როდესაც საქართველოზე ცუდს ამბობდა რომელიმე ევროპარლამენტარი და ჩვენ მას ვაკრიტიკებდით, რადიკალური ოპოზიციის შეფასებით ეს იყო თავდასხმა, ახლა ევროკომისარმა თქვა კარგი და მყისიერად თავს დაესხნენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ოპონენტებისგან დიდი ხანია აღარ გვიკვირს ფაშისტური განცხადებები. ეთნიკურობა, ეროვნულობა რომ რაღაცის განმსაზღვრელი ნიშანია მათთვის, ეს მეორე პრობლემაა, მაგრამ პირველი და მთავარია საქართველოს მტრობა. გუშინაც აღვნიშნე, რომ ვიზალიბერალიზაციის დროს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. გუშინ მათ ეს ღია ეთერში დაადასტურეს. ისინი თავს დაესხნენ ადამიანს, რომელმაც საქართველოზე თქვა რაღაც კარგი. როდესაც ოლივერ ვარჰეიმ შეაქო საქართველოში რეფორმები, ჩვენს ქვეყანაზე კარგი თქვა და მის ევროპულ პერსპექტივაზე დამაიმედებელი მესიჯები გაახმოვანა, მასზე მყისიერად მოაწყვეს თავდასხმა. როდესაც საქართველოზე ცუდს ამბობდა რომელიმე ევროპარლამენტარი და ჩვენ მას ვაკრიტიკებდით ამის გამო, რადიკალური ოპოზიციის შეფასებით ეს იყო თავდასხმა. ევროკომისარმა თქვა კარგი და მყისიერად თავს დაესხნენ. ეს არის მათი ბუნება და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა მდინარაძემ.