საპრეზიდენტო მარათონი

საპრეზიდენტო მარათონი

წინასაარჩევნო კამპანიის გახსნამდე დიდი დროა დარჩენილი, თუმცა კანდიდატები უკვე ემზადებიან საპრეზიდენტო მარათონისთვის, უკვე გამოიკვეთა, ვინ ჩაერთვება ამ ბრძოლაში. ისე როგორც ყველა არჩევნებში, ახლაც წინასწარ ცნობილია ქვეყნის მომავალი სავარაუდო პრეზიდენტის ვინაობა.

გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი, პაატა ბურჭულაძე, შალვა ნათელაშვილი ამ ეტაპისთვის გამოკვეთილი ის ლიდერები არიან, რომლებიც ოქტომბერში პირველობისთვის იბრძოლებენ. არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნებიდანაც“ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი კანდიდატურაც ჩართოს ამ ბრძოლაში, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუკი განვითარებული მოვლენები საარჩევნო კონტექსტს მნიშვნელოვნად შეცვლის. ვის რა შანსი აქვს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და ამ გადასახედიდან ვინ მოიაზრება უპირობო გამარჯვებულად, შედგება თუ არა არჩევნების მეორე ტური პირველად, საქართველოში ამ თემაზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვესაუბრება.

ბატონო ზაზა, პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი უკვე დასახელებულია, როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივნიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენად აისახებაქართული ოცნებისკანდიდატის საპრეზიდენტო შანსებზე?

- „ქართული ოცნების“ კანდიდატურას, მოცემულ მომენტში, რესურსი საკმაოდ დიდი აქვს, მის უკან დგას საპარლამენტო უმრავლესობა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სიმპატია ივანიშვილის გუნდის მიმართ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ, ასევე, საკმაოდ სწრაფად იზრდება გულგატეხილთა რაოდენობაც, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუმცა კი „ქართული ოცნების“ კანდიდატურა ამ არჩევნებზე მაინც უალტერნატივო იქნება. ეს ცვლილება მხოლოდ არჩევნების მეორე ეტაპის საჭიროებაზე შეიძლება აისახოს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კაპიტალის შენარჩუნება მის ლიდერებს ძალზე გაუჭირდებათ. ვფიქრობ, სწორედ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა იზრუნონ არა მხოლოდ გამარჯვებაზე, არამედ იმაზეც, რომ გამარჯვების შემდეგ მათ ხელში საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი რესურსები იქნება.

რამდენად სარწმუნოა, რომ ივანიშვილის განცხადების შემდეგ, „ქართული ოცნებისმთელი რესურსი მართლაც მარგველაშვილის განკარგულებაში დარჩება?

- გააჩნია, როგორ იმუშავებენ წინასაარჩევნოდ, ეს უკვე პოლიტიკურ ტექნიკასა და საინფორმაციო პოლიტიკაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილის გარეშეც შეუძლია არსებობა. ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუ რამდენად შეძლებს მათი საპრეზიდენტო კანდიდატი სრულფასოვანი პოლიტიკური იმიჯის შექმნას. ჯერჯერობით, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არ ჩანს. არადა, ყველა ლოგიკით იგი უკვე უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ საინფორმაციო სივრცე მის გარეშე არ არსებობდეს. ჯერჯერობით, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველანი იმ რესურსის იმედზე არიან, რომელიც შარშანდელი არჩევნების დროს მოკრიბეს. არადა, ბევრი განმარტება არ სჭირდება, ეს რესურსი შენარჩუნებას, გამრავლებას და დანაკლისის ანაზღაურებას საჭიროებს. კონკრეტულად რომ ვილაპარაკო, „ქართულ ოცნებას“ სერიოზული მუშაობა სჭირდება ამომრჩევლის დასარწმუნებლად, რომ ისინი გაუძლებენ იმ მორევს, რომელსაც ქართული პოლიტიკა ჰქვია.

ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში, შესაძლებელია, კოალიცია „ქართულ ოცნებაშიც“ დაიწყოს რაღაც სერიოზული ძვრები და ძალების გადაჯგუფება. დღემდე ივანიშვილის ფაქტორი კრავს ამ კოალიციას და მის ერთიანობას ქმნის. რამდენად შეინარჩუნებს მთლიანობას ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, ვერ გეტყვით. უფრო მეტად, ძვრებსა და გადაჯგუფებებს ველი. თავს წამოჰყოფს ყველა წინააღმდეგობა და ეჭვი აქამდე გატარებული საკადრო პოლიტიკისა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმართ. ის, რასაც დღეს ნაციონალები ახმოვანებენ და რასაც ისინი, ნებით თუ უნებლიედ, აუფასურებენ, არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან არგუმენტად იქცევა.

ვიცით, რომ ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში მარგველაშვილი რჩება, ფაქტობრივად, პოლიტიკური ძალის გარეშე - ის არის პოლიტიკური ლიდერი. როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილისა და ლევან ვასაძის მეგობრობა პოლიტიკურად რაიმე ქულების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს? ან აქვს თუ არა ამ ერთობას რაიმე პოლიტიკური დატვირთვა, არის თუ არა ეს ის ფაქტი, რაომელსაც ყურადღება უნდა დაეთმოს?

- არსებობს ასეთი მოლოდინი, თუმცა თუ უფრო კონკრეტული მიზანდასახულობები გამოიკვეთა, არ მგონია, მარგველაშვილისთვის ეს რაიმე წარმატების მომტანი იყოს, რადგან თავად ლევან ვასაძის მიმართ არაცალსახა დამოკიდებულებაა ქართულ საზოგადოებაში. მას იცნობენ, როგორც კარგ ადამიანს, რომელიც პოლიტიკურ თემებზე არაპოლიტიკურ, ერთგვარი, პოლიტიკური სადღეგრძელოს ჟანრის განცხადებებს აკეთებს. არადა, ამ ჟანრმა, თუ გნებავთ, ერთგვარმა რელიგიურ-ნაციონალისტურმა კიტჩმა შეიძლება ვიღაც მიიზიდოს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ პოპულარული აღმოჩნდეს ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილში. ქართული საზოგადოების მსოფლმხედველობრივი რეალიები საკმაოდ შეიცვალა განვლილი 15-20 წლის მანძილზე. ჩვენი ამომრჩეველი უკვე საკმაოდ კარგად ასხვავებს თეატრალურ ჟესტსა და პოლიტიკურ უნარებს.

მარგველაშვილს, როგორც კანდიდატს სერიოზული შრომა მოუწევს საიმისოდ, რომ არჩევნებში წარმატება მის დამსახურებადაც განიხილებოდეს და არა მხოლოდ მისი გუნდისა.

შეიძლება დავუშვათ, რომ მხოლოდ პიარაქცია და სიტუაციის მოსინჯვა იყო ვასაძის და მარგველშვილის მეგობრობის დეკლარირება?

- შესაძლოა, გათვლილი იყოს კიდეც, როგორც პიარაქცია, მაგრამ ვიმეორებ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ეფექტური და მარგველაშვილისთვის ქულების მომტანი იქნება. პოლიტიკაში ცოცხალი სურათების ესთეტიკა საკმაოდ ეფექტური ხერხია, თუ მთელი ძალისხმევა პათეტიკაზე არ გადაიტანე. „ქართული ოცნებისათვის“ თავიდანვე დამახასიათებელი იყო ამ ესთეტიკის სიყვარული. მსახიობებისა და სპორტსმენების ავანსცენაზე გამოყვანა ამ ესთეტიკის ნაწილია. მათ უნდა შექმნან ფასადი, რომლის მიღმაც პოლიტიკური კულუარები თავის საქმეს გააკეთებენ. როგორც მგონია, ამ მიმართულებით საკმაოდ იქნა გადაჭარბებული. ფასადი კულუარებში შეიჭრა და ის ადგილი დაიკავა, რომელიც პროფესიონალებს უნდა ეკავოთ.

რას თვლით მარგველაშვილის უპირატესობად სხვა კანდიდატებთან შედარებით?

- მარგველაშვილს, ჯერჯერობით, პოლიტიკური სვლები არ გაუკეთებია და ძალიან ძნელია ლაპარაკი იმაზე, რამდენად შეძლებს რესურსების მობილიზებას, რამდენად შეძლებს კოალიცია „ქართული ოცნების“ შესაძლებლობათა გამოყენებას, ან პარტიის გადაქცევას რეალურ პოლიტიკურ ძალად. არადა, დრო არ ითმენს. იმ დროს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს ადგილებზე მდგომარეობის შესანარჩუნებლად და საინფორმაციო სივრცის ფლობისათვის, ასეთი პასიურობა გაუგებარია.

გიორგი მარგველაშვილი დალაგებული, გონიერი განათლებული ადამიანია, მაგრამ დამეთანხმებით, პოლიტიკა რაღაც სხვაა, დამატებით უნარებს მოითხოვს. ამ უნარების გამჟღავნება მას, ჯერჯერობით, არ უცდია და თუ გააჭიანურებს, ეს შეიძლება მის საწინააღმდეგოდ მიიმართოს. ქართველი ამომრჩევლისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, გრძნობს თუ არა თავისი პოტენციური რჩეულის ენერგიას, უნარს იმისა, რომ დაინახოს პრობლემები და მოაგვაროს ისინი, ადამიანების მობილიზება მოახდინოს და ა.შ. ეს ჯერ არ ჩანს.

მე გავუგებდი მარგველაშვილს ამ პოზიციას სულ რაღაც ორი თვის წინ, მაგრამ უკვე უნდა წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, მიუხედავად იმისა, რომ ის კოალიციის შემადგენლობაშია. ივანიშვილის მეგობარი და მოკავშირე რომ არის, ცხადია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალია, მაგრამ არ არის საკმარისი, რომ ამომრჩეველმა მასში სრულფასოვანი პოლიტიკური ფიგურა დაინახოს. მომავალი პოლიტიკური სახის ასაგებად პოლიტიკური წარსული სუფთა აქვს.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, შეიძლებოდა საპარლამენტო მოდელის შემთხვევაში პრეზიდენტი არჩეული ყოფილიყო პარლამენტის მიერ, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით გადაწყდა საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რაც ნიშნავს, რომ თვითონ საზოგადოება პრეზიდენტის ფიგურას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. თქვენი შეფასებით, მარგველაშვილი, რამდენად აკმაყოფილებს საზოგადოების იმ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, რომ საყოველთაო არჩევნების ჩატარება აუცილებელი იყო?

- ამ თემას ნაწილობრივ უკვე შევეხე. მხოლოდ იმას დავამატებ, ეჭვი არ მეპარება, მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდება. თუმცა, სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მას არა აქვს ისეთი მაღალი რეიტინგი, რომ პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები. თანაც, თუ ნაციონალების შესაძლო კანდიდატს არ მივიღებთ მხედველობაში, სხვები ჯერაც არ „ამუშავებულან“. იმედი მაქვს, რომ ხვალ და ზეგ უფრო აქტიურად იმოქმედებს და კარგი გაგებით აგრესიულ პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს და საინფორმაციო ნაკადის მნიშვნელოვან სეგმენტსაც დაეუფლება. დღესდღეობით ნაციონალები ახერხებენ, პერმანენტულად შფოთი შეიტანონ საინფორმაციო სივრცეში და მათ მიერ ნაკარნახევ საინფორმაციო რეჟიმში გვაცხოვრონ. ვფიქრობ, სწორედ აქაა გარდატეხა შესატანი.

როგორც იკვეთება, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება დავით ბაქრაძე, დანარჩენ ნაციონალებთან შედარებით, მასზე საზოგადოების ნაკლები აგრესია მოდის, რამდენად ძლიერი მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს მარგველაშვილისთვის?

- შანსი იმისა, რომ ბაქრაძე პრეზიდენტი გახდეს, მცირეა და ეს ყველას კარგად მოეხსენება, ვინც კი ახლოს ყოფილა ქართულ პოლიტიკასთან. ძალზე ძნელია, რომ ერთი წლის თავზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლოს და შემოაბრუნოს ის მარცხი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში იწვნია. მათი მარცხი წინასწარ არის განსაზღვრული. ამასთან, მონაწილეობა აუცილებელია. ჯერ ერთი, ამის გარეშე თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდება სერიოზული ეროზია და შესაძლოა, პოლიტიკური პარტიაც კი აღარ შერჩეს ასპარეზს. არის მეორე მომენტიც, ისინი არ იბრძვიან გამარჯვებისათვის, მაგრამ იბრძვიან სერიოზული წარმატებისათვის, პოლიტიკური წონის შენარჩუნებისთვის. სერიოზული წარმატება იქნება მათთვის, თუ მისი კანდიდატი მცირე პროცენტით წააგებს.

უკვე იგრძნობა, რომ ისინი გამოიყენებენ საკმაოდ დახვეწილ პოლიტიკურ ტექნიკას. მათ გაამახვილეს ყურადღება რეგიონებზე და ცალკეულ ინსტიტუციებზე. თბილისი მათთვის იმთავითვეა დაკარგული. ეს ხდება მაშინ, როდესაც „ოცნებას“ აშკარად აკლია თანამიმდევრულობა რეგიონალურ პოლიტიკასა და პარტიულ სტრუქტურებზე ზრუნვაში. მათი მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობაც კი აღარ არსებობს. არადა, ამ მოძრაობამ ძალზე დიდი როლი შეასრულა მისი წარმატების საქმეში.

ნაციონალების მიზანია, შეინარჩუნონ ის, რისი შენარჩუნებაც შეიძლება. შარშან მეჩვენებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტექნოლოგიას ჟანრის კრიზისი ჰქონდა, მაგრამ ახლა ჩანს, რომ ამ სფეროშიც შეაქვთ ცვლილებები. ეს გამოიკვეთა თუნდაც, პრაიმერის თემის ირგვლივ. მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ერთპიროვნულად დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა, ისინი კანდიდატის „დემოკრატიული“ არჩევის გზას დაადგნენ. რეალურად კი ეს არის არა შიდაპარტიული არჩევნები, არამედ ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანია და რაც მთავარია, დასავლეთისათვის გაგზავნილი მესიჯი.

ვფიქრობ, ნაციონალების სამიზნე წერტილია არა საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ ამ არჩევნების შემდგომი ხანა. დაგროვილი გულგატეხილობის ფონზე, ივანიშვილის წასვლით გამოწვეული შესაძლო კრიზისი მათი იმედია.

ქართული ოცნებააცხადებს, რომ საპრეზიდენტიო კანდიდატის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ თუ კოალიციის რომელიმე წევრი მოისურვებს საკუთარი კანდიდატის დასახელებას, მას შეუძლია, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი. ბოლო პერიოდში კულუარებში კვლავ ითქვა, რომ შესაძლოა, ასეთი დამოუკიდებელი მოთამაშე გახდეს ირაკლი ალასანია. რამდენად შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს ასეთი ვარაუდები?

- ირაკლი ალასანიას, როგორც პოლიტიკოსს, ცნობადობის საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვს, მის მიმართ არსებობს სერიოზული მოლოდინები საზოგადოების სხვადასხვა წრეებში. მას იცნობენ, როგორც ჩამოყალიბებულ პოლიტიკოსს, პოლიტიკა მისთვის არ აღმოჩნდა მეორე ხელობა, როგორც ბევრი სხვა კანდიდატისათვის. ამდენად, ეს მას სერიოზულ კაპიტალს სძენს, მაგრამ ვერ გეტყვით, რა შესაძლებლობები აღმოაჩნდება მას ამ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.

საეჭვოა, ამ თვალსაზრისით მოცემულ ეტაპზე მან კონკურენცია გაუწიოს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს. ამ ეტაპზე მარგველაშვილის პოლიტიკური შესაძლებლობები ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მისი.

თუმცა ალასანიას მიმართაც არსებობს სერიოზული მოლოდინი. მას, როგორც პოლიტიკოსს, ერთი კარგი თვისება აქვს. შეუძლია მოლოდინის რეჟიმში გადასვლა, პაუზის გაკეთება. მისგან განსხვავებით, ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობა კრიზისის პირველი ნიშნებისთანავე ლამის პანიკაში ვარდებიან და ერთბაშად ხარჯავენ მთელს რესურსებს.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, ჯერჯერობით, ცნობილია მხოლოდ პაატა ბურჭულაძის კანდიდატურა, რომელიც არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისათვის, ცნობილია, როგორც წარმატებული საოპერო მომღერალი. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკაშიც ექნება წარმატების შანსი?

- ძალიან მიჭირს პაატა ბურჭულაძის კანდიდატურაზე საუბარი. არაჩვეულებრივი მომღერალია, როგორც მუსიკის მოყვარული ადამიანისთვის, ჩემთვის ძალზე ბევრს ნიშნავს. კიდევ უფრო მეტის თქმა შემიძლია მის ქველმოქმედებაზე. მეორე მხრივ, რომ მომხდარიყო სასწაული და ჩემთვის რჩევა ეკითხა, ნამდვილად არ ვურჩევდი ეს ნაბიჯი გადაედგა, არ ღირდა - გამარჯვებას ვერ მიაღწევს და ისეთ სცენაზე შეაგდებს საკუთარ თავს, სადაც საზოგადოების ულმობელი მზერით გარემოცული აღმოჩნდება - ერთია საოპერო სცენა და მეორე - პოლიტიკური. პოლიტიკურ სცენაზე მყოფს, შესაძლოა, ბევრი დაუმსახურებელი და უსამართლო ტკივილის გადატანა მოუხდეს.

ძალიან არ მინდა, ბატონ პაატას იგივე ბედი ეწიოს, რაც ბევრ ვინმეს ეწია ჩვენში. სხვადასხვა სფეროებში წარმატებული ადამიანები რატომღაც გადაწყვეტენ, რომ უმთავრესი პოლიტიკური წარმატების მიღწევაა და სწორედ აქ დახვდებათ ხოლმე ყველაზე მძიმე, რაც კი შეიძლება დახვდეთ. ცოტა ხანში უწევთ აღიარება, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ადამიანებმა იოლად დაივიწყეს მათი ყველა დამსახურება. ნამდვილად არ მინდა, ბატონ პაატას ეს ბედი ეწიოს.

ყველა ქვეყანაში მსახიობები, სპორტსმენები და სხვ. შეიძლება მხარს უჭერდნენ ამა თუ იმ კანდიდატს ან პარტიას, მაგრამ მხოლოდ იშვიათად ხდება, რომ ისინი პროფესიონალი კანონმდებლების ან აღმასრულებელი სტრუქტურების ხელმძღვანელთა ადგილებს იკავებენ - ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ პროფესიონალიზმში არავის ეჭვი არ ეპარება. რეიგანის გამონაკლისი მაგალითი ბევრისთვის იქცა მახედ. ტრიბუნი და პროპაგანდისტი, ერთის მხრივ და პოლიტიკოსი, მეორეს მხრივ, სულაც არ არის ერთი და იგივე.

გარკვეულ წრეებშიქართული ოცნებისკანდიდატის სერიოზულ მოწინააღმდეგედ განიხილავენ ნინო ბურჯანაძეს, თქვენი შეფასებით, როგორი რესურსი აქვს მას?

- ქალბატონი ნინო გამოცდილი პოლიტიკოსი და კარგი დიპლომატია. რამდენადაც მე შემიძლია თქმა, დღეს მისი სტრატეგია აგებულია „ოცნების“ იმ ყოფილ მხარდამჭერთა მობილიზებაზე, რომლებსაც გული გაუტყდათ ივანიშვილის გუნდზე. ასეთების რაოდენობა კი თანდათან იზრდება. თავის პროპაგანდას იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მკვეთრ განცხადებებზე აგებს. ამასთან, ამ ეტაპზე, როგორც მეჩვენება, იგი უგულებელყოფს პროპაგანდის პოზიტიურ ელემენტს. ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილისთვის არის ეს დამახასიათებელი - საუბრობენ ძირითადად იმაზე, რა არ უნდა იყოს და ვინ უნდა დაისაჯოს, მაგრამ ნაკლებს - სახელმწიფოებრიობის იმ კონცეფციაზე, რომელსაც ამომრჩეველს სთავაზობენ.

სამწუხაროდ, მან 2011 წელს, როგორც ჩანს, თავისი გარემოცვის კარნახით, უშურველად გასცა თავისი პიროვნული რესურსები. 2011 წლის 26 მაისს ჩვენ მხოლოდ ხელისუფლების სიავკაცეში კი არ დავრწმუნდით, არამედ იმაშიც, რომ ოპოზიციას თავისი ბოლომდე გაუთვლელი სტრატეგიით მთელი საზოგადოების პარალიზება შეეძლო. გავიხსენოთ, როგორი თვეები გავიარეთ 2011 წლის მაისიდან ოქტომბრამდე. ასეთი დათრგუნული და პარალიზებული ჩვენი საზოგადოებრივი ნება, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მე არ მახსოვს. არადა, ამის გათვლა არ იყო ძნელი.

შეიძლება ვცდები, მაგრამ როგორც მგონია, ამ ეტაპზე ქალბატონ ნინოს ჯობდა პოლიტიკური პაუზა გაეკეთებინა და ამით გაეძლიერებინა მის მიმართ მოლოდინი. პოლიტიკური ცხოვრება ხომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებით არ მთავრდება?!

თუმცა 26 მაისი აღიარებულია, როგორც ყოფილი ხელისუფლების სისასტიკის ერთ-ერთი სიმბოლო, ეს თარიღი აღმოჩნდა ის ბოლო წვეთი, რამაც საზოგადოება საბოლოოდ მომართანაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, დღემდე აქტიურად ტრიალებს ეს თემა ყოფილი ხელისუფლების წინაღმდეგ...

- მსხვერპლი გამოიწვია არა მხოლოდ ხელისუფლების სიავკაცემ, არამედ ოპოზიციის შეცდომებმაც და შესაძლო შედეგების გაუთვლელობამაც. აშკარა იყო, რომ 1989 წლის 9 აპრილის ისტორია შეიძლებოდა განმეორებულიყო და ეს რიგითმა ადამიანმა არ მოინდომა.

არ არის გამორიცხული პრეზიდენტობის პრეტენდენტად ვიხილოთ სალომე ზურაბიშვილიც, რამდენად სერიოზული მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს ის დანარჩენი კანდიდატებისთვის და რა რესურსის ხარჯზე?

- ვერ გეტყვით, როგორია ქალბატონი სალომეს პოლიტიკური გარემოცვა, ვინ არიან ჩართული მის პოლიტიკურ გუნდში. სალომე ზურაბიშვილი არის ის კანდიდატურა, რომელსაც სერიოზული რესურსი აქვს საერთაშორისიო ასპარეზზე და უფრო მოკრძალებული - ქვეყნის შიგნით. როგორც ჩანს, მას არ გააჩნია ის საშინაო ბერკეტები, რომლებითაც ამა თუ იმ ხარისხის წარმატებას უზრუნველყოფდა. არადა, ეს პიროვნება ძალზე მნიშვნელოვანი კაპიტალია ჩვენი დიპლომატიური ცხოვრებისათვის და უკვე რამდენი წელია, უყურადღებოდ გვყავს მიტოვებული. მას ბევრი საერთაშორისო პრობლემის მოგვარება თუ არა, სერიოზული პროგრესის მიღწევა შეუძლია. მისი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, არც დღევანდელ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ექნებოდა ერთგვარი საბჭოთა ესთეტიკის კვალი.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, მას გაუჭირდება იქცეს საინფორმაციო სივრცის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად, ამას დიდი ფულადი და საქართველოს შიდა საკომუნიკაციო რესურსები სჭირდება. თუმცაღა, მისი გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის დადებით როლს თამაშობს - შემოაქვს ის პოლიტიკური მუხტი, რომელიც მოცემულ მომენტში ძალზე საჭიროა-ხოლმე.

ამ ეტაპზე ცნობილი საპრეზიდენტი კანდიდატებიდან არ გვისაუბრია საპრეზიდენტო არჩევნების მუდმივ კანდიდატზე, შალვა ნათელაშვილზე. თქვენი შეფასებით, რამდენად სერიოზული ნაბიჯია მისი მონაწილეობა ამ არჩევნებში?

- უახლოეს მომავალში მიჭირს წარმოვიდგინო ისეთი არჩევნები, სადაც ბატონი შალვა წარმატებას მიაღწევს. იყო დრო, როდესაც მას ჰქონდა შანსი, რომ ქართული პოლიტიკის ცენტრალურ ფიგურად ქცეულიყო. ეს იყო 1999-2003 წლების შუალედი. შემდეგ მას ინიციატივა და პოლიტიკური ნიშა სააკაშვილმა წაართვა. მიუხედავად ამისა, იგი დაუსრულებლად იმეორებს ერთხელ შექმნილ პორტრეტს.

თუკი წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ, დარწმუნებით განაცხადებს, რომ ის ტოვებს პოლიტიკას, შეიძლება თუ არა არჩევნების შედეგებში სერიოზული გადათამაშება მოხდეს და პოლიტიკურ ძალთა განლაგება შეიცვალოს?

- თუ ძალიან მკვეთრი რამ არ მოხდა, გარდა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებისა, ძალთა განლაგება იგივე დარჩება, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატის მდგომარეობა შედარებით გაუარესდება და თუ ასეთი განცხადებები გაგრძელდა, უკვე დაბეჯითებით შეიძლება საუბარი მეორე ტურზე. აღარაფერს ვამბობ არჩევნების შემდგომ რეალიებზე.

ვის შერკინებას ელოდებით მეორე ტურში?

- „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ ის მეორე ტურში დარჩეს და მათ ეს შანსი კიდევ რჩებათ, რადგან როგორც გითხარით, რეგიონული ორგანიზაციები შეინარჩუნეს და შესაძლებელია, გარკვეული ხმების მობილიზება შეძლონ. სხვას ვერ გეტყვით. ვისურვებდი, რომ მეორე ტურში ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ამჟამინდელი მდგომარეობით ამას მიაღწიოს. გარკვეული შანსი აქვს ქალბატონ ნინო ბურჯანაძესაც, თუმცა თავისი რესურსებით იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ოცნებასაც“ და ნაციონალებსაც. ალბათ, ეს ორი ძალა აღმოჩნდება მეორე ტურში - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა - სერიოზული პროცენტული სხვაობით. ნაციონალების კანდიდატის მიერ პირველ ტურში ხმების 15%-ის დაგროვება მათთვის სერიოზულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

ანუ, ის დაამტკიცებს, რომ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი აქვს?

- რა თქმა უნდა, ამისთვის იბრძვიან და რესურსი თუ არა პრეტენზია აუცილებლად ექნებათ.

ნინო ბურჯანაძე თქვენი პროგნოზით ვერ გადალახავს პირველი ტურის ზღვარს?

- ქალბატონი ნინოს მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, არ მგონია, მან ეს მოახერხოს. მას გაუჭირდება საინფორმაციო სივრცის დაუფლება. ეს უკანასკნელი, თითქმის, მთლიანად აქვთ გადანაწილებული „ოცნებასა“ და ნაციონალებს.

დასავლეთი საქართველოსგან ელოდება დემოკრატიულ, ობიექტურ არჩევნებს. თვლით, რომ დღეს საქართველოში ასეთი საარჩევნო გარემოა? ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ცვლის თუ არა საარჩევნო კლიმატს?

- ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, სერიოზულ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. რაც შეეხება არჩევნების ობიექტურობას, ყველა ქვეყანაში არსებობენ გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურები, რომელთა აზრსაც სერიოზული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის. ასეთია ბიძინა ივანიშვილიც და ეს არჩევნების არადემოკრატიულობაზე თავისთავად არ მეტყველებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საგარეო დამკვირვებელს ჩვენში არსებული სიტუაციის სრულიად კონკრეტული და იოლად აღქმადი სურათი შესთავაზოს: საქართველოში მოხდა რეტროგრადული რევოლუცია, რეფორმატორთა რამდენიმე ლიდერი დაპატიმრებულია, მაშასადამე, ლაპარაკიც არ შეიძლება სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე. ამ ვითარებაშიც კი, ისინი შიდაპარტიული არჩევნების გზით ეძებენ თავიანთ კანდიდატს. დღეს ეს სურათი მხოლოდ დასავლეთის ზოგ წარმომადგენელზე მუშაობს. ხოლო, ის, თუ როგორ იმუშავებს იგი არჩევნების შემდგომ, უმთავრესად „ქართულ ოცნებაში“ მიდინარე პროცესებზე იქნება დამოკიდებული.

ცხადია, ქართული არჩევნები არასოდეს არ ყოფილა ზედმიწევნით დემოკრატიული, მაგრამ ცოტათი თუ ბევრად სამართლიანი არჩევნები გვქონდა გასული წლის ოქტომბერში. სწორედ ამან განსაზღვრა „ქართული ოცნების“ წარმატება. იმედი მაქვს, ამ ნიშნულს არ ჩავცდებით.