სააკაშვილის დაცვის ახალი სტრატეგია და იუსტიციის სამინისტროს პასუხი

სააკაშვილის დაცვის ახალი სტრატეგია და იუსტიციის სამინისტროს პასუხი

იუსტიციის მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, მოწამლულია. შესაბამისად, დღეს, იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს იმისთვის, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რატი ბრეგაძე მოუწოდებს ნებისმიერ პირს, რომელიც სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და მოიტანონ შესაბამისი მტკიცებულებები.

„მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარუდგენია და საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, იმისთვის, რომ საზოგადოებას არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი, ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს იმისთვის, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი გვარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და ამ განცხადებას უცხოელების დასკვნის საფუძველზე აკეთებს. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა. გელბახიანი ამბობს, რომ სააკაშვილს ორგანიზმში ვერცხლისწყალი, ბარიუმი და კალიუმი აღმოაჩინეს, მაგრამ დეტალურად ბრიფინგზე ისაუბრებს.

„უცხოელების ექსპერტიზის დასკვნაა. კვლევის ნაწილში არის მონაცემები, თუ რა ელემენტები და ნაწილაკები ნახეს და რომელი მომწამლავი ნივთიერებისთვისაა დამახასიათებელი ეს ნაწილაკები. გამოკვლევის მთელი სერიაა. ხოლო თუ რა მომწამლავ ნივთიერებებზეა საუბარი, ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით. გიდასტურებთ ფაქტს, რომ მოწამლულია.

ყველა დაავადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, შეიძლება ამ მოწამვლით იყოს გამოწვეული. თვითონ ინფორმირებულია, დიდი ხანია ეჭვი ჰქონდა, რომ მოწამლული იყო. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა მისი დაავადებები“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციაზე, რომელზეც 50-მდე კაცი იყო შეკრებილი, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საზოგადოება ცოტა ხანში იხილავს ექსპერტულ დასკვნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი. მისი თქმით, არსებობს ექსპერტული დასკვნები, სადაც ნათლად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

„ოჯახი საუბრობს ექსპერტულ დასკვნებზე დაყრდნობით, საკუთარ ვარაუდს ხომ არ გამოთქვამს. ამიტომ მჯერა ოჯახის წევრების. მთელი საზოგადოება ცოტა ხანში დღის სინათლეზე ვიხილავთ შესაბამის ექსპერტულ დასკვნებს. დავრწმუნდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი და მზარდად გაუარესებადი. ამას არ უნდა არც ბჭობა, არც მსჯელობა, ეს არის ანგარიშის გასწორება ივანიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისადმი, ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და ეს ადამიანი საჭიროებს შველას, მისი სიცოცხლე არის საფრთხეში.

ბევრი სპეკულაცია იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, მათ თვეების განმავლობაში არ სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე იყო და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა. დააკვირდით, თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც საერთოდ ვეღარ უარყოფენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, რადგან ეს ადამიანი ნამდვილად არის მძიმე მდგომარეობაში „ქართული ოცნების“ არაადამიანური მოპყრობის გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ გლდანის ციხეში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, სააკაშვილს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ ტარდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ელის, რომ ხელისუფლება კეთილ ნებას გამოიჩენს და სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ.

„დღეს მე ვამბობ, რომ ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი. მე თვითონ ექიმი ვარ, ტოქსიკოლოგიაში ოდესღაც ნამუშევარი ვარ და ვიცი, რაც არის ნეფროპათია, რომელსაც იწვევს ტოქსინების შეყვანა. კარგად ვიცი რა ცვლილებები ხდება ღვიძლში. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ანტიდოტური თერაპია და ერთი ოპერაცია, რომელიც აქ არ კეთდება. ეს არის მხრის სახსრის პროთეზირება, კიდურებზე კეთდება, რომლის გარეშე შეიძლება სამუდამოდ ინვალიდად დარჩეს. ეს უკვე დაგვიანებულია, მაგრამ შეიძლება ამ დაგვიანების გამოსწორებაც.

როგორ დგას იცით საკითხი? ლაპარაკი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, კაცი კვდება, მას სიცოცხლეს ვერ წაართმევ, მხოლოდ უფალი ართმევს. შენ რა უფლება გაქვს, რომ წაართვა და გასცე განკარგულება, რომ ეს არის „ფეიკი“? ვინც ამას ლაპარაკობს, თვითონ არიან „ფეიკები“. აბსოლუტურად არავის ვეხები და არც მჩვევია ვიღაცის ლანძღვა-გინება. ჩემი მიზანია, დროულად მოვახერხოთ ეს სასამართლოს მეშვეობით და არა ძალისმიერი მეთოდებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

დაცვის მხარის სტრატეგიის არ სჯერა „ქართული ოცნების“ წევრს გია ცაგარეიშვილს, რომლის განცხადებით, წელზე მეტია, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში სასჯელს იხდის და ფაქტობრივად, ყოველდღე ისმის ახალი დიაგნოზი. მისი თქმით, ოჯახი, ადვოკატების, თანაპარტიელების, ასევე უცხოელი პარტნიორების დახმარებით ყველაფერს ცდილობს, რომ სააკაშვილი როგორმე ციხიდან დაიხსნან.

„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მკურნალობდა, საოცარი ჭორი და სიცრუე გაავრცელეს, თითქოს ხელისუფლებას ციხის საავადმყოფოსთან მიყვანილი ჰყავდა მანქანა, რომელიც რაღაც რადიაციულ გამოსხივებას აფრქვევდა. ბატონი გვარამია დილიდან საღამომდე ქადაგებდა იმას, რომ მინიჩერნობილი მოუწყვეს სააკაშვილს და გორის მოსახლეობას.

ამაზე ადამიანს შეიძლება გაეღიმოს, იმიტომ, რომ რაღაც საზღვარი აქვს სიგიჟეებსაც. როგორც ჩანს, ამით არ დამთავრდა ეს ყველაფერი, გაგრძელდა. ახლა ამბობენ, რომ მოიწამლა, მანამდე თქვეს, რომ ტუბერკულოზი სჭირს, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს, მარჯვენა ხელის, მისი მშობლის, ქალბატონი ალასანიას მოწოდებულ მოსაზრებას ვეყრდნობი. წელზე მეტია ეს ადამიანი სასჯელს იხდის და ფაქტობრივად, ყოველდღე გვესმის ახალი დიაგნოზი, ჩამოდიან ახალი ექიმები, იქმნება ახალი კომისიები“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს დიდი ხნით ადრე უნდა გადაედგა ნაბიჯები, რომ ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონოდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„სულ მიკვარდა, რატომ არ ქმნიან კომისიას, რაც მედიცინაში მიღებული პრაქტიკაა - კონსილიუმის მოწვევა. მოეწვიათ კონსილიუმი, იყტოდა თავის სათქმელს და დამთავრდებოდა ამით. ახლა გრეძელდება დაუსრულებლად. ჩამოჰყავთ უცხოეთიდან ექიმები, ხან ვის ჩამოიყვანენ და ხან ვის. რას იტყვის ის ჩამოყვანილი, კაცმა არ იცის და ფაქტობრივად ეგეც არ იცის ამბობს თუ არა რაიმეს. გამოქვეყნებული დიაგნოზი არ გვანიახავს. ადვოკატები და ახლობლები იძახიან, რომ ექიმებმა ასე თქვესო. მაგრამ ექიმის მიერ ქაღალდზე დაწერილი და ხელმოწერილი დიაგნოზი, რა სჭირს ამ ადამიანს, არ გვინახავს, რაც აჩენს ეჭვს, რომ ჩამოყვანილი სახელიანი ექიმები უფრთხილდებიან თავიანთ სახელს, ლიცენზიის დაკარგვა არ უნდათ და ამიტომ არც „ზედმეტი ცნობების“ გაცემა უნდათ. ეს ინფორმაციული დეფიციტი აჩენს ეჭვს, რომ იქ არაა რაღაცას სუფთად საქმე“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

რაც შეეხება იმას, სააკაშვილის მხარდამჭერების განცხადებას, თითქოს სახელმწიფოს ინტერესში შედის მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მოკვლა, ამაზე რამაზ საყვარელიძე იხსენებს, სააკაშვილის ჩამოსვლას, როცა იგი, ბათუმის ფონზე, ვიდეო-ჩანაწერებით დამალობანას გვეთამაშებოდა. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ჯერ ბათუმში და შემდეგ იმ ბინაზე, სადაც დააკავეს, შეიძლებოდა ადამიანის ლიკვიდაცია, თუ ასეთი სურვილი ჰქონდა ხელისუფლებას.

„საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ასეთი სურვილი არ იყო და სააკაშვილის ლიკვიდაცია არავის უფიქრია. ახლა, როცა უკვე პატიმარ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, ყველა სახელმწიფოს დაადანაშაულებს, ახლა არის მისი მოწამვლა დღის წესრიგში? და, რა საფრთხეს უქმნის დღეს სააკაშვილი ხელისუფლებას, რომ მისი მოკვლისთვის გადაიდგას რაღაცა ნაბიჯები? - გაუგებარია. ამიტომ, ბრალდების მოტივი არ ჩანს. რატომ უნდა უნდოდეს სახელმწიფოს სააკაშვილის არათუ მოკვლა, ან რაიმე ზიანის მიყენება, ამის მოტივი არ ჩანს.

მით უმეტეს, როდესაც მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით შესცქერის და შეიძლება ბრალდებები წამოუყენოს სახლმწიფოს, თუკი რამე დაუშავდება სააკაშვილს. იმის მოტივი კი ჩანს, ეს ბრალდება რაში აწყობს ოპოზიციას. ეს უნდათ იმისთვის, რომ მორიგი ბრალდების წინაშე დააყენონ ხელისუფლება, როგორც უცხოელებთან, ასევე საკუთარ მოსახლეობასთან. ალბათ, უფრო უცხოელებთან, რომ სახელმწიფო მანქანა აპირებს სააკაშვილის განადგურებას“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, თუ დამაჯერებელი არგუმენტები არ იქნება, რატომ უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები, რასაც ითხოვენ - უცხოეთში გაყვანა, ან გათავისუფლება?

„სად არის მაგის არგუმენტი, რომ უცხოეთში გაყვანა არის აუცილებელი და მით უმეტეს გათავისუფლება. ხომ ვხედავთ რა ხმაურია ატეხილი. სააკაშვილის გუნდმა მოახერხა ის, რომ თავიანთი მხარდამჭერები ჰყავთ დღესაც. ვერ შევალ მაგ თემაში რატომ უჭერენ მხარს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს უშუალოდ „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წლამდე ხმას არ იღებდნენ და 2012 წლის მერე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ „ქართულ ოცნებას“. მაშინდელი სიჩუმე და ახლანდელი კრიტიკაც, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის.

უცხოელებზე მუშაობენ, რაც ფაქტია, ისევე როგორც ის, რომ მათი გაუვნებელყოფა 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. ამიტომ, მათ უნდა გაეწიოთ ანგარიში მარტო იმიტომ, რომ როგორც ხელისუფლებას უნდა გადაიყვანოს საპატიმროში, ამას შეიძლება უცხოეთიდან მოჰყვეს ქარბუქი, რომლის გაუვნებელყოფა ამ ხელისუფლებას უჭირს.

ფაქტია, რომ ამ ჯგუფის გავლენით შეიქმნა სიტუაცია, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უთხრეს უარი. ე.ი. მათ რაღაცა გავლენა დასავლეთში აქვთ. ამიტომ, ასეთი ჯიქური დაპირისპირება მათთან, როცა ამ დაპირისპირებისთვის შემზადებული არ გაქვს სხვა ხერხები, როცა არ ხარ გაშინაურებული ისე, როგორც ნაციონალები, ალბათ, სარისკოა სააკაშვილის გადაყვანა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.