ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, დაკავებულია, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.
თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ. სულეიმან სოილუს განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ.
ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხუთი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.