დუეტი სოლისტისა და მოძახილისთვის

დუეტი სოლისტისა და მოძახილისთვის

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასა და იმ დანაშაულებრივი ფაქტების ნელ-ნელა ამოტივტივებასთან ერთად, რასაც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი, „ნაციონალურ მოძრაობაში“, შეიძლება ითქვას, აზრთა სხვადასხვაობა ღიად პირველად დაფიქსირდა - ნაციონალური მოძრაობის ცნობადი სახეები პარტიის იმიჯის გადარჩენას თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის შეცვლაში ხედავენ, ნაწილი სააკაშვილ-მერაბიშვილის ერთგულების დათმობას არ აპირებს. არის თუ არა მოსალოდნელი სერიოზული დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“, საზოგადოების ნდობის მოპოვების მიზნით მიიღებენ თუ არა პარტიის გადახალისების გადაწყვეტილებას, რა შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო არჩევნებში მობნნაწილეობის მთავარი მიზანი და რა სირთულეების დაძლევა მოუწევს ახალ ხელისუფლებას, ამ თემებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი სახე პარტიის განახლებაზე საუბრობს, მაგალითად, აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ „ხელმძღვანელობიდან უნდა გადავდგეთ ის ადამიანები, ვინც თავის დროზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირები ვიყავით“, თქვენი შეფასებით, მოსალოდნელია, ნაცმოძრაობაში მსგავსი პროცესის რეალურად დაწყება?

- როდესაც საუბრობენ ვინმეს გადადგომის შესახებ, განსაკუთრებით - თუ რომელიმე პოლიტიკური გუნდის ლიდერებს ეხება, უფრო დამაჯერებელი იქნება, ამ იდეის ავტორსა და გამჟღერებელს საკუთარი მაგალითი მიეცა თანამებრძოლებისთვის და უარი ეთქვა პარლამენტის წევრობაზე - იმ სიკეთეზე, რაც სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესძინა ამ განცხადების ავტორს.

კარგად მესმის ბატონი ბობოხიძის, მას ჰქონდა შესანიშნავი სტარტი 90-იანი წლების პირველ ნახევარში, როდესაც იგი იყო „რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე აქტიური და დამაჯერებელი წევრი, თავისი დისკუსიებით, შევარდნაძის ეპოქის პირველ პარლამენტში. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და ბატონმა კაკომაც, მართალია შინაგანი სინდისის ქენჯნით, მაგრამ მაინც მრავალი წელი გაატარა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მკაფიო სახის ფორმატში. მესმის მისი, როდესაც ის ცდილობს, გარკვეული განწყობა დაუტოვოს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს, რომლებსაც არ ჰქონიათ პირადი შეხება ამ პარტიის სადისტურ ქმედებებთან, მაგრამ ვფიქრობ, ეს მცდელობა უკიდურესად დაგვიანებულია და საუბარი ამ პოლიტიკური ძალის რეანიმაციაზე, ალბათ უშედეგო იქნება. ხოლო თუ ვინმეს სწადია, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება ქვეყანაში, მაშინ უპრიანია, ისინი არა მხოლოდ სიტყვიერად გაემიჯნონ „ნაციონალური მოძრაობის“ ავ ქმედებებს, არამედ პირადი მაგალითი მისცენ სხვებს და შეეცადონ, დაივიწყონ იმ პარტიის სახელი,  რომელიც აღშფოთებასა და მიუღებლობას იწვევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში.

ცნობილია ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახის, გიორგი გაბაშვილის პოზიცია, რომელიც არ თვლის საჭიროდ, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა უნდა დატოვონ თანამდებობები პარტიაში და პარტია გადახალისდეს. როგორ ჩანს, პარტიის სახეებს შორის აშკარა წინააღმდეგობები იკვეთება...

- ჩემთვის პარტიის გადახალისება დაკავშირებულია ისეთ პოლიტიკურ სისტემასთან, რომელსაც რეფორმირების გზით სურს გააგრძელოს იგივე პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებდა. ამ შემთხვევაში ასეთი მიდგომა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გამორიცხულია. ანუ  გადახალისება ძალიან რბილი ფრაზაა მათთვის, ვისაც სურს, პოლიტიკური აქტივობის პერსპექტივა დაიტოვოს მომავალში.

ძალიან ბევრი იხალისეს ელიტარული ნიშის ქვეშ მყოფმა ნაციონალებმა, ამდენი ხალისის მერე კიდევ გადახალისება, ეს  უბრალოპდ, უტიფრობის ის სტანდარტია, რომელიც კარგად არის ცნობილი ჩვენი მოსახლეობისთვის. თუ ვინმეს სურს პოლიტიკაში დარჩენა, მან უნდა ეძებოს ახალი ნიშა, თუნდაც 5-6 პარტია შეიქმნას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებისგან.

ზოგს აქვს ამისი უნარი, ზოგს არა, ხოლო აქვს თუ არა ასეთი უფლება ამ პოლიტიკოსებს, ამას უკვე გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა, რომელიც საკმაოდ გამოცდილია და შეეჩვია შავისა და თეთრის მკვეთრად გამიჯვნას, განსხვავებით ზოგიერთი საზღვარგარეთელი ჩვენი მეგობრისაგან.

როდესაც პრინციპულ საკითხებში უკვე აზრთა სხვადასხვაობა იკვეთება, პარალელურად „ნაციონალური მოძრაობიდან“  გასული დეპუტატების მიმართ მოქმედი ნაციონალები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კომპრომატების ომს გააჩაღებენ?

- როცა გემი იძირება, პანიკური ქცევა მოსალოდნელია. თუ ადრე ნაციონალთა მაჟორიტარები რომლებიც გამოეყვნენ ამ ფრაქციას, სვამდნენ პირობას, რომ არ დაუჭერდნენ მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, დღეს თავისუფლები არიან ასეთი ვალდებულებებისგან, რადგან სხვა აქტიური წევრები ამ პარტიის ხელმძღვანელობასთან (თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის) განშორების აუცილებლობაზე უკვე საუბრობენ.

მალე დაიწყება წინასააჩევნო კამპანია, შიდაპარტიული დაპირისპირების ფონზე უმცირდება თუ არა შანსები „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ საზოგადოება ამ ყველაფერს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს და განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს?

- ამაზე საუბარი არც თუ მარტივია, რადგან არჩევნებამდე დარჩენილი არცთუ მცირე დრო შეიძლება იმდენად დახუნძლული იყოს ნეგატიური პროცესებით, რომ რაიმე პერსპექტივა ხმების დაგროვებისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ უფრო შეუმცირდეს.

როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ვსაუბრობთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ კიდევ ერთი მორიგი სიყალბისა და ფარსის მოწმენი ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ შესრულებით, რასაც ჰქვია სოლისტის და მოძახილის დუეტი. სოლისტი ბაქრაძე დადის ქალაქ-ქალაქ თავის ტრიოსთან ერთად, რომელიც გურული მოძახილივით ამხნევებს თავის ფავორიტს - ასეთი ფარსის სახე მიიღო ვითომდა პრაიმერმა, ურომლისოდაც, თურმე ვერ გადაუწყვეტია რაღაც და აღარ უნდა ამ პარტიის ერთპიროვნული მართვა მის თავმჯდომარეს. თუ ვინმე ამას დაიჯერებს, შეუძლია,  მისცეს ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და გვეცოდინება მაინც, რამდენია ასეთი გულუბრყვილო ადამიანი ქვეყანაში.

თუმცა ქვეყნის პრემიერი მაინც მიმართავს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები გამოიყენოს, როგორც ღირსეული პოლიტიკური მომავლის შანსი. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ ბოლო თვეების განმავლობაში, შეიძლება თუ არა ამ პარტიის ღირსეულ პოლიტიკურ მომავალზე საუბარი?

- როგორც ჩანს, ეს მოწოდება გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნებში პატიოსნად მონაწილეობას, რაც თავისთავად გამორიცხავს ცილისწამებას, შეურაცხყოფას და საბოტაჟამდე მისულ ქმედებებს, რასაც ადგილი ჰქონდა საპარლამენტო  არჩევნების წინა პერიოდში. ეს სიმშვიდე და აკადემიურობა,  ზედაპირულია, რაც არსებულ ფორმატში  შემოგვთავაზა ნაციონალურმა მოძრაობამ პრაიმერების სახით.

შეიძლება, ვინმეს გაუჩნდეს აზრი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ის აღარ იქნება, რაც იყო, მაგრამ ამ პარტიის ბატონობის პირობებში უკიდურესად გალაღებული რამდენიმე ათეული ადამიანი თავს შეაკლავს და სხვასაც არ მისცემს საშუალებას, რომ რაიმე სახის პოლიტიკური ცვლილებები იყოს დაკავშირებუილი ამ პარტიასთან, რადგან ამ რამდენიმე ათეულს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა და სწამს ისეთი, როგორიც იყო იგი განვლილი 9 წლის განმავლობაში.

ამიტომ, მოწოდება საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივის შენარჩუნებისაკენ, ეს არის ბატონი ივანიშვილის, როგორც საქართველოს მოქალაქეობა ვერმიღებული ადამიანის სურვილი (ვფიქრობდი, მეთქვა საქართველოს რიგითი მოქალაქე, მაგრამ გამახსენდა, რომ ის ასეთი არ არის). ამიტომ, ნუ დავიწყებთ ქვეტექსტების ძებნას მის ამ ფრაზაში.

ივანიშვილი აცხადებს, რომ არც ბოდიშს ითხოვს ვინმე მათგან, არც მონანიებას, უბრალოდ, უკანონობას უნდა გაემიჯნონ. ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ არც ამ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აპირებს ვინმე ნაციონალებისთვის სამაგიეროს გადახდას. როგორ ფიქრობთ, პრემიერი შიშობს, რომ შესაძლოა, სერიოზულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი ნაციონალების მხრიდან, თუ ეს უბრალოდ, თავაზიანი ჟესტია მისი მხრიდან?

- შეიძლება, საზოგადოებაში ამ გამონათქვამთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი გაჩნდეს. თუ ბატონი ბიძინა საუბრობს, როგორც ერთი პირი, მას შეუძლია, ვიღაცას აპატიოს, ვიღაცას ბოდიში არ მოსთხოვოს, მაგრამ თავად მისი მოსვლა ხელისუფლებაში განპირობებულია ქართველი ხალხის იმ განწყობით, რომ სწორედ დამნაშავე დაისაჯოს და ბრალდებულმა მიიღოს შესატყვისი სასჯელი.

ჯერ ვერ ვხედავ საკმარის მუხტს ჩვენს საზოგადოებაში, რომ დაივიწყოს ის უბედურება, რაც მრავალ ოჯახს გადახდა ამ წლებში.

პრემიერი მათ გულისხმობს, ვინც დანაშაულებრივ სისტემაში უშუალოდ არ მონაწილეობდა...

- მეც იმ ნაწილის მიმართ ვამბობ, თუ სურთ, შეინარჩუნონ პერსპექტივა, უნდა დატოვონ ეს პარტია და იფიქრონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა ფორმებზე.

როცა პარტიის კრებაზე დიდებას უძღვნი ასეთ ლიდერებს და მერე მედიაში საუბრობ განსხვავებულ თემებზე, რომ თურმე ვიღაცას რაღაცისგან გამიჯვნა სურს - გამიჯვნა ეს არის ცარიელი სიტყვები, თუ მას კონკრეტული მოქმედება არ მოჰყვა.

პირველ რიგში, გამიჯვნა ნიშნავს იმას, რომ რაღაცის მონაწილე იყო და თუ ვინმეს ქმედება მიუღებელია, მაშინ ასეთ ადამიანებთან ერთად ერთ პარტიაში არ უნდა მოიაზრებოდე.

ასეთ შემთხვევაში საქმე გვექნება პარტიის რღვევის პროცესთან და არჩევნების წინ რამდენად მოსალოდნელია ნაცმოძრაობა ამაზე წავიდეს? სავარაუდოდ, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში მას კიდევ უფრო შეუმცირდება შანსები საპრეზიდენტო არჩევნებში...

- რეალურად მცირე თუ კიდევ უფრო შემცირდა, სავარაუდოდ, ნულოვანი შედეგი დადგება. არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ამ არჩევნებში გამარჯვება და ამას გონიერი ნაწილი პარტიის წევრებისა, მკაფიოდ აცნობიერებს.

ეს წინასაარჩევნო კამპანია აუცილებელი გახდა აქტიური ყოფილიყო სწორედ იმიტომ, რომ გამოეყენებინათ უკანასკნელი შანსი დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის და მთლიანად ქართული სახელმწიფოს მიმართ იმ ბრალდებების წაყენებისთვის საზღვარგარეთ, რომელიც ვიღაცის ჭკუით შეუცვლელს ხდის სააკაშვილს და მის „ნაციონალურ მოძრაობას“.

ამიტომ მკვეთრ დაპირისპირებას პარტიაში არ მოველი, მაგრამ არსებობს ჯგუფი, რომელსაც აღარ აქვს დატოვებული რაიმე ნიშა საკუთარი თავის გასდასარჩენად, ის პოლიტიკაში უნდა ჩაიფერფლოს ნაციონალური მოძრაობის სადისტურ-მავნებლურ საქმიანობასთან ერთად.

ასევე გაურკვეველი რჩება იმ დიდი დასტა არასამთავრობოების ბედი, რომლებიც ასე მომრავლდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - არ ეყოფა დრო იმისათვის, რომ ფეხი მოიკიდოს ამ სფეროში და როგორც ჩანს მხოლოდ ერჯერად ფინანსურ სიკეთეს დასჯერდებიან, რომელიც სააკაშვილ-ნოდიას წყალობით მიიღეს.

სავარაუდოდ, ეს არასამთავრობოები შეასრულებენ თავიანთ ფუნქციას და დიდი რაოდენობით გავა ინფორმაცია უცხოეთში არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შესახებ - ვიცით, რომ ეს მიზნები ბევრისთვის უკვე ცნობილია საქართველოში...

- ეს არის კარგად ორგანიზებული, გააზრებული. მზაკვრულ აზროვნებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად დიდი უპირატესობა აქვს „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით.

ანგელოზისდარად არც ერთი პოლიტიკური ძალა და საზოგადოებრივი ჯგუფი არ მიმაჩნია, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ის ენერგია, რაც სიკეთეს უნდა მოხმარებოდა, მხოლოდ დესტრუქციისკენ არის მიმართული.

ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როდესაც ტყუილების მორიგი კორიანტელი მოვისმინეთ, ამჯერად - ევროკომისარ ფულეს თანდასწრებით. გავიხსენოთ ისიც, რაც რასმუსენის თანდასწრებით განაცხადა ჩვენმა პრეზიდენტმა. პრიმიტული პრაქტიკა გახდა - ჟურნალისტმა დასვას ისეთი კითხვა, რომელზე პასუხადაც სტუმარზე მეტს ისაუბრებს პრეზიდენტი და იმ რაოდენობით დაახვავებს სიბრიყვეს, ტყუილი და მართალი რომ ვეღარ განასხვავოს სტუმარმა.

ერთი, რაც ამ დროს არის ხოლმე საინტერესო, გახლავთ ის, რომ ყველა ასეთი გამოსვლა საკაშვილისა, ძალზე მაღლა სწევს მარგველაშვილის შანსებს - იყო გარკვეული ნიჰილიზმი ჩვენს საზოგადოებაში, იყო საფრთხე, რომ  დიდი რაოდენობა ამომრჩევლისა არ გამოცხადდებოდა არჩევნებზე, მაგრამ ყოველი გამოსვლა სააკაშვილისა, თავისი უმეცარი გამონათქვამებით, ნამდვილად ზრდის არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს და მობილიზებას უკეთებს  „ქართული ოცნების“ კანდიდატის გასამხნევებლად.

როგორც ჩანს, საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც დიდი ძალისხმევის გამოვლენა მართებს, რომ დასავლეთის თვალში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს...

- დასავლეთის თვალში მომავალი არჩევნები ვერ მიიღებს დემოკრატიულობის შეფასებას რადგან რაოდენობა საჩივრების, რომელთა დიდი ნაწილი ალბათ უკვე დაწერილია, იქნება არნახულად დიდი; სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ვილნიუსის სამიტამდე.

საჯაროდ აცხადებს სააკაშვილი, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევიდან ერთი თვის მერეც თვითონ დაესწრება სამიტს. ვინმეს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა, ეს ჯერ ინგლისურად განაცხადა ევროკომისრის თანდასწრებით, მერე ქართლადაც მოგვითარგმნა. თუ ეს ქართული დემოკრატიისთვის მიუღებლად გამოცხადდება, ამით შურისძიების მთავარი მუხლი შესრულდება და ეს იქნება მხოლოდ საუბარი ვილნიუსის სამიტზე საქართველოს პერსპექტივებთან დაკავშირებით- არანაირი სერიოზული დოკუმენტურად გაფორმებული წინსვლა. დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდეს.   

საკმაოდ რთული პერიოდი გველის. არა მხოლოდ სპორტული, არამედ პოლიტიკური თეზაც გახლავთ, რომ „გამარჯვებაზე უფრო რთული გამარჯვების შენარჩუნებაა“. ამიტომ საქართველოს მოსახლეობას მოსაგები აქვს მეორე ტაიმიც და შარშან ოქტომბერში მოგებული პირველი ტაიმის იმედად არ უნდა დავრჩეთ.