ამერიკის ორი ფრონტი რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ

ამერიკის ორი ფრონტი რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ

ამერიკას ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა - ჩინეთის ამბიციები მოთოკილი არ იყო და უცებ რუსეთმა წამოყო თავი, გაახსენა რა ოკეანისგაღმელ მეზობლებს, რომ კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა.

გარკვეული მოსაზრებით, ახლა მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ამერიკამ რუსეთიც უნდა დაამარცხოს და ჩინეთიც. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამერიკას ურჩევდნენ, არჩევანი გაეკეთებინა და გადაეწყვიტა, ვინ იყო რეალური მტერი -რუსეთი თუ ჩინეთი. აშშ-ჩინეთის ფონდის ყოფილი მენეჯერი ზაქარია კარაბელი აშშ-ის მთავრობას მოუწოდებდა, რომ კონფრონტაციის ნაცვლად, პეკინთან დაახლოების გზა აერჩია, სამაგიეროდ, რუსეთთან დაპირისპირება გაეგრძელებინა, რადგან პუტინის მმართველობის პერიოდში, 2000 წელს რუსეთმა ჩეჩნეთი მოაოხრა, გროზნო დაანგრია, შემდეგ საქართველოში შეიჭრა, ამის მერე მიიტაცა უკრაინის კუთვნილი ყირიმი.

„იმის ნაცვლად, რომ აშშ-მა მეტი ყურადღება დაუთმოს მსოფლიო წესრიგის ნამდვილ მტერს - პუტინის რუსეთს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთს უპირისპირდება“, - მიიჩნევდა ზაქარია კარაბელი და რუსეთის წინააღმდეგ ჩინეთის ჩართვასაც სთავაზობდა ამერიკას.

ფაქტია, რომ ჩინეთი რუსეთზე ძლიერია ყველა პარამეტრით - ეკონომიკური, სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ იმის გამო, რომ ჩინეთი მჭიდროდაა დაკავშირებული აშშ-ის ეკონომიკასთან, ფლობს ამერიკის კოლოსალურ სახაზინო ფასიან ქაღალდებს და ამერიკელები მოგებულნი რჩებიან ჩინეთში ჩადებული ინვესტიციებით, ჩინეთს ამერიკასთან სამხედრო კონფრონტაცია არ უნდა აინტერესებდეს, განსხვავებით, რუსეთისგან.

საბოლოოდ აშშ-მა არ გაიზიარა ზაქარია კარაბელის შეთავაზება, დაახლოებოდა პეკინს და სწორედ ჩინეთი დასახა ნომერ პირველ მტრად. ჯერ კიდევ პრეზიდენტი ტრამპი აცხადებდა, რომ საერთაშორისო მასშტაბით, ამერიკისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება ჩინეთი იყო, მასთან შედარებით მეორე ადგილზე იყო რუსეთი და ირანი, თუნდაც ჩრდილოეთ კორეა.

შეძლებს თუ არა ამერიკა ორ ფრონტზე ბრძოლას რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკელების ახალ დოქტრინაში გარკვევით წერია, რომ სტრატეგიული მოწინააღმდეგე არის ჩინეთი, ხოლო რუსეთი არის მტერი. სი ძინპინს მოლაპარაკებები უნდა ამერიკასთან, მაგრამ განხეთქილების ვაშლი ჩინეთსა და ამერიკელებს შორის ძირითადად ტაივანია. ტაივანის პრობლემა ძალიან სერიოზულია.

„ტაივანი დღეს აწარმოებს მსოფლიო ნახევარგამტარების 50%-ს და უმაღლესი ხარისხის მსოფლიო ნახევარგამტარების 75%-ს. ამერიკელი ცნობილი ეკონომისტი წერს, ჩვენთვის ნავთობზე უფრო მნიშვნელოვანია ნახევარგამტარები, რადგან ნახევარგამტარებებზეა აგებული მთელი თანამედროვე შეიარაღება, ინდუსტრია, ტექნოლოგია. ამ მხრივ საქართველო ჯერ კიდევ ქვის ხანაშია. ჩვენს რომელიმე ბიზნესმენს რომ ჰკითხოთ, ნახევარგამტარები რა არის, ვერ გეტყვით. რაც შეეხება ისეთ სამხედრო გამწვავებას, სამხედრო დაპირისპირებას, როგორც ამერიკასა და რუსეთს შორისაა, ჯერჯერობით ჩინეთთან მიმართებით არ არის, თუმცა სტრატეგიულად ჩინეთი უფრო საშიშია ამერიკისთვის, თუგინდ ტექნოლოგიით, თუგინდ ვაჭრობით, თუგინდ საქონლის ბრუნვით. ამ მხრივ რუსეთი არაფერი არ არის ამერიკისთვის, რუსეთი არის მტერი დღეს. ამ ეტაპზე ჩინეთს თვითონაც უჭირს, ჩინეთს ფინანსური გარღვევა აქვს 7 ტრილიონი დოლარის ოდენობით, ზოგიერთი 8 ტრილიონ დოლარს აცხადებს ფინანსურ გარღვევად. ეს ძალიან დიდი ციფრია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომლის თქმითაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩინეთს უკვე მუშახელი არ ჰყოფნის, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა გააუქმა ერთი ოჯახი-ერთი ბავშვის მოთხოვნა.

თუ რატომაა დღეს ჩინეთის ეკონომიკა კრიზისის პირას, ამის შესახებ სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ პანდემიის პერიოდში ჩინეთმა ამერიკისგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა. ამერიკელების პოზიცია ასეთი იყო, არავითარი ლოკდაუნი, არავითარი აკრძალვა, მთავარია ეკონომიკა. ჩინელებმა კი თქვეს, მთავარი ჩვენთვის არის მოსახლეობა, ანუ მუშახელი. შედეგი ის იყო, რომ ამხელა ჩინეთში კოვიდისგან გარდაიცვალა 5 ათასი ადამიანი, ამერიკაში კი-მილიონ ნახევრამდე, სამაგიეროდ, ეკონომიკა შეინარჩუნა ამერიკამ და ჩინეთმა ვერ შეინარჩუნა ეკონომიკა. ამიტომ სი ძინპინმა უნდა ამოქაჩოს ეკონომიკა.

„ჩინეთს ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ. ელემენტარულად, ჩვენს მოსახლეობას რომ ვკითხოთ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სახელი რომელია და გვარი რომელი, ვერ გეტყვიან. სი სახელი ჰგონიათ და ძინპინი გვარი, არადა, პირიქითაა, სი გვარია და ძინპინი სახელი. ჩინელებს უკუღმა აქვთ, ჩინეთში პირველია გვარი, მეორეა სახელი. მაო ძედუნის შემთხვევაშიც ასეა, მაო გვარია, ძედუნი სახელი. პირველად რომ წავიკითხე, კორეის ომში მაო ძედუნის შვილი მოკლეს - მაო ვან ინი, გამიკვირდა, მამასაც და შვილსაც მაო რატომ ჰქვია-თქო, არადა, მაო გვარი ყოფილა“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის ECIPE-ის უფროსი მკვლევარი, ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს ახლა მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ამერიკას ჩინეთის შეჩერებაც უწევს და რუსეთისაც.

„მსოფლიო ომი არ მიმდინარეობს, რადგან მსოფლიო ომი გულისხმობს იმას, რომ ომის მასშტაბი უნდა იყოს ძალიან დიდი, ამავდროულად, აქ უნდა იყოს ბლოკებს შორის ბრძოლა, როგორც ეს იყო პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, როცა სახელმწიფოთა ჯგუფები ერთმანეთს ებრძოდნენ. დღევანდელ დღეს რუსეთს მოკავშირე არ ჰყავს და არც შეიძლება ჰყავდეს, რადგან შეუძლებელია პუტინის რეჟიმს ჰყავდეს მოკავშირე. ასე რომ, არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ამერიკა ერთდროულად ებრძვის ჩინეთსაც და რუსეთსაც. ცხადია, არსებობს გარკვეული უთანხმოება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, მაგრამ საბრძოლო დანაშაულს კაცობრიობის წინაშე დღეს ჩადის რუსეთი, ამიტომ შეუძლებელია რუსეთი და ჩინეთი ერთ სიბრტყეზე დავაყენოთ. რუსეთის ხელისუფლების დანაშაული სამხედრო დანაშაულია, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, რისთვისაც რუსეთს პასუხი მოეთხოვება“, -გვითხრა თენგიზ ფხალაძემ.