„თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდა, მას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიიდან მოუწევს წასვლა, არამედ შუა აზიის ქვეყნებიდან“

„თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდა, მას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიიდან მოუწევს წასვლა, არამედ შუა აზიის ქვეყნებიდან“

რუსეთი სამხრეთ კავკასიას კარგავს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსება სომხეთში ამის ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს. პარალელურად, სომხეთში იზრდება უკმაყოფილება რუსეთის მიმართ, რადგან სომხებს მიაჩნიათ, რომ რუსეთმა ისინი გადააგდო და აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვიტა ყარაბაღის პრობლემა.

„თუ სომხეთს სურს ვაშინგტონის გზის არჩევა, აირჩიოს“,- პრეზიდენტ პუტინის ხმაში დათმობითი ნოტები გამოერია.

პუტინს სხვა გზა არ აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში დომინანტი რუსეთი იყო, ის იყო მთავარი მონოპოლისტი დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების პროცესში, დღეს კი გლობალური მოთამაშეები ეცილებიან რუსეთს სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით - ამერიკა, ევროკავშირი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი.

ევროკავშირი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასია მისი მეზობელია, ამიტომ ამ რეგიონში სიმშვიდე მისი პირადი ინტერესია. სადაც ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის მეზობლად თვლის თავს, რა გასაკვირია, რომ თურქეთი და ირანი, როგორც უახლოესი მეზობლები, თავად ცდილობენ გაზარდონ გავლენები სამხრეთ კავკასიაში და აქ გარეშე დამსწრე, ანუ რუსეთი სრულიად ზედმეტია.

მით უმეტეს, სამხრეთ კავკასიამ ძალიან კარგად იგემა, რა მოუტანა რუსეთის დომინანტობამ რეგიონს - ოკუპირებული ტერიტორიები, გაყინული კონფლიქტები. შემთხვევითი არ არის, რომ ლავროვი ყოველნაირად ცდილობდა რუსული სისხლიანი ხელწერის „წაშლას“ სამხრეთ კავკასიიდან და ამტკიცებდა, რომ თითქოს „მოსკოვს სურს, სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად გადაიქცეს“.

კარგავს თუ არა რუსეთი სამხრეთ კავკასიას?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ტენდენციაზე შეიძლება ვისაუბროთ, რომ რუსეთი პოზიციებს კარგავს სამხრეთ კავკასიაში, თორემ მთლიანობაში ამას ვერ ვიტყვით, როგორც მომხდარ ფაქტს. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ არსად წასულა სამხრეთ კავკასიიდან.

„სულ ახლახანს ირანის წარმომადგენლობის მხრიდან საინტერესო განცხადება გაკეთდა, რომ სამხრეთ კავკასიის პრობლემები მხოლოდ რეგიონალურმა ძალებმა უნდა გადაწყვიტონ - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის და რუსეთის მონაწილეობით. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უკვე ირანის მხარდაჭერა გარანტირებული აქვს. ამიტომ დღეს უკვე განაჩენის გამოტანა უფრო ცოცხალი დათვის გატყავებას ჰგავს. სამხრეთ კავკასიის დაკარგვის ტენდენციები რუსეთისთვის ნამდვილად არის, ზუსტად ამ ჭრილში შეფასდა ალიევის ვიზიტი საქართველოში. იმ ექსპერტის თუ პოლიტოლოგის ნათქვამი, რომელიც დაბეჯითებით ამტკიცებს, რის შესახებ ილაპარაკეს თუნდაც იმავე ალიევმა და ღარიბაშვილმა, არაფერს ნიშნავს. თუ იმ მოლაპარაკების მაგიდის ქვეშ იჯდა ვინმე, კი ბატონო, იმას დავუჯერებ. ჯერჯერობით შეიძლება ტენდენციები ჩანდეს, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან გავა, მაგრამ ეს ბევრად იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე. თუ უკრაინაში რუსეთი დამარცხდა, მას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიიდან მოუწევს წასვლა, არამედ, აგრეთვე, შუა აზიის ქვეყნებიდან“, - აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნას სომხეთში, პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ევროკავშირის მისიები ჩვენ საქართველოშიც გვინახავს, ამიტომ მათ „ეფექტურობაზე“ რაღაც წარმოდგენა გვაქვს. ამდენად, საეჭვოა, ევროკავშირის მისიამ შეძლოს რუსეთის ჩანაცვლება კავკასიაში. თუ რუსეთს ისეთი ძალა შერჩება, როგორიც დღეს კიდევ აქვს შერჩენილი, რუსეთი ფეხს არ მოიცვლის სამხრეთ კავკასიიდან. ის ფაქტი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები სოჩაში შედგა, ნიშნავს, რომ პუტინმა ჩაიყვანა თავისთან ალიევიც და ფაშინიანიც და საკუთარი ძალა ყველას დაანახა.

ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის ECIPE-ის უფროსი მკვლევარი, ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა და იქ რუსეთის უკან დახევამ რეალურად შეასუსტა რუსეთის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში. ამის პარალელურად სამხრეთ კავკასიაში იზრდება თურქეთის, ევროკავშირის, შეერთებული შტატების როლი.

„ჯერჯერობით რუსეთს პოზიციები არ დაუკარგავს სამხრეთ კავკასიაში ისე, როგორც გვინდა, მაგრამ ტენდენცია აქეთკენაა. უკვე საუბარია ევროკავშირის მისიაზე, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში ძალიან დიდია არა მხოლოდ ევროკავშირის ჩართულობა, არამედ ყოველდღიურად იზრდება შეერთებული შტატების ჩართულობაც“, - გვითხრა თენგიზ ფხალაძემ.