გიგი უგულავას დაჭერამ "ნაციონალები" ისევ ააყეფა და მათ კვლავ პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით მართლმსაჯულებაზე დაიწყეს ლაპარაკი. გიგა ბოკერია ძალიან აღშფოთებულია, რომ თურმე 60 მილიონი ლარის ქურდობაში ბრალდებული ექსმერი არ უნდა დაეჭირათ და ისევ გარეთ უნდა ენებივრა. უგულავას დანაშაული არაძალადობრივი და სამოხელეოა, "თეთრი საყელოს" დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, ამის გამო ნორმალურ ქვეყნებში ხალხს წინასწარ პატიმრობას არ უსჯიან და ციხეებში არ სვამენო, ამუნათებს სასამართლოს ბოკერია. პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამაც განცხადება გაავრცელა და მანაც ამ საკითხზე გააკეთა აქცენტი. უგულავა მთავრობას ადანაშაულებს, ბოროტმოქმედად წარმომაჩინა და ამით ჩემს უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევსო. უგულავა იქვე დასძენს, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა სრულიად დაუსაბუთებლად მომისაჯაო. გესმით, 60 მილიონის ქურდობაში ბრალდებული უგულავა, რომელიც უცხოეთში აპირებდა გაქცევას, თურმე არ უნდა დაეჭირათ, გაქცევა უნდა ეცლიათ და იმ მილიონებით, უცხოეთში "გრიალისა" და "გულაობის" საშუალება უნდა მიეცათ. უგულავას 6 ბრალი აქვს წაყენებული, მაგრამ მოსამართლეს, თურმე, ყველაფერზე თვალი უნდა დაეხუჭა და როგორც გიგის ნებავდა, ისეთი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა.
პოლიტიკური ოპონენტების დევნა და რეპრესიები "ნაციონალთა" მოგონილია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როცა სააკაშვილის გუნდმა ხელისუფლება ჩაიგდო ხალში, უამრავი ადამიანი დაიჭირეს სწორედ სამოხელეო დანაშაულზე და არც ერთის მიმართ არ გამოუყენებიათ ალტერნატიული აღმკვეთი ღონისძიება, ყველას წინასწარ პატიმრობას უსჯიდნენ და ციხეებში ისტუმრებდნენ. მაშინ გიგა ბოკერიას არც "თეთრი საყელო" გახსენებია და არ ის უთქვამს, რომ არაძალადობრივი დანაშაულის გამო ხალხს წინასწარ პატიმრობას არ უსჯიან. გიგი უგულავას მაშინ კრინტი არ დაუძრავს იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ყოველი ფეხის ნაბიჯზე არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას და კრიმინალებს ეძახდა იმ ადამიანებს, რომელთა ბრალეულობაც სასამართლოს ჯერ არ ჰქონდა დადასტურებული.
რაც "ნაციონალებს" ხალხი ჰყავთ დაჭერილი "თეთრი საყელოს" დანაშაულის გამო, ყველას რა ჩამოთვლის, მაგრამ რამდენიმეს გახსენება მართლა აუცილებელია, რათა ხალხმაც გაიხსენოს, როგორ ეპყრობოდნენ ესენი პოლიტიკურ ოპონენტებს და რამდენად არაადამიანური მართლმსაჯულება ჰქონდათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია თბილისის "დინამოს" საქმეზე ორჯერ დაიჭირეს. ჟორდანია სახელმწიფო მოხელეც არ ყოფილა, ბიზნესმენი და "დინამოს" პრეზიდენტი როცა იყო. არსად გაქცევას არ აპირებდა, მაგრამ ორჯერვე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მერე, თუ რამე გააჩნდა, ყველაფერი წაართვეს. "დინამოშიც" დაათმობინეს წილები, სხვა ბიზნეს-სტრუქტურებშიც, ორჯერვე საპროცესო გარიგებით გამოუშვეს, ერთხელ 1 მილიონი დოლარი გადაახდევინეს და მეორედ 3 მილიონი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მილიონი ნაღდი ფული ჟორდანიამ სააკაშვილის ემისრებს გადასცა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუფორმეს მეორედ საპროცესო გარიგება. მაშინ წესი იყო ასეთი, რაც საპროცესო გარიგებით ბიუჯეტში შეჰქონდათ დაჭერილებს, ამაზე მეტი კიდევ "ქეშად" უნდა გადაეხადათ ხელისუფლებისთვის, თორემ ციხეს თავს ვერ დააღწევდნენ. მერაბ ჟორდანიას ციხეში ყოფნისას მამა გარდაეცვალა, სახელოვანი ფეხბურთელი ლევან ჟორდანია და მაშინდელმა პროკურატურამ იმის საშუალება არ მისცა პატიმარს, 2 საათით ციხის ბადრაგით სახლში მიეყვანათ და მამა დაეტირა. ჟორდანია იმიტომ დაიჭირა სააკაშვილმა, რომ შეუთვალა, სფფ-ს პრეზიდენტობიდან გადადექი, ჩემი კაცი უნდა დავსვა პრეზიდენტადო, მაგრამ ჟორდანიამ უარით უპასუხა.
ედუარდ შევარდნაძის სიძის, "მაგთიკომის" მეწილის გია ჯოხთაბერიძის ტელედაჭერაც პოლიტიკური დევნა იყო, მეტი არაფერი. თავად ედუარდ შევარდნაძეს ხელი ვერ ახლო სააკაშვილმა, რადგან გავლენიანმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა კატეგორიულად აუკრძალეს, მისთვის ბუზის აფრენაც კი. ცხენს რომ ვერ მისწვდა, უნაგირს დაუწყო მტვრევა მიშამ. 2 თვით გამოკეტა ჯოხთაბერიძე ციხეში. მას გადასახადების გადაუხდელობას აბრალებდნენ. 10 მილიონი გადაახდევინეს და საპროცესო გარიგებით გაუშვეს.
თბილისის სატყეო მეურნეობის დირექტორს, შოთა მეფარიძესაც სამოხელეო დანაშაულს ედავებოდა პროკურატურა. 83 წლის კაცი, რომელსაც დაახლოებით 10 სხვადასხვა დაავადება სჭირდა, წინასწარ პატიმრობაში გაუშვა სასამართლომ. ესეც საპროცესო გარიგებით გამოუშვეს - 100 000 ლარი გადაახდევინეს, თუმცა, მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ მეფარიძეს თავისუფლება კიდევ 1 მილიონი დოლარი დაუჯდა და ეს თანხა თბილისის იმჟამინდელმა მთავარმა პროკურორმა, ვალერი გრიგალაშვილმა საკუთარი ხელით მიუტანა სააკაშვილსო. "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი აკაკი ჩხაიძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწვა და წვეთოვნები ედგა. 2004 წლის 15 იანვარს, საკუთარი თვალით ვნახე საავადმყოფოში აკაკი ჩხაიძე, ინტერვიუს ჩასაწერად მივედი, მაგრამ უარი მითხრა, შეუძლოდ ვარო. კაცი ძლივს ლაპარაკობდა, მართლა საკმაოდ მძიმედ იყო და ლოგინიდან ვერ დგებოდა. გაოგნებული დავრჩი, რომ მეორე დღეს, დილაუთენია, გია ბარამიძემ სპეცოპერაცია ჩაატარა და აკაკი ჩხაიძე საავადმყოფოდან მოიტაცა, თბილისში კი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს და თავს ჟურნალისტები დაახვიეს. ჩხაიძეს სამოხელეო დანაშაულში ედებოდა ბრალი, არც არსად გამქცევი იყო და ვერც გაიქცეოდა, იმდენად ავად იყო, მაგრამ საავადმყოფოდან მოტაცებულ კაცს, 3-თვიანი ციხე მიუსაჯეს.
საავადმყოფოში დააპატიმრეს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა - გულის შეტევით იწვა კლინიკაში. გენპროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი გვარწმუნებდა, "მირცხულავა სიმულანტობს და არაფერი აწუხებსო" და ისიც ციხეში გაუშვეს, საბოლოოდ, 9 წელი მიუსაჯეს და "სიმულანტმა" 2 ინფარქტი გადაიტანა ციხეში. სულხან მოლაშვილსაც "თეთრი საყელოს" დანაშაულს ედავებოდნენ - 3 მილიონის გაფლანგვას ბიუჯეტიდან. აბა, ეს 3 მილიონი უგულავას 60 მილიონთან რა მოსატანია? მოლაშვილსაც წინასწარ პატიმრობაში უკრეს თავი და მერე მასაც 9 წელი მიუსაჯეს. მოლაშვილი ციხეში გიგა ბოკერიამ და ვალერი გრიგალაშვილმა აწამეს - ამას თავად მოლაშვილი ირწმუნება. ამ გიგი უგულავასა და სხვა დაჭერილ "ნაციონალებს" არ აწამებენ მაინც და იმ ჯოჯოხეთურ პირობებში არ უწევთ ყოფნა, რაც მათ დროს იყო ციხეებში.
ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველა მიშა სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას პოლიტიკური ოპონენტი იყო, რადგან ან შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, ან რაღაც ფორმით იყვნენ კავშირში ამ ხელისუფლებასთან. პოლიტიკური ნიშნით ხალხის დაჭერა "ნაციონალებისთვის" იმთავითვე ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. ესენი რომ შერჩათ, აი, მერე გადაი...ეს თავზე და გაავსეს ციხეები პატიმრებით. გიგი უგულავას ბრალდებები, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველასას ერთად ემატება. სასამართლო კი არა, ბერიასდროინდელი "ტროიკის" მსგავსი ჰყავდა მიხეილ სააკაშვილს და ყველას, ვინც მის ნებას არ ემორჩილებოდა, დაუნანებლად უშვებდა ციხეში. ახლა მოინდომეს "თეთრი საყელო" გიგი უგულავასთვის.
გიგი უგულავა რა ჩიტიც არის, იმ გალიაშიც ზის და ამ "ნაციონალებმა" კიდევ ცოტა ლამპას დაუწიეთ, ვიდრე ხალხი მთლად ჭკუაზე არ გადასულა. მადლობა თქვით, რომ თქვენს დამნაშავე ლიდერებს ცივილიზებული წესით სჯიან და თქვენგან განაწამები და გაუბედურებული ხალხი "ლინჩის წესით" არ ასამართლებს.