„ზურაბიშვილის „ოცნების“ მიმართ დამოკიდებულების  მიუხედავად, გვარამიას შემთხვევაში, მათ ეთანხმება და რაც  უნდა უთხრან ევროპარლამენტარებმა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დამოკიდებულება შეიცვალოს“

„ზურაბიშვილის „ოცნების“ მიმართ დამოკიდებულების  მიუხედავად, გვარამიას შემთხვევაში, მათ ეთანხმება და რაც  უნდა უთხრან ევროპარლამენტარებმა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დამოკიდებულება შეიცვალოს“

შეიცვლის თუ არა ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას? - „არა და არასდროს“, უკვე რამდენჯერმე თქვა პრეზიდენტმა, როდესაც მას მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ გენერალური დირეტქორის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ ჰკითხეს. თუმცა პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში გვარამიას შეწყალების „მრავალი თხოვნისა და საერთაშორისო წუხილის ფონზე“ მიმდინარეობს.

 7 ნოემბერს, როცა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ სადისკუსიო პანელში მონაწილეობდა, ევროპარლამენტარების ჯგუფმა მას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის შეწყალების თხოვნით მიმართა. 12 ევროდეპუტატი ნიკა გვარამიას პატიმრობას სადავოდ თვლის, დაბრკოლებად განიხილავს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ „პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან“.

სტრასბურგში გამგზავრებამდე კი პრეზიდენტ ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თუ მესამე სექტორის წარმომადგენლებმაც მიმართეს. ერთ-ერთი ხელმომწერი, ოპოზიციონერი დეპუტატი, „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანია, რომელიც ამ საკითხზე პრეზიდენტს სტრასბურგშიც ესაუბრა.

ევროდეპუტატების წერილმა „ქართული ოცნების“ უკმაყოფილება გამოიწვია და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე მიუთითეს.

„ჩვენთვის ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე ევროპარლამენტარის მოწოდებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვის თაობაზე.

მისივე თქმით, როდესაც ნიკა გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა „რეზიდენტს“, ამასთან დაკავშირებით ამ „ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არც ერთი შენიშვნა არ ჰქონიათ და კომენტარიც არ გაუკეთებიათ“.

„ესეც არის ოდიოზური ევროპარლამენტარების მორიგი განცხადება, რასაც ჩვენთვის, პირადად, არავითარი ფასი არ აქვს. შეგახსენებთ, რომ როდესაც გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა „რეზიდენტს“, სხვა სიტყვებს არ გავიმეორებ, ამასთან დაკავშირებით ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არც ერთი შენიშვნა არ ჰქონიათ და კომენტარიც არ გაუკეთებიათ. დღეს, ისინი ამ „რეზიდენტს“ სთხოვენ გვარამიას შეწყალებას, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის ყველაფრის დამახინჯება, რაც ქართულ პოლიტიკას უკავშირდება“, - განაცხადა კობახიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრად მოხსენიება სრულიად არარელევანტურია.

„გვარამია არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და შესაბამისად, სუბიექტურად არიან დაინტერესებულები იმით, რომ გვარამია სწორედ ასე მოიხსენიონ, როგორც პოლიტიკური პატიმარი. სინამდვილეში ყველამ იცის, საქმე რაშიც იყო. კერძოდ, ეს ადამიანი ძარცვავდა ტელეკომპანიას, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 7 მლნ-ის ძარცვის პირობებში, ვინმეს პოლიტპატიმრად მოხსენიება სრულიად არარელევანტურია“, - აღნიშნა კობახიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი, დიდი ალბათობით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შეიცვლის. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის „ოცნების“ მიმართ დამოკიდებულების  მიუხედავად, მათ, გვარამიას შემთხვევაში, ეთანხმება. მას აქვს რაღაცა თემები, რომელზეც ფიქრობს, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირება არ ღირს და აქვს საკითხები, რომელზეც მიიჩნევს, რომ დაპირისპირება საჭიროა. ამიტომ, რაც არ უნდა უთხრან და მიმართონ ევროპარლამენტარებმა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან დამოკიდებულება შეიცვალოს.

„პრეზიდენტს მგონია, რომ რაღაცა თემების ნუსხა აქვს, სადაც მიაჩნია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დაპირიპირებისგან თავი უნდა შეიკავოს, რათა სხვა საკითხებში თავისუფალი იყოს. ზურაბიშვილი პრიორიტეტებს თვად ალაგებს, სადაც მიაჩნია, რომ ხელისუფლება მართალია. რასაც ვაკვირდები, მას ორი მიმართულება აქვს გამოყოფილი, სადაც პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით მისი პოზიცია უფრო მკაფიო უნდა იყოს და „ოცნებას“ დაუპირისპირდეს, ხოლო შიდა საკითხებში ხელისუფლების პოზიციასთან ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდეს. ამას აკეთებს იმიტომ, რომ ის მაინც ევროპული აზროვნების პოლიტიკოსია და მიაჩნია, რომ საგარეო საკითხებში უფრო უნდა ჩაერიოს. ხოლო ქვეყნის შიგნით მაინც ანგარიშს „ოცნებას“ უწევს. რაც შეეხება იმას, რომ ევროპარლამენტარები მასზე თუნდაც დახურული შეხვედრების დროს რაიმე ზეწოლას მოახდენენ ან მოსთოხვენ, გვარამია შეიწყალოს, ფუჭი მოლოდინია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამბობს დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეეში ერევა, ეს ასე არ არის. შესაძლოა საჯაროდ ითქვას, რომ კარგი იქნებოდა, გვარამიას თუ შეიწყალებდა, - ამის იქით ისინი არ მიდიან. გამორიცხულია, რომ ზურაბიშვილს ამის გამო ვინმემ საქმეები ურჩიოს და რაღაცა ზეწოლა მოახდინონ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

იგივეს ფიქრობს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც, რომლის აზრითაც, ზურაბიშვილი, დიდი ალბათობით, გვარამიასთან დაკავშირებით აზრს არ შეიცვლის. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტი ხშირად იმდენად რთულ ნაბიჯებს დგამს, რომ მისი პროგნოზი ძნელია, თუმცა, თუ გავიხსენებთ მის დაჟინებას და პრინციპულობას გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან ამაზე აზრი ასე უცბად შეიცვალოს.

„მგონია, რომ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას, მიუხედავად ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ამის დაჟინებით მოთხოვნისა, არ გადაწყვეტს. პრეზიდენტმა კარგად იცის და ამას ათვიცნობიერებს, რომ გვარამიას გათავისუფლება ქვეყნის შიგნით პოლარიზაციას გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამტკიცებს, პირიქით პოლარიზაციის ხარისხს დაწევსო, ეს მოსაზრება მცდარია. მათაც კარგად იციან, რომ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ამ ხალხის დღის წესრიგი ხომ ეგ არის, როგორმე მუდმივად ქვეყანაში დაძაბულობა იყოს. ოპოზიცია პოლარიზაციის გაზრდაშია დაინტერესებული და არა შემცირებაში. ეს არის რევოლუციაში დაინტერესებული ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ამ მუხტის გააქტიურებას ცდილობს. რევოლუციას პოლარიზაცია სჭირდება და ამიტომ, პოლარიზაციის ნებისმიერი გამაძლიერებელი ოპოზიციას აწყობს. სასამართლოში ადამიანის ჩვენებას ყურად არ იღებენ, თუკი მიიჩნევენ, რომ ის დაინტერესებული პირია“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, თუ ევროპული სტრუქტურები სიფრთხილეს გამოიჩენენ, მაშინ შეწყალების მიმართულებით დაჟინებით საუბრისგან არ უნდა გაისარჯონ. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ურთიერთობის ჭრილში უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას.