ხელისუფლების „უკრაინული თავსატეხი“

ხელისუფლების „უკრაინული თავსატეხი“

გასულ კვირას პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად ოფიციალურად გააჟღერა „ქართული ოცნების“ ახალი პოლიტიკური ხელწერა დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში. „დამთავრდა ის დრო, როცა ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები. ჩვენ ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს იმას გავაკეთებთ“. ამით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მას სრულიად დასაშვებად მიაჩნია პარტნიორებთან (აშშ და ევროკავშირი) განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები. აქამდე ამის ასე მკაფიოდ ხაზგასმა არ ხდებოდა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები მთელ რიგ საკითხებში ჯანსაღ „გადატვირთვას“ საჭიროებს. საქართველო და მისი ხელისუფლება ცდილობს, რომ დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები თამაშის ახალ, მისი აზრით უფრო სამართლიან წესებზე დაითანხმოს, რათა ეს ურთიერთობები აშკარა ეროზიისგან გადავარჩინოთ. თუმცა, რთული სათქმელია ამ კუთხით რამდენად კარგად და სწორად ესმით ერთმანეთის საქართველოს და დასავლეთს.

უკრაინაში ომის დაწყებამ მნიშვნელოვნად დაძაბა ისედაც დაძაბული ურთიერთობები ოფიციალურ კიევთან. პარალელურად დაიძაბა ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთანაც. დეტალების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, რადგან ისინი საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ცნობილია.

ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, შევეცადოთ განვჭვრიტოთ უკრაინაში ომის ფონზე როგორ განვითარდება მოვლენები პრემიერ-მინისტრის ამ ნიშანდობლივი განცხადების შემდეგ, რომელიც უეჭველია დასავლურ და უკრაინულ აუდიტორიაზეც იყო გათვლილი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იქიდან აუცილებლად იქნება ამაზე რეაგირება, რადგანაც ამ „სიახლეს“ სტრატეგიულ მოკავშირედ მიჩნეული ქვეყნის ხელისუფლებისგან დასავლეთი, როგორც ჩანს, არ ელოდა. ამ მხრივ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ნამდვილად შეიძლება აღმოჩნდეს ერთგვარი „ლაკმუსის ქაღალდი“.

დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით სხვადასხვა ტრიბუნებიდან, ღია თუ დახურული არხებით, მუდმივად ისმის მოწოდებები, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს უფრო აქტიური უკრაინისადმი დახმარებაში, სრულად შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მკაფიოდ აჩვენოს, რომ დასავლეთისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ომში საქართველო დასავლეთის მხარეს დგას. ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნაც, რომლის ირგვლივაც ამდენი შუბი დაიმტვრა, ამ კონტექსტში ჯდება. იმედია, მოეფინება საბოლოოდ ნათელი ამ საკითხსაც.

თავად განსაჯეთ, უკრაინის ომში თამასა სულ უფრო მაღლა იწევს. კოლექტიური დასავლეთი მისი ლიდერების პირით აცხადებს, რომ რუსეთმა ეს ომი არ უნდა მოიგოს, რომ უკრაინას დაეხმარება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა გამარჯვებისთვის, რომ რუსეთის გამარჯვება ეს NATO-ს დამარცხებაა და ა.შ. შესაბამისად, ყველაფერი, რაც მოემსახურება ამ მიზანს, საჭირო და მისასალმებელია.

ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური კიევის (რომელიც დასავლეთის გარეშეც ნაბიჯსაც არ დგამს) მიერ მოთხოვნილი „მეორე ფრონტი“ საქართველოში, რომელიც გარკვეული ხნით დააკავებდა უკრაინაში გადასასროლ რუსეთის სამხედრო ძალებს, გაფანტავდა და გამოფიტავდა მის რესურსებს, ძალიან კარგად ჯდება დიად მიზანში - დაეხმარონ უკრაინას, რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს.

სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხზე წარმოიშვა ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა „ქართულ ოცნებასა“ და დასავლეთს შორის და ბუნებრივია, ორივე მხარე ამაზე საჯაროდ საუბარს ერიდება - ძალიან მგრძნობიარეა თემა და მასში ბევრი გავლენიანი მოთამაშე ფიგურირებს. ეს წინააღმდეგობა შემდეგ უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა და მისი ერთ-ერთი გამოვლინება იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი. „დემოკრატიის უკუსვლა“ კი მხოლოდ შირმა იყო რეალური მიზეზების შესაფუთად.

თავად უკრაინის ფრონტზე კი მოვლენები წინააღმდეგობრივად ვითარდება. კრემლი, რომელსაც უკრაინული „ბლიცკრიგი“ ჩაეშალა, ეხლა გამწარებული ცდილობს დიდი რიხით გამოცხადებული „სპეცოპერაციის“ პოლიტიკური მიზნები შესაბამისობაში მოიყვანოს რუსეთის რეალურ სამხედრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, მას ჰაერივით ესაჭიროება ამ ომში პაუზა. რამდენად მზად არის NATO მისცეს რუსეთს ასეთი პაუზა და ძალების მოკრების საშუალება? თუკი NATO-ს სურს ამ ომში საკუთარი და უკრაინის გამარჯვება უზრუნველყოს, მან ასეთი პაუზის საშუალება რუსეთს არ უნდა მისცეს. ხოლო თუ დასუსტებულ რუსეთს უკრაინის გარდა კიდევ სხვა ფრონტზეც მოუწია ბრძოლა, გამარჯვება კიდევ უფრო ახლოს იქნება, საქართველო კი გამოცხადდება ამ გამარჯვების მნიშვნელოვან კონტრიბუტორად. თუმცა, კითხვაა - რის ფასად?

დასავლეთში შესაძლოა მართლა გულწრფელად არ ესმით, თუ როგორ შეიძლება სტრატეგიულმა მოკავშირე საქართველომ, რომელსაც ისინი ყველანაირად ეხმარებიან, ასეთ კრიტიკულ მომენტში უარი უთხრას ხელშეწყობაზე. ალბათ, ესეც არის ურთიერთობების გაცივების ერთ ერთი მიზეზი და მოტივაცია თუ რატომ შეიძლება სურდეს დასავლეთს აქ ხელისუფლების შეცვლა. ამის მცდელობა ხომ ვიხილეთ რამდენიმე თვის წინ.

ამიტომაც, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც კი ნათელია, თუ რა დიდ გავლენას იქონიებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე უკრაინაში ომის შედეგები. თუ ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვა, ის გახდება პოსტსაბჭოთა სივრცეზე ახალი „მაყურებელი“ და როგორც არესტოვიჩი ამბობდა, დაიწყებს (დასავლეთის ხელშეწყობით) ე.წ. „სტაბილიზაციის ოპერაციებს“ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ეჭვგარეშეა, რომ პირველი სამიზნე სწორედ საქართველო იქნება, სადაც ხელისუფლების ცვლილება ოფიციალური კიევის დაუფარავი სურვილია. თუ რა პროცესებს გამოიწვევს ეს საქართველოში, ალბათ, დიდი მსჯელობა არ სჭირდება. გარედან დამყარებულ წესრიგს ჩვენი საზოგადოება მორჩილებით არ მიიღებს.

რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, დავუშვათ ეს ალბათობაც! საქართველო ასევე აღმოჩნდება სამიზნე და ხელისუფლების ჩანაცვლება რუსეთის ლოიალური რეჟიმით, უბრალოდ, გარდაუვალი იქნება, გამომდინარე შედეგებით.

საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გამოვიდა, და ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ეყოფა ხელისუფლებას რესურსები და ხალხის მხარდაჭერა, გაუძლოს დარტყმებს და გამოწვევებს.