რატომ დატოვა რეალურად რუსეთმა ხერსონი და რა სახის ტაქტიკურ უპირატესობაში აღმოჩდნენ ამით უკრაინელებთან

რატომ დატოვა რეალურად რუსეთმა ხერსონი და რა სახის ტაქტიკურ უპირატესობაში აღმოჩდნენ ამით უკრაინელებთან

რუსები გარბიან, ხერსონი თავისუფალია - უკრაინულ ქალაქში, სადაც რუსეთი სამუდამოდ დარჩენას აპირებდა, ახლა არც ერთი რუსული დროშა აღარ არის. უკრაინული დროშა უკვე სოფელ პრავდინსა და კალინევკაში, ასევე ქალაქ სნეგიროვკაში ფრიალებს. ჯამში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ხერსონის ოლქში სამხედროებმა აგრესორისგან 41 დასახლება გაათავისუფლეს.

უშუალოდ ხერსონიდან კი საოკუპაციო ძალამ გასვლა 9 ნოემბერს ღამით დაიწყო. რუსულმა ჯარმა ხერსონის დატოვებაზე ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსგან მიიღეს. პროცესს კრემლის პროპაგანდისტული მედია საშუალებები აქტიურად აშუქებდნენ. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის დაბრუნებას, რომელიც ოკუპანტებმა, ფაქტობრივად, აგრესიის დაწყებისთანავე დაიკავეს, ოფიციალური კიევი, ჯერჯერობით, სიფრთხილით აკვირდება, რაც ოფიციალური პირების განცხადებებშიც ჩანს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სამუშაო ბევრია და რეალურად არავინ იცის რუსებს რა შეიძლება ჩაფიქრებული ჰქონდეთ. ჯერჯერობით უცნობია, რა ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი, რომელსაც მის მიერ ანექსირებული და საკუთარ ტერიტორიად გამოცხადებული ხერსონი წაართვეს. ბირთვული იარაღის შეკავების სახელმწიფო პოლიტიკის მე-19 პუნქტის თანახმად, კრემლს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის საპასუხოდ, თუმცა მოსკოვი ჯერჯერობით დუმს, კიევმა კი მოქმედება დაიწყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი გენშტაბს ხერსონის ოლქში ოთხი სამხედრო ადმინისტრაციის ფორმირებას ავალებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოკუპანტებმა ასეულობით ნაღმი დატოვეს. ამასთან, ხერსონი კარგი სამიზნეა დნეპრის მარცხენა ნაპირიდან, სადაც რუსული არტილერიაა კონცენტრირებული. ამიტომ ზონაში შესვლას უკრაინელი სამხედროები, ჯერჯერობით, არ ჩქარობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის უკან დახევას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვან გზავნილად მიიჩნევს.

პრობლემებს რუსულ ჯარში არ გამორიცხავს ნატოს გენერალური მდივანიც. იენს სტოლტენბერგის თქმით, ახლა კრემლის სამომავლო ნაბიჯებს ელოდება. მანამდე კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი უკრაინელებს წარმატებას ულოცავს და ამ წარმატებაში პარტნიორების წვლილზეც მიანიშნებს.

ხერსონის გასათავისუფლებლად აქტიური კონტრშეტევა უკრაინამ ზაფხულის მიწურულს დაიწყო. კახოვსკის და ანტონოვსკის ხიდების დაბომბვით, რომლებიც ერთმანეთთან დნეპრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებს აკავშირებდნენ. სწორედ ამ ხიდებით მარაგდებოდა რუსული არმია. ამ და სხვა სამხედრო კომპონენტების შეფასებისგან დღეს თურქეთის პრეზიდენტმა თავი შეიკავა. რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ყურადღება დიპლომატიის აუცილებლობაზე გაამახვილა.

თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ ემოციებს არ უნდა ავყვეთ, რადგან რუსების მოქმედების პროგნოზირება რთულია. ბერიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რამდენადაც კარგი და მნიშვნელოვანია ხერსონის დაბრუნება, ასევე უარყოფითი მომენტებიც აქვს. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ძირითადი უარყოფითი მომენტები გეოგრაფიაში გამომდინარეობს და უკრაინელები ამიტომაც არიან ძალინ ფრთხილები.

„რუსების გადაწყვეტილება სუროვიკინის სარდლად დანიშვნასთან არის დაკავშირებული. ეს გენერალი მკაცრად მომხრე იყო, დნიპროს მარჯვენა სანაპირო დაეტოვებინათ რუსებს, რათა იქ ომის გაგრძელების შესაძლებლობა არ ჰქონოდათ და რუსებს ძალიან წამგებიან სიტუაციაში აყენებდა. ამიტომ სუროვიკინმა ტაქიკური გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, ამისთვის მას პოლიტიკური ხელმძღვანელობის დარწმუნება დასჭიდა, რომ მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადმოსულიყვნენ. მდინარე დნიპრო სერიოზული ბუნებრივი დაბრკოლებაა. მისი ფორსირება თითქმის შეუძლებელია.

ამიტომ შავი ზღვიდან ქალაქ ზაპროჟიემდე სულ ორი გადასასვლელია, ეს არის ავტონოვსკის ხიდი და ე.წ. ნოვოკახოვკის ხიდი, რომელიც კაშხალი უფროა. დნიპროს მარცხენა მხარეს განლაგებულ რუსებს, გაცილებით ნაკლები ძალა დასჭირდებათ უკრაინელების შესაკავებლად, რათა ისინი მეორე ნაპირზე ვერ გადავიდნენ. ანუ ამ მიმართულებაზე დნიპრო რუსების მოკავშირე გახდება. რა თქმა უნდა, ამის გამო უკრაინელები უნდა გადაჯგუფდნენ ზაპროჟიეს, ლუგანსკის ან სხვა მიმართულებაზე. ალბათ, ზაპროჟიიდან უკრაინელების მხრიდან 3 მიმართულებით განხორციელებულ შეტევას ვიხილავთ. ეს იქნება ზაპროჟიე - მელიტოპოლი, ზაპროჟიე - ვოლნოვახა, ზაპროჟიე- ენერხოდალი, ამას დრო დასჭირდება, რომ გადაჯგუფდნენ. ასევე სხვა სახის ტექნიკაა საჭირო“, - ამბობს პოლკოვნიკი.

მისივე თქმით, ეს ომი არის გამოფიტვაზე და არა ვიღაცის სწრაფ მანევრებზე. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ზედმეტი მოლოდინებისგან და ემოციებისგან თავი უნდა შევიკავოთ. გენერალი ამბობს, რომ რუსებს სამხრეთის ფრონტის გრძელვადიან პესრპექტივაში შენარჩუნება არ შეუძლიათ, ხოლო ამ ნაბიჯით რუსებმა სამხრეთის გათავისუფლება უკრაინელების მხრიდან ერთი ან ორი თვით გადადო. რთულია ზუსტ დროზე სააუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გადაჯგუფება ამას ითვალისწინებს.

„კარგია ხერსონის გათავისუფლება, მაგრამ შემდგომ ამოცანებს ართულებს. ვისურვებდი უკრაინას ხერსონი ამის შემდეგ გაეთავისუფლებინა, რაც დნიპროს მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმს შექმნიდა. ეს უკვე შესაძლებელი აღარ არის, ამიტომ უკრაინის ამ ძალების სხვა მიმართულებაზე გააქტიურებას ვიხილავთ. რუსები ცდილობენ თავდაცვითი ოპერაცია ასეთი მანევრებით დროში გაწელონ და ტერიტორიების რაღაცა ნაწილი მაინც შეინარჩუნონ. თუკი რუსები სამხრეთს ყირიმის ჩათვლით, დროზე დატოვებენ და აღმოსავლეთში გადაეწყობიან, ლუგანსკის და დონეცკის შენარჩუნებას უფორ დიდი ხნით შეძლებენ.

თუკი ამას დიდხანს გაწელავენ, ადამიანური რესურსის ნაკლებობა მალევე შეემჩნევათ. ყველაზე დიდი პრობლემა დღემდე რუსებს რაც აქვთ, ეს ადამიანური რესურსია. მომზადებული პირადი რაოდენობის შევსება უჭირთ. ბელორუსში ამზადებენ ჯარისკაცებს და სასაცილოა, რადგან თავად ბელორუსებმა არ იციან ჯარი როგორ მოამზადონ და რუსებს რანაირად ამზადებენ. თუ ცოცხალ ძალას მობილიზაცია გაუკეთა, მას ამ ხალხის მომზადება არ შეუძლია. ამ ადამიანებით ომს ვერ მოიგებს, მაგრამ დროში გაწელავს“, - ამბობს ბერიძე.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც მიიჩნევს, რომ ეს რუსების მხრიდან ტაქტიკური სვლაა, რადგანაც მათთვის ახლა ხერსონის შენარჩუნება პრობლემა იყო და ცოცხალი ძალის ტყუილად მოცდენა და განადგურება არაფერში სჭირდებოდათ. გენერალი for.ge-სთან ამბობს, რომ ხერსონის შენარჩუნებას რუსებისთვის აზრი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუკი ნიკოლაევის მიმართულებაზე წინსვლას შეძლებდნენ. ეს კი ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძლო, ამიტომ მდინარე დნეპროს მარცხენა სანაპიროზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით გამართლებულია.

„რუსებისთვის ხერსონი მაშინ იქნებოდა მნიშვნელოვანი, თუკი ოდესასა და ნიკოლაევზე წინსვლას მოახერხებდნენ. ეს ვერ შეძლეს, ამიტომ რუსებისთვის ხერსონი საკმაოდ მოწყვლადი ადგილი გახდა. თავდაცვის სისტემაში საკმაოდ სუსტი ადგილი იყო, რაც მისი დაკავების აზრს კარგავდა. რუსეთმა ნიკოლაევზე წინსვლა ვეღარ შეძლო, ხერსონი კი მახედ იქცა, რომლის მომარაგებასაც ვეღარ ახერხებდნენ. ხერსონიდან გამოსვლით ისინი თავდაცვას აძლიერებენ, მაგრამ მნიშვნელოვანი ტერიტორია დაკარგეს. თუმცა მათი ქმედება სამხედრო თვალსაზრისით სწორია, რადგან ზამთრისთვის ემზადებიან, რათა გაზაფხულისთვის ძალები მოიკრიბონ და ახალი შეტევებისთვის მოემზადონ. თავდაცვას მდინარის მარცხენა სანაპიროზე მოაწყობენ, რაც მათ უკრაინელებისგან კარგი თავდაცვის საშუალებას მისცემს. ამიტომაც არის, რომ უკრაინელები ფრთხილობენ და ჭკვიანურ სვლებს აკეთებენ. მიუხედავად ამისა, უკრაინელები ზამთარს პოზიტივით ხვდებიან. მათ შეძლეს ხერსონის და ხარკოვის დაბრუნება. ეს ჯარს დიდ მოტივაციას აძლევს. თუმცა სიფხიზლე აუცილებელია, როცა შენი მტერი სუსტი არაა და ვერაგია. მას მთელი თავისი რესურსი კიდევ გამოსაყენებლი აქვს. რუსებს ახლა ხერსონის დაკარგვის შემდეგ რაღაცა ხელჩასაჭიდი სჭირდებათ, ამიტომ სადაც ტაქტიკური უპირატესობა აქვთ, უკრაინას იქ შეუტევენ. ასეთი კი ბახმუტია, სადაც წარმატების მიღწევას ზამთრამდე მოინდომებენ. არც იმას გამოვრიცხავ, ხერსონის საარტირელიო დაბომბვა დაიწყონ. თუმცა ბირთვული იარაღის გამოყენებას გამოვრიცხავ. რუსეთი ამაზე არ წავა, რადგან კარგად იცის, ამას რა პასუხიც მოჰყვება“, - აცხადებს გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

 

ტაბალი ყველა რუსეთუმეს ოჯახი მოვ,,,,ნ!
1 წლის უკან