თამაში ნაციონალების ყანაში

თამაში ნაციონალების ყანაში

პარტიის და ძალაუფლების მისაკუთრებისთვის ორ გუნდად გაყოფილი „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები შიდა კონსულტაციებისთვის ემზადებიან. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, სადაც გადაწყდება პოლიტიკური საბჭოს არჩევნების თარიღი. მანამდე კი ნიკა მელიას 3 მეტოქე უკვე გამოუჩნდა და ცნობილი ხდება, რომ მისი თანამდებობისთვის გიორგი ჩალაძე, გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი იბრძოლებენ. ასევე, სანდო წაყროდან for.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა კანდიდატურები ლევან ვარშალომიძემ, ხატია დეკანოიძემ, პეტრე ცისკარიშვილმა, დავით კირკიტაძემ და გია ბარამიძემ წამოაყენონ, თუმცა როგორცჩვენი წყარო გვიყვება, ეს ყველაფერი ფასადური დემოკრატიის თამაშია, რადგან რეალურად გავლენებისთვის ყოფილი ძალოვანები დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი იბრძვიან, რომელთა კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი იქნება. გავლენებისთვის იბრძვის მიხეილ სააკაშვილის ოჯახიც და მათ საკუთარი კანდიდატი გიორგი ჩალაძე დაასახელეს. როგორც წყარო ამბობს, ჩალაძეს მხარს გიული ალასანია და მისი ძმა თემურ ალასანია უჭერენ. თუმცა პარტიაში მის განცხადებას პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ზოგიერთი წევრის უკმაყოფილება მოჰყვა. სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე წერს: „ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?“

ჩალაძის განცხადება ასევე მოულოდნელი და გასაკვირია ბაჩო დოლიძისთვისაც, რომელიც ნიკა მელიას ჯგუფს წარმოადგენს. მისი თქმით, ჩალაძის განცხადება მას თავიდან ხუმრობა ეგონა. რაც შეეხება ძმებ ახალაიებს, წყარო გვეუბნება, რომ ისინი ნიკა მელიას ლობირებენ. ისინი კი, ვინც პარტიის თავმჯდომარის გადარჩევა საჯაროდ მოითხოვეს, დარწმუნებული არიან, რომ ნიკა მელიას ბევრი ღირსეული კონკურენტი ეყოლება. რაც შეეხება არჩევნების ფორმას, ამას პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტს. მელიას მომხრეები და მოწინააღმდეგეები - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში, ამ ნიშნით ნაწილდებიან. ვისი გუნდი გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. არჩევნები კი გადაწყვეტს მელია თავმჯდომარის პოსტს ვადის ამოწურვამდე დატოვებს თუ კიდევ ერთხელ მიიღებს პარტიის ხელმძღვანელის ლეგიტიმაციას.

როგორც ჩანს, პარტიას ორი ვარიანტი ექნება: თუ თავმჯდომარედ ნიკა მელია დარჩება, რომელიც პარტიაში საკუთარი ხაზის გატარებას ცდილობდა და სურდა პარტია რადიკალური ნაბიჯებისკენ არ წასულიყო, მაშინ სიტუაცია უცვლელი დარჩება, ხოლო უკან თუ ძველი კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლები კეზერაშვილი და მერაბიშვილი დაბრუნდებიან, ან მართვის სადავეებს ჩალაძის საშუალებით სააკაშვილის ოჯახი აიღებს, ენმ-ის დღის წესრიგი უფრო დესტრუქციული გახდება.

 რომელ ჯგუფს აქვს გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი და თუ მელიამ ვერ შეძლო პარტიის თავჯმდომარედ დარჩენა, ვისი გამარჯვების შემთხვევაში გადავა პარტია უფრო დესტრუქციულ ქმედებებზე? - ანალიტიკოსებს პროგნოზი გაკეთება უჭირთ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ვინ შეიძლება გაიმარჯვოს, ახლა პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ თეორიულ დონეზე რაღაცა ანალიზის გააკეთება შესაძლებელია.

„შეინარჩუნებს თუ არა ნიკა მელია პარტიის თავმდჯომარის თანამდებობას, ამაზე იქნება დამოკიდებული შემდეგში ენმ რა ხაზს გაჰყვება. ვისი გავლენის ქვეშაც მოექცევა პარტია, სტრატეგიას და ტაქტიკას ამის მიხედვით შეცვლიან. მელიას „ნაცმოძრაობის“ რადიკალური ჯგუფი რასაც არ პატიობს, ეს არის სწორედ ის, რომ მას არ სურდა სააკაშვილის საკითხი პარტიის ნომერ პირველი თემა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ხელისუფლების მიმართ საკმაოდ რადიკალური იყო, ვერ პატიობენ იმას, რომ რევოლუციურ სცენარზე არ მიდოდა.

გავიხსენოთ გასული წლის 14 ოქტომბრის მიტინგი, რომელიც მელიამ დაშალა. ეს პრეტენზიები პარტიის რადიკალურ ჯგუფში დაგროვდა, შესაბამისად, არჩევნების შედეგად გადაწყდება „ნაციოანლური მოძრაობა“ რა გზით წავა, საერთოდ, ვინ დარჩება, ან ვინ წავა. დავუშვათ, თუ ისე მოხდა, რომ გიროგი ჩალაძე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელიც დიდი ალბათობით, ოჯახის კანდიდატურაა, არ არის გამორიცხული მოხდეს ისე, რომ რამდენიმე გამორჩეულმა წევრმა „ნაცმოძრაობაც“ კი დატოვოს. ეს, რა თქმა უნდა, არც პარტიაზე და არც მის ელექტორატზე დადებითად არ იმოქმედებს. ვფიქრობ, ამას ელოდებიან სწორედ „ნაცმოძრაობისგან“ გამოყოფილი პატარა პარტიები, რომ როგორმე თავისკენ პარტიის ის დაბნეული ელექტორატი წამოიყვანონ, რომელიც პარტიაში შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა. თუ ენმ-ში კონსლიდირება მოახერხეს, კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა მისი მართვის სადავეები ხელში აიღეს, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ პარტია ისევ რადიკალურ მოქმედებებზე გადავა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, არც თუ ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც პარტიის სათავეში იმყოფებიან და მელიას წასვლას არ ემხრობიან. ანაჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მას არცთუ ცოტა გულშემატკივარი ჰყავს, ამიტომ ყოფილი ძალოვანები პარტიის დაბრუნებას რამდენად შეძლებენ, გამოჩნდება. რაც შეეხება სააკაშვილის ფაქტორს, არავინ იცის ზუსტად ის რეალურად როგორ და რა ფომით ერევა პარტიის მართვაში. არ არის გამორიცხული, რომ მისი ოჯახის მეშვეობით მართავს. ფაქტია, რომ ჩალაძე ასე კანდიდატურას საკუთარი ნებით არ წამოაყენებდა, მას მხარს ვიღაც უმაგრებს.

რა ბედი შეიძლება ეწიოს „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ის ორად გაიყო და რა გავლენა ექნება სააკაშვილის დუმილს პროცესებზე?- ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ არჩევნების შედეგად ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ორივე ჯგუფი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ ამას აღიარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიის ორად გაყოფისას, ორივე მხარისთვის სიტუაცია საკმაოდ მძიმედ წარიმართება.

ძაბირაძე ამბობს, რომ მათ კარგად იციან ენმ-ს რომელი ჯგუფიც გამოეყო, ელექტორატში რა რეიტინგით და მხარდაჭერით სარგებლობს, ამიტომ დამარცხებულ ჯგუფს პარტიიდან წასვლის სურვილი არ უნდა ჰქონდეს. ხოლო თუ ასე მოხდება, ენმ-ი თავის მხრივ ელექტორატს კიდევ დაკარგავს და მეორე მხრივ პარტიიდან წასული ჯგუფი, „ევროპელების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩის“ ბედს გაიზიარებს.

„მიხეილ სააკაშვილი, მართალია, დისტანცირებულია პროცესებისგან, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, ხვალ ან ზეგ რას იზამს. მან რომ განაცხადოს, ისევ პოლიტიკაში ვარო, ეს მხარდამჭერები ისევ მასთან ხომ არ დაბრუნდებიან? ადამიანები ვართ და აზრს, დამოკიდებულებას პოლიტიკოსების მიმართ ვიცვლით. კი ბატონო, მას ჰყავს თავისი სპეციფიკური ამომრჩეველი და ეს ორივე ჯგუფმაც იცის. შეამჩნევდით, ალბათ, რომ ორივე მათგანი სააკაშვილის ციხიდან გამოხსნის თემით აპელირებს, იმიტომ, რომ იციან პარტიის ელექტორატის მთავარი ბირთვი მისი მხარდამჭერები არიან. პარტიაში გადალაგების პროცესია დაწყებული და ყველა საკუთარი ჯგუფის გაძლიერებას ცდილობს. კარგია, რომ ეს პროცესი ახლა დაიწყო, რადგან არჩევნებამდე 2 წელი კიდევ არის დარჩენილი. პარტიას ჩამოყალიბება მოუწევს, რომ მათთვის უკეთესია გამარჯვებული ჯგუფი აღიარონ და პარტიაში დარჩნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიის გაყოფა ორივე მხარეს დააზიანებს. ეს იქნება კარგი, როგორც „ნაციონალებისთვის“, ასევე მთლიანად ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის. ვფიქრობ, მათაც კარგად იციან, რომ გაყოფა დააზიანებთ. მელია, ამდენი ხნის განმავლობაში, მიუხედავად ზეწოლისა, პარტიას ამიტომ არ ტოვებს. რაც შეეხება სააკაშვილის ფაქტორს, მგონია, რომ მისი ცუდად ყოფნის პერიოდში მის მაგივრად პარტიაში მისი ოჯახი ერევა. ჩალაძის კანდიდატურის წამოყენება ამის მკაფიო მაგალითია. ამიტომ პროცესების განვითარებას დაველოდოთ და უფორო მეტი დასკვნის საშუალება გვექნება“, - ამბობს ძაბირაძე.