რეიტინგები - რეიტინგებისთვის, რეალობა - ინვესტორებისათვის

რეიტინგები - რეიტინგებისთვის, რეალობა - ინვესტორებისათვის

 

საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული რეიტინგების სიკეთე ვერა და ვერ იგრძნო. ამჯერადაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ქვეყანა ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდა, მაგრამ ასეთი „თავბრუდამხვევი“ მიღწევები ინვესტორებს ოდნავადაც არ აღელვებთ. 

 

„ჰერითეიჯ ფაუნდეიშენისა“ და „უოლ სთრით ჯორნალის“ მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2010 წლის ინდექსში საქართველომ 183 ქვეყანას შორის 29-ე ადგილი დაიკავა.  პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ესტონეთს აქვს, რომელიც რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს, ლიტვა კი - 24-ს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებს შორის მე-4 მაჩვენებელი აქვს. ჩვენი მეზობელ ქვეყნებიდან ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში სომხეთი 36-ე ადგილზეა, თურქეთი 67-ზე, რუსეთი - 143-ეა, ხოლო აზერბაიჯანი - 92-ე.

 

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რეიტინგიდ პირველ ათეულში ჰონგ-კონგი, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, შვეიცარია, კანადა, ირლანდია, დანია, აშშ და ბახრეინი მოხვდნენ.

 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებს თავისუფლების ათი კატეგორიის, კერძოდ, ვაჭრობის, ბიზნესის და ინვესტიციის თავისუფლების, ასევე კორუფციის დონის, საკუთრების უფლებების და სხვა კრიტერიუმით აფასებს.

 

„ბიზნესის თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, ფისკალური თავისუფლება და შრომის თავისუფლება განაპირობებს საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების მაღალ ხარისხს. მიუხედავად რუსეთის აგრესიისა და გლობალური კრიზისისა, ეკონომიკური ზრდა საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში 4,8 პროცენტით განისაზღვრა“, - აღნიშნულია „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენისა“ და „უოლ სთრით ჯორნალის“ ანგარიშში.

 

ექსპერტები ამ „მიღწევას“ მართალია დადებითად აფასებენ, მაგრამ იქვე მიუთითებენ, რომ მსგავსი რეიტინგების შედეგეი ქვეყნის ეკონომიკაზე ნაკლებად აისახება. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2010 წლის ინდექსში საქართველოს მიერ 29-ე პოზიციის დაკავებას „სერიოზულ ფაქტორად“ აფასებს.

 

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2010 წლის ინდექსში 183 ქვეყანას შორის 29-ე ადგილის დაკავება უდავოდ სერიოზულია ფაქტორია, რამდენადაც საქართველო ამ პოზიციაზე საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების, დადებითი მაკოეკონომიკური მაჩვენებლების და საგადასახდო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით მოხვდა“, - განაცხდა ჯგერენაიამ და იქვე დასძინა, რომ მეზობელ აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით, სადაც ყველაფერი დახურულია, საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია.

 

რაც შეეხება ინვესტიციის თავისუფლების და საკუთრების უფლებების დაცვის ინდექსებს, ექსპერტის აზრით, ამ მხრივ ქვეყანაში უცხოელ ინვესტორებს პრობლემა არ აქვთ. 

 

„საქართველოში უცხოური ინვესტიციების სიმცირე მსოფლიო საინვესტიციო ბაზარზე კრიზისით და ქვეყნაში ღარიბი შიდა ბაზრითაა გამოწვეული და არა ინვესტორებში დაუცველობის გრძნობის მიზეზით“, - აღნიშნა ჯგერენაიამ.

 

ექპერტის ნოდარ ჯავახიშვილის აზრით, საქართველომ საერთაშორისო არენაზე ეკონომიკური მიმზიდველობა დაკარგა. „მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტის ყელყელაობისა და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული საამაყო რეიტინგებისა, მეოთხე წელია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პერმანენტულად იკლებს.

 

2010 წლის 9 თვეში საქართველოში სულ 433 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე მისი მოცულობა მაქსიმუმ, 600 მლნ აშშ დოლარმადე გაიზრდება, რაც 3.6-ჯერ ჩამორჩება 2007 წლის მაჩვენებელს, 2.6-ჯერ - 2008 წლისას და 10%-ით - 2009 წლის ისედაც უმნიშვნელო მოცულობას“, - განმარტა ჯავახიშვილმა.