გაძვირების ტემპის შენელება კიდევ რამდენიმე თვე მოსალოდნელი არ არის

გაძვირების ტემპის შენელება კიდევ რამდენიმე თვე მოსალოდნელი არ არის

უკვე აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ინფლაციის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი, გაისადაც ვერ შესრულდება. ამის შესაძლებლობას ვერც ხელისუფლება და ვერც საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2024 წლამდე ვერ ხედავს.

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის შეფასებით, 2023 წელს გარკვეული ცვლილებები მოხდება მიგრაციასთან და ფინანსური ნაკადების შემოდინებასთან დაკავშირებით, თუმცა გლობალური გარემო უცვლელი დარჩება. შესაბამისად, 2023 წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება და საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 6% იქნება, წლის ბოლოსთვის კი - 3.8%. სამიზნე 3%-იან მაჩვებელს კი მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება.

რაც შეხება სებ-ის პოზიციას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სიტუაცია გლობალურადაც არაპროგნოზირებადია და თუ კვლავ გაჩნდა ინფლაციის ზრდის რისკი, სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას კვლავ გაამკაცრებს.

„როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციაზე, იქედან გამომდინარე, რომ როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად გაურკვევლობის დონე მაღალ ნიშნულზეა, უნდა დავეყრდნოთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ. წელს ფისკალური დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება არის მოსალოდნელი, ლარიც მყარია და მონეტარული პოლიტიკაც საკმაოდ დიდი ხანია გამკაცრებულია, ამიტომ ინფლაციის მრუდიც შემცირებულია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ უკვე მომავალ წელს მივუახლოვდეთ სამიზნე მაჩვენებელს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევნიშნავთ ინფლაციის ზრდის რისკს, მზად ვიქნებით კიდევ უფრო გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა, რათა ეს მოლოდინში არ გადაიზარდოს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

უკვე ყველა დონეზე ჩნას, რომ მაღალი ფასები მოსახლეობას გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს. ამას არა მარტო ზედაპირული დაკვირვებები, არამედ კვლევებიც ადასტურებს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღეს თქვენი ქალაქის/სოფლის წინაშეა? - ამ კითხვაზე IRI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში გამოკითხულები უმუშევრობას, ინფლაციას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებენ.

კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 27% მიიჩნევს, რომ უპირველესი პრობლემა უმუშევრობაა. 15% ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ინფლაციაა. ინფრასტრუქტურას და წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს კი მოსახლეობის 23% ასახელებს.

გამოკითხულთა დარჩენილი პროცენტისთვის დასახელებულ ძირითად პრობლემებს შორისაა სიღარიბე, განათლება და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები.

მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას აღიქვამს სამომხმარებლო კალათით, რაც ინფლაციის გამო, გაძვირებულია, შესაბამისად, ასეთი ეკონომიკური ზრდის პოზიტიური შედეგები მოქალაქეებზე სრულფასოვნად ვერ აისახება. თუმცა, როგორც აკადემიკოსი ლადო პაპავა ამბობს, ინფლაცია არ არის ლოკალური პრობლემა, შესაბამისად, მთავრობის ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით მდგომარეობის მოთოკვა, პრინციპულად შეუძლებელია.

„მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მთელი რიგი მიმართულებით ეკონომიკური პარამეტრები არის გაუმჯობესებული, მაგრამ არის ერთი პარამეტრი, რომელიც სამწუხაროდ, მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის ინფლაციის მაღალი დონე. თუნდაც, 2021 წელს ჩვენ გვქონდა 10,5%-იანი ეკონომიკური ზრდა და 13%-ზე მეტი იყო ინფლაცია. ანუ, ინფლაციამ გადაფარა ეკონომიკური ზრდა და ბუნებრივია, ასეთი ეკონომიკური ზრდის პოზიტური შედეგები მოსახლეობაზე სრულფასოვნად ვერ აისახა.

ადამიანები ეკონომიკას აღიქვამენ უშუალოდ იმ სამომხმარებლო კალათით, რითაც ისინი არსებობენ, სამომხმარებლო კალათა კი, ქვეყანაში საშუალოდ გაძვირდა და გადააჭარბა ეკონომიკურ ზრდას. აქედან გამომდინარე, კიდევ კარგი, რომ 10%-ზე მეტი გვქონდა ეკონომიკური ზრდა, 3-4%-იანი ზრდა რომ ყოფილიყო, 13%-იანი ინფლაციის პირობებში ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა.

ახლა, რითაა გამოწვეული ეს ინფლაცია და რა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რომ გააკეთოს - ინფლაციის მიზეზი არ არის ადგილობრივი, ეს არის გლობალური პრობლემა და მას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 2020 წელს, პანდემიის დაწყებასთან ერთად. რატომ? პანდემიამ გამოიწვია ბიზნესის მთელი რიგი სფეროების ჩაკეტვა. ასევე, მიწოდების ჯაჭვების წყვეტა, ამან კი გამოიწვია მიწოდების შემცირება, შესაბამისად, ფასების ზრდა. ეს მოხდა მთელ მსოფლიოში.

ამას დაემატა ომი, ანუ მიწოდების გლობალური ჯაჭვებიდან ამოვარდა რუსეთი, ბელარუსი, თვითონ უკრაინა. ამიტომ, ვერც ერთი ლოკალურად მიღებული გადაწყვეტილებით, ვერცერთი მთავრობის (თუნდაც, ამერიკის შეერთებული შტატების ან ნებისმიერი სხვა), პრინციპულად შეუძლებელია ინფლაციის მოთოკვა, თუ ამაზე არ იქნა ერთობლივი ძალისხმევა“,- განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში პაპავამ.