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები არიან ჩართულნი, როგორმე მისი ჯანმრთელების მდგომარეობა დახატონ ისე, რომ ეს ვითომ მერე რაღაც რეზოუციებში ჩაიწეროს, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად დრომოჭმულია, რონ მის გასათავისუფლებლად რამდენიმე ასეული ადანიანიც არ შეგროვდა. ყველა ხვდება, რომ არ შეიძლება 13 თვის განმავლობაში ადამიანი შიმშილობდეს ან ცუდად იყოს და სიცხე ჰქონდეს. მესმის, ადვოკატებისთვის დამატებითი ფაქტორი იქნებოდა სასამართლოში წარსადგენად, რომ აი, როგორ ექცევიან ყოფილ პრეზიდენტს, მაგრამ, როდესაც იუატიციის მინისტრმა მოითხოვა სამხარაულის ექსპერტიზის ჩართვა, მიხვდნენ, რომ ბოლომდე ამას ვერ მიაწვდებოდნენ და ამას მოჰყვა სააკაშვილის განცხადება. ასე რომ, ხელისუფლება ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია, მათ შორის არის უკრაინის მოქალაქე მიხელ სააკაშილიც. ეს სპეკულაციები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, ის მოიხდის ბოლომდე სასჯელს და ამავდროულად, იქნება ჯანმრთელად“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები პარტიაში არსებული აურზაურის გადატანას, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის თემით ცდილობენ.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკავშირდება იმ პროცესებს, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს. პარტიის შიგნით ახლა იმისთანა გამიშვი-გამატარე აქვთ, რომ სააკაშვილი სულ დაავიწყდათ და ამიტომ ერთგვარად ეს შეიძლება შეხსენებაც იყოს. სააკაშვილის ოჯახის კანდიდატი ჩალაძე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარეობა უნდოდა, ხაბეიშვილმა სააკაშვილის ანალიზების მომტანად დააქვეითა. ფაქტია, სააკაშვილის გავლენა პარტიაში შესუსტებულია, სწორედ ამიტომაც ბედავს კეზერაშვილი მერაბიშვილთან ერთად პარტიაში გადატრიალებას და საკუთარი კანდიდატის გაყვანას“, - განუცხადა ლადო ბოჟაძემ for.ge-ს.