„სააკაშვილის ჩამოსვლა კეზერაშვილის მიერ იყო ერთპიროვნულად გადაწყვეტილი და ამაში ჩართულები იყვნენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ყოველდღე ათასგვარ რეზოლუციას ამზადებენ“

„სააკაშვილის ჩამოსვლა კეზერაშვილის მიერ იყო ერთპიროვნულად გადაწყვეტილი და ამაში ჩართულები იყვნენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ყოველდღე ათასგვარ რეზოლუციას ამზადებენ“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ევროსაბჭოს მიერ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაცია და განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის საკითხი მეორე პლანზე გადავიდა. პარტია, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდა, ახლა თავად უწევს არჩევნების გამართვა, ვინაიდან მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია აღარ მოსწონთ და ახალი თავკაცის არჩევა სურთ. მელია კი არ ნებდება და საკუთარი კანდიდატურა უკვე დააყენა.

რა მოხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვის დაუპირსპირებს დავით კეზერაშილი მელიას, რა ზეგავლენას მოახდენს ე.წ. ქოლცენტრის საქმის ახალი დეტალები პარტიის შიდა სამზარეულოზე, for.ge-ს ამ კითხვებს ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე პასუხობს.

ლადო ბოჟაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდა, მაგრამ ამის სანაცვლოდ არჩევნები პარტიაში მიიღეს. თავის დროზე ნიკანორ მელია თავმჯდომარედ ძალით გახადეს. მის მიმართ 20 ივნისის დღის გამო სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და ეს საკითხი პარტიაში, არაერთხელ, სპეკულაციისთვის გამოიყენეს. როგორ ჩანს, მელიამ თვითმმართველობის არჩევნების წინ დაიჯერა, რომ თავმჯდომარე იყო და პარტიაში რეფორმები დაიწყო, თუმცა, გამოჩნდა, რომ მისი თავმჯდომარეობა ბევრს აღარ მოეწონა. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კეზერაშვილი ძალიან გააქტიურდა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი შემოიპარა, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ უკვე დრო იყო, საკუთარი გავლენები გაეძლიერებინა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ახლანდელი პროცესი უკვე ამ თამაშის ნაწილია. კეზერაშვილი სხვადასხვა კანდიდატებს ლობირებს, რასგან მისთვის მელიას კანდიდატურა მიუღებელია. კარგად ვხედავთ, ოპოზიციის ნაწილი ტანზე როგორ იხევს ტანსაცმელს, რომ როგორმე კეზერაშვილის ყურადღება დაიმსახუროს. როგორც ჩანს, ოპოზიცია ემზადება, რომ 2024 წელს ისინი კეზერაშვილის ქოლგის ქვეშ წარსდგნენ ამომრჩევლის წინაშე. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ფაქტი ერთია, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც და ზოგადად, ოპოზიციურ ნაწილში კეზერაშვილის გავლენები იზრდება.

ვინ გაჰყვება მელიას?

- პროცესები როგორ განვითარდება არ ვიცით. თავად მელია კიდევ ერთხელ აპირებს, რომ ამ პოსტზე კენჭი იყაროს. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ყრილობა და ვინც არ უნდა გახდეს თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, რადგან დაპირისპირებული მხარეები ერთ პარტიაში ვერ იქნებიან.

ვინ იქნება მელიას კონკურენტი?

- ხაბეიშვილი არ იქნება, რადგან ის არ არის ის ფიგურა, რომელიც მელიას აჯობებს. სავარაუდოდ, სხვა კანდიდატს შეარჩევენ, შეიძლება იყოს ცისკარიშვილი ან დეკანოიძე. ეს ადამიანები უფრო მსხვილი ფიგურები არიან.

ფაქტია, რომ კეზერაშვლი-მელიას დაპირისპირება პარტიას შიდა სამზარეულოს გასცდა. რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ მელია როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა, პარტიიდან კეზერაშვილის ბიძაშვილი მოკვეთა. კეზერაშვილი ახლა სამაგიეროს უხდის მელიას?

- არ მგონია მათი დაპირისპირების მცირე მიზეზები არსებობდეს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კეზერაშვილის პოზიცია მერაბიშვილმა დაიკავა. ასე ვთქვათ, ძველმა თაობამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არც ნიკა მელია მიიღო და არც მისი თანამოაზრეები. თბილისის საკრებულოში თუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ახალი საახეები არიან წარმოდგენილნი და ამის გამო, ძველებმა ჩათვალეს, რომ პროცესებს მიღმა დარჩნენ. ვფიქრობ, კეზერაშვილი-მელიას დაპირისპირების მიზეზი ეს საკითხი და ფინანსები უფროა. გვახსოვს ოპოზიცია და კონკრეტული მედია საშუალებები როგორ ელოდებოდნენ საქართველოში თემურ ალასანიას ჩამოსვლას, რათა გარკვეულიყო ექნებოდათ თუ არა ფინანსები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფინანსებიც კეზერაშვილისაა.

დღეს თემურ ალასანია რა პოზიციას დაიკავებს?

- როგორც ჩანს, ალასანიას და სააკაშვილის ოჯახის ამოცანაა, როგორმე ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან გამოიყვანონ იმის სანაცვლოდ, რომ ის ქართულ პოლიტიკაში აღარ ჩაერევა. როგორც ჩანს, მათი ძალისხმევა გრძელვადიან პერსპრექტივებს აღარ უკავშირდება. ასე რომ, სცენარი არის ასეთი - „ნაციონალურ მოძრაობას“ კეზერაშვილი დაეუფლება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ასეთი აურზაური და კეზერაშვილის საჯაროდ გამოჩენა გამოკვეთს იმ ფაქტს, თუ ვინ უბიძგა სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისკენ?

- სააკაშვილის ჩამოსვლა მისგან იყო ერთპიროვნულად გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ამაში ჩართულები იყვნენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ახლა მასთან ვალში არიან და ყოველდღე ათასგვარ რეზოლუციას ამზადებენ. ისინი გრძობენ თავს დამნაშავედ იმაში, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, კიდევ ერთი ორგანიზატორია დაკავებული. ქართულ მხარესთან ერთად საგამოძიებო პროცესში გერმანული მხარეც იყო ჩართული. სწორედ ამ საქმეზე კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს, რომ გერმანიამ მასზე ძებნა გამოაცხადოს. რა პოზიცია ექნება უკვე ამ შემთხვევაში უკრაინას?

- კეზერაშვილის ადგილსამყოფელი სად არის ძნელი სათქმელია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ფაქტი ერთია, მისი პარტნიორი და მისი ქონების განმკარგველის ოფისი იქნა გაჩხრიკული, მისი გარემოცვის წევრები დაკითხეს. შესაძლოა, ხაბეიშვილისა და მისი მართვადი არასამთავრობოების წევრების მხრიდან „ქოლცენტრების“ საქმიდან ისრების სხვაგან გადატანა ემსახურებოდა ერთი მხრივ კვალის არევას, ხოლო მეორე მხრივ - ბრალის სხვაზე გადატანის მცდელობას. გამოძიება კიდევ მიმდინარეოს და თუ კეზერაშვილის ბრალეულობა გამოივეთა, ბუნებრივია, საერთაშორისო გამოძიებას წინ ვერ აღუდგება.

ასეთ ვითარებაში, როდესაც საერთაშორისო გამოძიება მიმდინარეობს, რატომ სურთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კეზერაშვილის გალიდერება?

- ოპოზიციის ნაწილი არ მალავს და ამბობს, რომ ძალიან კარგად იციან კონკრეტულ დანაშაულებებში კეზერაშვილს რა ბრალი მიუძღვის, მაგრამ საუბრობენ, რომ ახლა ერთიანობის დროა. ამ შემთხვევაში, იგულისხმება ის, რომ კეზერაშვილის ფულის დახარჯვის დროა.