დღეს ევროპაში ენერგოკრიზისია. გაზისა და ნათობის დეფიციტის შემდეგ, პრობლემებია ელექტროენერგიის კუთხით. შესაბამისად, ევროპა ალტერნატიული წყაროების მოძიებას გამალებით ცდილობს. ერთ-ერთი მიმართულება საქართველო და აზერბაიჯანია. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, არსებობს პერსპექტივა იმისა, რომ 3-5 წელიწადში, როგორც აზერბაიჯანი, ასევე საქართველოც რეგიონის წონიანი მოთამაშეები გახდნენ.
9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 31%-ით გაიზარდა, რაც შეეხება პირველ და მეორე კვარტალს, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებმა დაახლოებით 7 მილიონი კვტ/საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გაყიდა. საქსტატის მონაცემებით, 9 თვეში ექსპორტზე 84 მლნ 339 ათასი დოლარის ელექტროენერგიაა გატანილი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 468%-ით აღემატება. მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო წლიური შეწონილი ფასი პირველ კვარტალში, დოლარში 16.4%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში რეკორდული 171%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მეორე კვარტლის მონაცემებით, ელექტროენერგიის ფასი 10 თეთრიდან 25 თეთრამდე გაიზარდა.
საქართველოს ელექტროენერგიის ექსპერტზე გატანის პერსპექტივაც აქვს, მაგრამ მისი როლი, უფრო მეტად, მეზობელი ქვეყნებიდან ენერგიის გატარებით არის მნიშვნელოვანი. ამისათვის, როგორც კომპანია „ბემონის“ დამფუძნებელი გიორგი მირცხულავა აღნიშნავს, მასშტაბური პროექტების განხორციელებაა საჭირო, რადგან ინფრასტრუქტურულად დღეს არც საქართველო და არც აზერბაიჯანი მზად არ არიან.
„სრულიად ახალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი, როგორც 1990-იან წლებში ნავთობსადენი და გაზსადენი აშენდა, ისე მოგვიწევს - ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების აშენება. უფრო მეტიც, ამ მოცულობის ელექტროენერგიის მისაღებად და გასატარებლად არც თურქეთია მზად. მოსაწყობია 500 კილოვოლტის ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგური თურქეთთან დასაკავშირებლად“, - აღნიშნა Forbes Infrastructure-თან ინტერვიუში მირცხულავამ.
გასულ თვეს საქართველოში ვიზიტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „რეგიონში იქმნება ახალი რეალობა“ და ელექტროენერგიის ექსპორტს აზერბაიჯანი საქართველოს გავლით განახორციელებს. თუმცა, ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, გიორგი მირცხულავას თქმით, საქართველოს შეუძლია გახდეს არა მხოლოდ აზერბაიჯანული ელექტროენერგიის ტრანზიტული ქვეყანა, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტიორიც.
„ამისთვის გვჭირდება მსხვილი ჰესების აშენებაც, რათა საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავება შევძლოთ და შემდეგ უკვე, შექმნილი ინფრასტრუქტურით, ქართული ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზარს მივაწოდოთ. მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერაც. ჩვენ, ალბათ, შარშან ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ევროპაში ასეთი ენერგოკრიზისი იქნებოდა, ესე იგი, მსგავს რისკებზე წინასწარ უნდა ვიფიქროთ. ქვეყანამ თავისი პოტენციალი ბოლომდე უნდა აითვისოს. ჩვენ გაგვიმართლა და გვაქვს უდიდესი ჰიდრორესურსი. მისი გამოუყენებლობა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ეს ქვეყანას განვითარებაში ხელს შეუშლის.
ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ჰიდროპროექტების განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და საიმედო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. ჩვენი ქვეყნის „აბჯარი“ და დაცვა სწორედ დიდი ენერგოპროექტებია. ჯერჯერობით ჰიდროელექტრორესურსების პოტენციალი, მაქსიმუმ, 20%-ით არის ათვისებული“, - აღნიშნა მირცხულავამ.
პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება - 28%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 35%-ით გაიზარდა. ენერგეტიკოსების აზრით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს ამჯერად ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით იმპორტი არ დასჭირდება.
„წლევანდელი წელი ენერგეტიკული ბალანსისთვისაც საკმაოდ კარგი იქნება, საერთო ბალანსში იმპორტის წილი წესით, 10-12%-ს არ გადააჭარბეს“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოსა და სექტემბერში საქართველოს ელექტროენერგია მეზობელი ქვეყნებისგან საერთოდ არ შეუსყიდია.