ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა. ასე ადრე ასეთი რამ არასდროს მოხდარა. ინფორმაცია დაადასტურა ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ. აღნიშნულის მიზეზი ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა. თუმცა, შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ზამთარში არანაირი კრიზისი არ გვემუქრება.
„ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია. ასე ადრე ეს პირველად მოხდა. მიზეზი - ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა. წყალუხვი წელი არ იყო, მაგრამ არც წყალმცირე ეთქმის, ორივე მოქმედ ჰესზე საშუალო წლიურზე მეტი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ - წლის ბოლომდე ჯამი ასცდება 4,5 მილიარდ კვტ/სთ-ს. თბობლოკები და იმპორტი იქნება დენის ძირითადი წყარო ოთხი თვის განმავლობაში.
აფხაზეთი, სადაც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება მოხმარება, დიდწილად რუსეთზე იქნება დამოკიდებული, ზამთრის ჩამონადენით ენგური გალი-ოჩამჩირეზე მეტს ვერ დააკმაყოფილებს. რთული ვითარებაა, საიდანაც გამოსავალი ახლო მომავალშიც არ ჩანს“, - განაცხადა ხუბუამ.
მისი თქმით, 2022 წელს ქვეყნის უდიდესი ჰესის ჯამური გამომუშავება 4.5 მლრდ კვტ.სთ-ს მიაღწევს, რაც საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი შედეგია, თუმცა ზამთრის პერიოდში ჰესის სიმძლავრე 100 მეგავატამდე შემცირდება.
„ცუდი არის ის, რომ ზამთრისთვის ენგურჰესი კარგავს იმ როლს და მნიშვნელობას, რაც მას აქვს პროექტით მინიჭებული. სიმძლავრე მცირდება 100 მეგავატამდე, რაც ძალიან ცოტაა ენგურჰესისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადი დატვირთვა მოვა თბოსადგურებსა და იმპორტზე. იმედია, მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით ამას არ იგრძნობს. აფხაზეთი კი, რუსეთიდან იმპორტის გარეშე, ფაქტობრივად, ენერგიის გარეშე რჩება“, - დასძინა ხუბუამ.
1990-იანი წლების შემდგომ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის შემდგარი პირობითი შეთანხმების თანახმად, საქართველოს უმსხვილესი ელექტროსადგურის - ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის განაწილება 40%-60%-ზე უნდა ყოფილიყო. აღნიშნული განაწილების მიზეზს წარმოადგენდა ფაქტი, რომ ენგურჰესის მართვის პულტი და აგრეგატები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა დარჩა. შესაბამისად, აფხაზური მხარე აღნიშნულ ელექტროენერგიას საქართველოსგან უსასყიდლოდ იღებს.
ელექტროენერგიის წარმოების 40%-60%-ზე განაწილების შეთანხმების მიუხედავად, ფაქტობრივად, ოკუპირებული აფხაზეთი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გაცილებით უფრო დიდ ნაწილს მოიხმარს. პარალელურად, წლიდან წლამდე მზარდია რეგიონის ელექტრომოხმარებაც, რაც ადგილზე კრიპტოვალუტების უკონტროლო მაინინგს უკავშირდება.
„ენგურჰესის“ დირექტორის განცხადებით, წელს შეთანხმებული პროპორცია მკვეთრად არ დაირღვევა.
„ჩვენი შეფასებით, წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 55-45%-ზე შეიძლება იყოს ეს მაჩვენებელი. ეს წლის ბოლოს, წყლის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. სხვა დროს ბალანსი უფრო მეტად ირღვეოდა, თუმცა წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ეს გამოწვეულია მაღალი გამომუშავებით. გაზაფხული-შემოდგომის პერიოდი ძალიან კარგი იყო. ოქტომბერშიც ჰესი ძალიან კარგად მუშაობდა. ამასთან, ოქტმბერში, აფხაზეთში, წინა წელთან შედარებით მოხმარებაც შედარებით ნაკლები იყო. ზუსტად თქმა რთულია, მაგრამ, სავარაუდოდ, ჩვენ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 55-58%-ს მივიღებთ. ეს დამოკიდებულია ამინდსა და მოხმარებაზე“, - განაცხადა გიგანტური ჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ.
ენგურჰესზე შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ზამთარში არანაირი კრიზისი არ გვემუქრება. ენგურჰესის ჩანაცვლება მოხდება თბოელექტროსადგურებით და იმპორტით. ენერგეტიკოს გია არაბიძის ინფორმაციით, თბოელექტროსადგურების გამომუშავება 800 მგვტ-ია, რომელსაც უკვე ვამუშავებთ.
„ასე რომ, პრობლემა, შეფერხება ჩვენ ენერგომომარაგებაში არ გვექნება. თუმცა, ბუნებრივია, ეს არ იქნება ენგურჰესის მიერ გამომუშავებული იაფი ელექტროენერგია. დღეს რომ გვქონდეს ენგურის შუა წელში 700 მგვტ-იანი წყალსაცავი - ხუდონჰესი, ეს პრობლემა ორმაგად მოიხსნებოდა.
თუ ამას დავამატებთ ნენსკრასა და ნამოხვანს ჩვენ, ფაქტობრივად, პრობლემას მთლიანად მოვხსნით.
სასწრაფოდ გვჭირდება წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობის გააქტიურება. ზოგადად ენგურჰესი არ არის ბაზისური სადგური. იგი აშენებული იყო სსრკ-ს დროს პიკური დატვირთვების დასაფარად და უნდა ემუშავა წლის განმავლობაში მხოლოდ პიკური დატვირთვების დასაფარად. ჩვენ კი ვამუშავეთ დღე და ღამე ბაზისური სიმძლავრით და ამის შედეგია, რომ წყალი ენგურზე აღარ გვაქვს“, - აცხადებს ენერგეტიკოსი.
გია არაბიძის თქმით, ელექტროენერგიაზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ზამთარში იმპორტი დაგვჭირდება.
„ჩვენთან ჯერ კიდევ თბილა. იმპორტი დაგვჭირდება ალბათ დეკემბრისკენ, იანვარი, თებერვალიც ცივია. თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვამუშავებთ თბოელექტროსადგურებს იმიტომ რომ გაზის სიტუაცია დარეგულირებული გვაქვს. დაახლოებით წლის ბოლომდე ჩვენი კავკასიური გაზსადენი 20 მლრდ-მდე კუბ/მ გაზს გაატარებს და იქიდან დარჩენილი 5% და ოფიციალური შესაძენი და ასე შემდეგ, შედარებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს გაზის მომარაგების მიმართულებით. შარშან 18 მლრდ კუბ/მ იყო, იმის წინ 16 მლრდ კუბ/მ და ასე შემდეგ. ანუ შედარებით მეტი გაზი გავატარეთ, მეტ გაზს გავატარებთ და მეტი გაზი დაგვრჩება და თბოელექტროსადგურების მუშაობას უფრო თამამად შევძლებთ. აი, ეს იმპორტი დაფარავს ენგურს“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა.