„მელიას დამარცხების შემთხვევაში სავარაუდოა, რომ ძალოვნების და ყოფილი რადიკალების შეტევა უფრო გამძაფრდება“

„მელიას დამარცხების შემთხვევაში სავარაუდოა, რომ ძალოვნების და ყოფილი რადიკალების შეტევა უფრო გამძაფრდება“

ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე - სავარაუდოა, რომ დეკემბრის ბოლოს „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე ეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, დიდი ალბათობით, პარტიის თავმჯდომარის სავარძელს გიორგი ჩალაძე დაიკავებს, რომელსაც მხარს თემურ ალასანია უჭერს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ჩალაძის არჩევა ნიშნავს რადიკალური ხაზის განვითარებას და არა პარტიის განახლებას, რომლის სურვილი პარტიაში არ არსებობს.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული „კლანური დაპირისპირების“ შესახებ ინფორმაცია მუდმივად ჟონავდა და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ გახდა აქტუალური, მაგრამ რასაც დღეს ვაკვირდებით, ეს არის კლანური დაპირისპირება, ბრძოლა პარტიის განახლებისთვის, თუ ბრძოლა გავლენებისთვის?

რამაზ საყვარელიძე: მგონია, რომ ბევრი რამ ერთმანეთს ემთხვევა. თქვენი კითხვიდან ამოვიღებდი პარტიის განახლების თემას, რადგან მგონია, რომ პარტიის განახლება არავის არ სჭირდება. ადამიანს განახლება სჭირდება მაშინ, როცა აქვს განცდა, რომ ძველი არ ვარგა. ამ შემადგენლობას, ისევე როგორც მის წინა შემადგენლობას, არასოდეს არ წამოსცდენია ფრაზა - ჩვენთან რაღაცა არ ვარგა, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულობა აქვთ მინიმალური, ამიტომ მეეჭვება, რომ მათ პარტიის განახლება სჭირდებოდეთ. თუკი პარტიის განახლებას გამოვრიცხავთ, რჩება უმთავრესი - ბრძოლა ძალაუფლების განაწილებისთვის. ძალაუფლებაში, ალბათ, თანხებიც იგულისხმება.

რომ დავაკონკრეტოთ, რას გულისხმობთ, ვისი და რა თანხებზეა ბრძოლა?

- გვახსოვს, თავის დროზე, თემურ ალასანიამ „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და შენიშვნა მისცა, პირდაპირ უთხრა მათ: თქვენ ისე არ იბრძვით, როგორც საჭიროა. შემდეგ ბევრგან გაიჟღერა ამ ბრალდებამ და მელიას მიმართ ერთ-ერთი პრეტენზია ესეც იყო, რომ ისეთი რადიკალური არ არის თავის ბრძოლაში, როგორც საჭირო არისო. ამიტომ ახალი არაა, რომ შეიძლება პარტიაში არსებობს ასეთი რადიკალური ფრთა. შეიძლებას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი დისტანციიდან ყველა რადიკალურად გამოიყურება, მაგრამ შეიძლება მათში უფრო მეტი ან უფრო ნაკლებია ის ხალხი, რომლებთაც არ აწყობთ მოცემული მდგომარეობა, მაგრამ არა იმდენად იდეების გამო, არამედ იმ დაფინანსების გამო, რაც შეიძლება მიიღონ. არის საუბარი, რომ ამ პროცესებს კეზერაშვილი აფინანსებს, მაგრამ რატომ გამოვრიცხავთ, რომ თემურ ალასანია აფინანსებდეს ამ პროცესებს? სადღაც ხომ დევს „ნაციონალური მოძრაობის“ ფული?! რაღაცა საქმეებს ეს ფული აკეთებს - ტელევიზიებს აღარ აფინანსებენ და აბა რაში მისცეს ფული? ჩემი ვარაუდია, რომ რასაც ნაციონალების ფულს ვეძახით, ეს შეილება სწორედ ალასანიასთან გაჩერებული ფულია და ის აფინანსებს ამ პროცესებს.

ერთ-ერთი ვერსიით მელიას უკან ძმები ახალაიები დგანან. არის მეორე ჯგუფი და ეს არის კირკიტაძის ჯგუფი, რომელსაც ვანო მერაბიშვილი უმაგრებს ზურგს, ასევე არის კეზერაშვილი, რომელიც შემოვიდა ფინანსური კუთხით და ის აფინანსებს ხაბეიშვილის ჯგუფს, რომელიც ღიად უპირისპირდება მელიას. არის კიდევ სოსო თოფურიძე, რომელმაც ასევე მოითხოვა მელიას გადაყენება. მსჯავრდებული ძალოვანების გააქტიურებას როგორ ხსნით?

- ვერ ვიტყოდი, რომ თოფურიძე ძალოვნების განსახიერებაა. ის, რომ ძალოვან სტრუქტურებში იყო, არ ნიშნავს, რომ მისი მენტალიტეტი დღესაც ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე ადამიანის მენტალიტეტია. ძალოვანებში ყოფნის დროსაც დიდად კეთილშობილი ნაბიჯებით არ გაუთქვია სახელი. ჯალათს ძალოვანს არ ეძახიან ხოლმე. თოფურიძე უფრო ფიგურირებდა როგორც ჯალათი და არა ძალოვანი, ისევე როგორც ახალაიები და ქარდავები. ამიტომ, მგონია, რომ იმ წარსულს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვის რა ადგილი ეკავა. ახლა, ალბათ, აქცენტი იმაზეა გადატანილი, ვის, რა აწყობს. სავარაუდოა, ამ მხრივ გემოვნება იქნება განსხვავებული. მგონია, რომ მელიასთან დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი გახლავთ ის, რომ სცადა პარტიაში შემოეყვანა თავისი ხალხი და ვვარაუდობ, რომ ტრადიციული ნაციონალები არ იქნებიან ამით დიდად კმაყოფილი და გარკვეულ პრობლემებს მაგიტომაც გაუჩენენ მელიას, რომელმაც ძველი გვარდიის ჩანაცვლება სცადა ახალი გვარდიით. ამაზე აქვთ რეაქცია პარტიის წევრებს, რასაც ახლა ვაკვირდებით.

თუკი ალასანიას ჩართულობის ხაზს გავყვებით, ეს ნიშნავს სააკაშვილის ინტერესებს, მიუხედავად იმ განცხადებისა, რომ სააკაშვილი დისტანცირებულია ქართული პოლიტიკიდან? სააკაშვილი რომ ერევა ამ პროცესებში, ეს ცხადია და ძალიან ღიად ჩანს...

- გეთანხმებით და ეს ცხადია თუნდაც იმ კანდიდატურის წამოყენებით, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, ვგულისხმობ გიორგი ჩალაძის კანდიდატურას.

თემურ ალასანიას ჩართულობა და ჩალაძის შემოყვანა არის პასუხი იმაზე, რასაც ითხოვდა ალასანია პარტიისგან - რადიკალიზმი და ჩალაძის არჩევის შემთხვევაში რამდენად რადიკალური იქნება ალასანიას კადრი? ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებიან მელიას არის ის, რომ რადიკალურ ნაბიჯებზე ამბობს უარს. საერთოდაც, ეს პოლიტიკური ძალა ორიენტირებულია რადიკალიზმზე და სწორედ რადიკალიზმთან ასოცირდებიან ახალაიები, კეზერაშვილი, ალასანია, თოფურიძე რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან...

- გეთანხმებით, რომ რადიკალიზმი არის მათი ხელწერა, მაგრამ რაც შეეხება ძალოვნების გააქტიურებას, როგორც წესი, ძალოვნების ყოფნას ყოველთვის ერთი გათვლა აქვს - ბოლოში, ან თუნდაც თავში, სწორედ ძალოვნების კისერზე უნდა გადაიაროს ძირითადმა დატვირთვამ. ანუ, ძალისმიერი იყოს ის პროცესები, რაც უნდათ, რომ მოხდეს. ამიტომ დგანან ეს ძალოვნები ასე ბეჯითად პარტიული სიის სადარაჯოზე. ამიტომ მგონია, რომ პარტიაში მათი ყოფნის ეს პერსპექტივა არის ხელყოფილი და ამით არის გამოწვეული მელიას წინააღმდეგ გამოთქმული უკმაყოფილება ამ ჯგუფების მიერ.

საბოლოოდ როგორი სახით წარმოგიდგენიათ განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“, ეს იქნება ახალი პოლიტიკური ძალა, თუ მთავარი იდეა იქნება რადიკალიზმი, რატომაც დაუპირისპირდა პარტიის ძალოვნების ხაზი მელიას?

- მელიას დამარცხების შემთხვევაში სავარაუდოა, რომ ძალოვნების და ყოფილი რადიკალების შეტევა უფრო გამძაფრდება. იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვა მელიას ფრთამ, რომელიც არაა გამორიცხული, შეიძლება ვნახოთ სწორედ ამ ძალოვანი ფიგურების გვერდზე გაწევისა და ამ მხრივ უფრო დაბალანსებული პოლიტიკის არჩევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

მელიას გამარჯვება ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა ორ ნაწილად - რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ და არარადიკალი მელიას ჯგუფი?

- რა თქმა უნდა. მე სულ ველოდები ასეთ დაყოფას. ხედავენ, რომ წამგებიანია ეს რადიკალიზმი, მაგრამ მაინც ამწვავებენ ვითარებას და მეათე წელია აგებენ კიდევაც. წესით, რაღაცა ეტაპზე დასკვნა უნდა გააკეთონ ნაციონალებმა და ამიტომ ველოდი, რომ ეს დასკვა იქნებოდა ზომიერი პოზიციებისკენ გადახრა, რაც უფრო მომგებიანია. მაგრამ ჯერჯერობით ჩემი ეს მოლოდინი არ გამართლდა და შესაბამისად, როგორც ჩანს, მომგებიანობა არ შედის ამ პარტიის ინტერესებში, რომელიც შედის მელიას ინტერესებში, რომელსაც ძლიერი პარტიის შექმნა უნდა და არა რადიკალური პარტიის.

„დავამხოთ არსებული ხელისუფლება!“ - აქ მთავრდება „ნაცმოძარაობის“ მთელი რიტორიკა. როგორც ჩანს, ამ რიტორიკის სისწორეში დარწმუნებული არ არის მელია და უნდა სრულფასოვანი პარტია იმისთვის, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა შეეძლოთ. მეორე მხრივ თვითონ პარტიის წევრებს უნდათ რადიკალიზმი, პატარა სექტასავით რადიკალიზმით კვებონ ერთმანეთი და მოიგებენ, თუ წააგებენ, მათთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. სამწუხაროდ, ასეთი ფენომენიც არსებობს ადამიანთა ცხოვრებაში და შედეგს აღარ აქვს მნიშვნელობა. ადამიანს ერთადერთი ის აქვს გონებაში, აკეთოს რაც უნდა. გამორიცხული არაა, რომ რაღაცა მაგდაგვარი ფენომენი ვიხილოთ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.

განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ მინუს მელია რამდენად საფრთხის შემცველი ხდება სახელმწიფოსთვის?

- იმდენ შეცდომებს უშვებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ძალიან მეეჭვება განახლებულმა რაიმე სხვა ნიჭი გამოავლინოს. შეცდომების დაშვების ისევ დიდი ნიჭი ექნება. ამდენი ხანი გავიდა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ კარგად გათვლილი სწორი ნაბიჯი არ გვინახავს. ამიტომ ძალიან მეეჭვება, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, რაიმე საფრთხის მატარებელი გახდეს ეს პარტია.

ამ პროცესში საეჭვოდ არ ჩანს რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფია, საინტერესოა როგორი იქნება პარტიის რუსული ხაზის არჩევანი - მელია თუ ჩალაძე, რომელიც რეალურად არის თემურ ალასანია?

- ეს ხაზი, როგორც თქვენ დაარქვით, ჩემი ვარაუდით, რადიკალიზმის მომხრე იქნება და არჩევანს ალასანია-ჩალაძის სასარგებლოდ გააკეთებს. რა თქმა უნდა, რუსული ხაზი იქნება ალასანიასთან. ამ შემთხვევაშიც, უფრო ლოგიკურია ველოდოთ ნაყოფიას ჩუმ რადიკალიზმს. შეიძლება ხმა ისევ არ ამოიღოს, მაგრამ მაინც რადიკალების მხარეს დადგება.