არ არსებობს სფერო, სადაც კადრების დეფიციტი არ შეინიშნება

არ არსებობს სფერო, სადაც კადრების დეფიციტი არ შეინიშნება

საქართველოში უკვე ყველა მიმართულებაზე კადრების მწვავე დეფიციტია. განსაკუთრებით ეს ეხება მომსახურების სფეროს. ამჯერად ირკვევა, რომ ავტომობილების შემკეთებლების დიდი ნაკლებობაა. როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე, გელა კვაშილავა ამბობს, ამ სექტორშიც კადრები დაბალი ხელფასების გამო გაედინებიან ქვეყნიდან.

„სხვა სფეროების მსგავსად, ამ სფეროშიც დაბალი ანაზღაურებაა და პროფესიონალები ცდილობენ, რომ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში გადავიდნენ და იქ იმუშაონ. ჩვენი ბაზარი პატარაა და უნდა იყოს მოთხოვნის შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა ეს ასე არ ხდება. პანდემიის შემდეგ ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, ინფლაცია მაღალ დონეზეა, თუმცა მომსახურების სფეროში ხელფასები იმ ტემპით არ იზრდება, რა ტემპითაც ფასები. ავტომობილების რაოდენობამაც მოიმატა, იმპორტი გაიზარდა და მოთხოვნა დიდია ხელოსნებზე, თუმცა ბევრი არაა ისეთი, ვინც ხარისხიანად აკეთებს, მათი დიდი ნაწილი პანდემიისას ქვეყნიდან გავიდა, რადგან უფრო მეტი სტაბილურობის განცდა საზღვარგარეთაა“, - აღნიშნა კვაშილავამ.

1 წლის განმავლობაში მეორადი ავტომობილების ფასები, დაახლოებით, 15-20%-ის ფარგლებშია გაზრდილი. ზრდის მიზეზი მიწოდების შეფერხება, ახალი მანქანების გამოშვების პრობლემები და მსოფლიოში მეორად მანქანებზე მოთხოვნის ზრდა იყო.

კარგა ხანია არანაკლებ რთული მდგომარეობაა ჰორეკა სექტორში. თანამშრომელთა გადინებას განსაკუთრებით რესტორნები უჩივიან და პრობლემის გადჭრის გზებზეც კარგა ხანია მუშოაბენ. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, ასოციაციის მიერ იქმნება სპეციალური სასწავლებელი, სადაც დასაქმების მსურველი ადამიანების გადამზადება/მომზადება მოხდება, რომელთაც შემდგომ რესტორნები აიყვანენ და უკვე მცოდნე კარგს დასაქმების პრობლემა აღარ შეექმნება.

„ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყანაში კადრების კუთხით, სამწუხაროდ ეს საკითხი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სფეროს პრობლემა. ზოგადად პარადოქსია, მაგრამ ბევრი უმუშევარია და დიდი მოთხოვნა სამუშაო ადგილებზე. ამ ფონზე გადავწყვიტეთ პრობლემების ჩვენებურად მოგვარება დავიწყოთ. ანუ რესტორატორთა ასოციაციის მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ საკითხი გარკვეულწილად მოგვარდეს.

შეიძლება ჩვენ პრობლემა მთლიანად ვერ აღმოვფხვრათ, მაგრამ დასაწყისისთვის თუ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, შედეგს ვერ მივიღებთ. ის ფაქტი, რომ ჩვენს სფეროში არის კადრების დეფიციტი, ამას სჭირდება გადაჭრა. ვმუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ რესტორატორთა ასოციაციის სკოლა, რომელიც შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სწავლების შესაძლებლობას იძლევა. სკოლაში სწავლება შეეძლებათ და პროფესიის მიღება სარესტორნო სფეროში დასასაქმებელ ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ ამა თუ იმ მიმართულებით მიიღონ პროფესიული განათლება.

შესაბამისად ამ სკოლის კურსდამთავრებული 100%-ით გარანტირებული იქნებიან დასაქმებით. ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობის რესტორნებს მოვიცვათ, რომელთაც დასაქმების შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ ჩვენ სფეროში დასაქმდნენ, მიიღებენ როგორც თეორიული ასევე პრაქტიკულ განათლებას. შესაბამისად დასაქმების პრობლემა აღარ იქნება. ეს იქნება კვალიფიციური კადრი, რომელიც მზად იქნება უკვე რესტორანში სამუშაოდ“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, პროფესიული სასწავლებლები დღეს ქვეყანაში მრავლადაა, თუმცა მისი აზრით სახელმწიფო აფინანსებს ისეთ მიმართულებებს, რომელიც დღეს მოთხოვნადი არ არის. ამიტომ „ფულის ჩასხმა უნდა იყოს იმ მიმართულებებზე, რაზეც მოთხოვნა არის“.