ექსპორტის ზრდასთან ერთად, ადგილობრივი წარმოებაც სწრაფად ვითარდება

ექსპორტის ზრდასთან ერთად, ადგილობრივი წარმოებაც სწრაფად ვითარდება

ექსპორტის ზრდის ტემპი მატულობს და სულ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოებაც ვითარდება, რაც ქართული პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გატანას უწყობს ხელს.

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 226.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.5 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 4 546.0 მლნ აშშ დოლარი იყო (34.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 10 680.6 მლნ. აშშ დოლარი (33.2 პროცენტით მეტი).

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 6 134.6 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ექსპორტთან მიმართებაში ნარჩუნდება მაღალი მაჩვენებელი - 34%-იანი ზრდა, რაც სწორედ ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, თუ რატომაც აქვს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა.

„ექსპორტში ჯამში გვაქვს 34%-იანი ზრდა, ანალოგიურად მაღალი ზრდა არის იმპორტის მიმართულებით, რომელიც თავის მხრივ მეტყველებს მოხმარების ძლიერ მაჩვენებელზე. ხოლო ექსპორტთან მიმართებაში ნარჩუნდება მაღალი მაჩვენებელი 34%-იანი ზრდა, რაც სწორედ ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, თუ რატომაც აქვს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ მიმდინარე წელს 9 თვეში 10,2 %-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა არის დაფიქსირებული, ამაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი სწორედ ექსპორტის და საგარეო ვაჭრობის სწრაფ ზრდას უჭირავს“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული მონაცემები 2021 წლიდან მოყოლებული სტაბილურად პროგრესირებს. მაგალითად 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის მოცულობამ უკვე გადააჭარბა წინა 2021 წლის წლიური ექსპორტის მოცულობას. ეკონომისტ შოთა გულბანის შეფასებით, ექსპორტი უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა:

„აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის მდგრადობის შესანარჩუნებლად, ვინაიდან ექსპორტი უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკურ ზრდაშიც საკმაოდ სოლიდური წვლილი შეაქვს. შესაბამისად მისი შეუქცევადი ზრდა, ეკონომიკაში მიმდინარე დადებით პროცესებზე მეტყველებს.

პანდემიური 2020 წლის შემდეგ სტაბილურად იზრდება იმპორტის მაჩვენებელიც. 2022 წლის 10 თვეში ზრდა 33.3 პროცენტით განისაზღვრა და 10,680.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. იმპორტის ზრდა გაზრდილ შიდა მოთხოვნაზე მეტყველებს, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ერთგვარი ნიშანი და სტიმულია იმისთვის, რომ იმპორტშემცვლელი პროდუქტების საწარმოებლად ინვესტიციები მოიზიდონ“, - აცხადებს შოთა გულბანი.

უფრო დეტალურ ანალიზს აკეთებს სტატისტიკოსი იოსებ არჩვაძე. იგი ექსპორტ-იმპორტის შეფარდებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„იმპორტი 2022 წლის ოქტომბერში გაიზარდა 19.9 პროცენტით და 1122.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანად, იანვარ-ოქტომბერში იმპორტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 33.2 პროცენტით და 10680.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.

იმპორტის ზრდის განმაპირობებელ ფაქტორთაგან აღსანიშნავია:

ა) ეროვნული ვალუტის გამყარება უცხოურ ვალუტასთან (ლარი აშშ დოლართან 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, გამყარდა 11.3 პროცენტით), რამაც საშუალება მისცა იმპორტიორებს ერთეული პროდუქციის იმპორტში მიეღწიათ სავალუტო რესურსების საგრძნობი ეკონომიკისთვის - სავალუტო კურსის უცვლელობის შემთხვევაში არსებულ ხარჯებთან შედარებით;

ბ) ენერგომატარებლების გაძვირება მსოფლიო ბაზარზე (წლის განვლილ პერიოდში დაახლოებით 2/3-ით). ამან გამოიწვია გაძვირებულ ნავთობპროდუქტებსა და ბუნებრივ აირში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 0.5 მლრდ. აშშ დოლარით მეტის გადახდა, საიდანაც მხოლოდ 1/5-მდე უკავშირდება ეკონომიკის მზარდ საჭიროებას, დანარჩენი კი უშუალოდ ფასების გაძვირებით იყო გამოწვეული;

გ) მოსახლეობის გადახდისუნარიანი მოთხოვნით, პირველ რიგში სასურსათო საქონელზე მოთხოვნილების უფრო სრულად დაკმაყოფილებისათვის. აგროსასურსათო საქონლის ყოველდღიური იმპორტი საქართველოში თითქმის 1.3 მლნ. აშშ დოლარით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2022 წლის ოქტომბერში შეადგინა 40.0 პროცენტი (მთლიანად იანვარ-ოქტომბერში - 42.6%).

საქართველოს ეკონომიკის მაღალი ტემპებით ზრდა, აგრეთვე აგრარული სექტორში არც თუ ურიგო მოსავლის სამრეწველო გადამუშავების მზარდი პოტენციალი, ქმნის წლის დარჩენილ პერიოდში ექსპორტის საგრძნობი მატების პოზიტიურ მოლოდინს“, - აღნიშნა არჩვაძემ.

ადგილობრივი წარმოების განვითარების შესაძლებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომისტი ოთარ ანგურიძე, რომლის განცხადებითაც, ექსპორტის ზრდა ადგილობრივი წარმოების ზრდას ნიშნავს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქართული პროდუქცია გავიდეს უცხოურ ბაზრებზე.

„ერთია, რომ ექსპორტის ნაწილში იზრდება ჩვენი ადგილობრივი ხარისხიანი წარმოება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქართული პროდუქცია გავიდეს უცხოურ ბაზრებზე. მეორე, როდესაც იზრდება იმპორტი, ეს ნიშნავს, რომ შიდა მოხმარება იზრდება. შიდა მოხმარება პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდასთან და შიდა ეკონომიკის მოთხოვნილებებთან“, - აღნიშნა ანგურიძემ.

ბოლო ათი თვის განმავლობაში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კიდევ ერთი პოზიტიური დეტალი ბაზრების დივერსიფიცირებაა.