ახალი წლიდან მედიკამენტების გაიაფების ახალი და უფრო დიდი ეტაპი დაიწყება

ახალი წლიდან მედიკამენტების გაიაფების ახალი და უფრო დიდი ეტაპი დაიწყება

2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. საქართველოს კანონის პროექტში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ ცვლილებები შევა, რომლის მიხედვით სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება. ეს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა და ჩვენთანაც რადმენიმე კვირაში ამოქმედდება.

უნდა აღნიშნოს, რომ 2022 წლის მარტიდან თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნამ 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება.

„შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველ ეტაპზე რეფერენტულ ფასს მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე დააწესებენ, რომელიც 1 100 დასახელების მედიკამენტს შეეხება. შემდეგ ეტაპზე, მეორე კვარტლიდან კი ეს ცვლილება ყველა დარჩენილ სარეცეპტო მედიკამენტებზე გავრცელდება. თუ კომპანიები მედიკამენტებს რეფერენტული წესით დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, ფინანსური სანქციები დაუწესდებათ.

„პირველ ჯერზე დარღვევის შემთხვევაში, სანქციები -გაფრთხილებას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში, 5 000-დან 45 000 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს, როგორც საცალო ქსელში მოქმედი აფთიაქების, ასევე დისტრიბუტორებისა და საბითუმოდ მოვაჭრეების, რადგან ეს ისეთი რეგულაციაა, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, ამიტომ სანქციების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შემოწმებასა და მონიტორინგს, რომელსაც ახლაც ვახორციელებთ, აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

საინტერესოა როგორ დაადგენს სახელმწიფო მედიკამენტების რეფერენტულ ფასს? მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფერენტი ქვეყნების შერჩევა მიმდინარეობს.

„დაახლოებით, 4-5 ქვეყნიდან წამლების ფასებს“ დავირეფერენსებთ“. ეს ქვეყნების ეკონომიკის ზომის, მოსახლეობის რაოდენობის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა, რომელიც ჩვენი მოგონილი არ არის და ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების კონსულტაციის შედეგად დგება. უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ვუყურებთ.

ეს კონკრეტული ფასის დაწესება არ არის, ეს ჭერის განსაზღვრაა, რომელზე ძვირადაც ვერც საბითუმო და ვერც აფთიაქი წამალს ვერ გაყიდის, ხოლო საბითუმოდან აფთიაქებში გატანისას განვსაზღვრავთ პროცენტულ მარჟას, რომლის დამატებასაც აფთიაქი შეძლებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მთავრობაში ვარაუდობენ, წინასწარი საპროგნოზო გათვლებით, ეს 60%-ით კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს.

„სამინისტროზე იქნება დელეგირება რეფერენტული ქვეყნების განსაზღვრის და ფასების დადგენის პრინციპის. ჩვენი საპროგნოზო გათვლებით, ეს 60%-ით კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს. პირველ ეტაპზე, იანვრიდან ეს შეეხება მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს, რომელიც დღეს დაახლოებით 1 100 დასახელების არის. მედიკამენტების ბაზარი რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით 20 მლნ ლარის მედიკამენტებს შეეხება ეს რეგულაცია იანვრიდან.

შემდეგი ეტაპი იქნება ყველა დარჩენილ სარეცეპტო მედიკამენტებზე გავრცელება, ვფიქრობთ, რომ ეს მეორე კვარტლიდან იქნება, შემდეგ კი ყველა მედიკამენტზე გავრცელდება. მომდევნო წლის ბოლომდე მაქსიმალურად გამჭვირვალე ზედა ზღვარი გვექნება დაწესებული მედიკამენტებზე რეფერენტული ქვეყნების მიხედვით და გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს მოსახლეობას“, -განაცხადა აზარაშვილმა.