საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აზრის შემცვლელი არ არის

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აზრის შემცვლელი არ არის

ჰენრი კისინჯერმა თქვა, რომ „ლიდერები პასუხისმგებელნი არიან არა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარებაზე, არამედ მათი ქმედებების შედეგებზე.“ არადა, პოლიტიკური ლიდერები აქტიურად ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით საზოგადოების წევრების განწყობებით მანიპულირებას. საქართველო ამ მხრივ არ წარმოადგენს გამონაკლისს.

ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით, მართლაც უნიკალური სიტუაცია შეიქმნა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები საქართველოში უკვე წლებია პრაქტიკულად მონოპოლიზებული აქვთ ამერიკულ ორგანიზაციებს (NDI https://www.ndi.org/eurasia/georgia, IRI https://www.iri.org/iri-around-the-world/eurasia/georgia/) და მათ ადგილობრივ კონტრაქტორებს, რომლებიც საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსდებიან. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფოს მიერ სოციოლოგიური გამოკითხვების დაფინანსება პრაქტიკულად არ ხდება. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ არსებული გამოკითხვები სოციოლოგიის გარდა, მათი სპონსორების ინტერესებსაც ემსახურება ქვეყანაში შესაბამისი პოლიტიკური და სოციალური კონიუნქტურის შესაქმნელად.

დღეს ქვეყანაში ცენტრალური თემა - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამისათვის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებზე დაყრდნობით, საქართველოში მყარად დამკვიდრდა ნარატივი, რომ ევროინტენგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მყარი არჩევანია. თუმცა, რამდენად შეესაბამება ეს ჭეშმარიტებას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში მომხდარი ცნობილი მოვლენების ფონზე.

2022 წლის ივლის-აგვისტოს, NDI-ს მიერ საზოგადოების აზრის გამოკითხვაში, https://www.ndi.org/sites/default/files/Taking%20Georgians%E2%80%99%20pulse%20Findings%20from%20August%202022%20face%20to%20face%20survey%20%28Georgian%29.pdf ნაჩვენებია, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერა შეადგენს 75%/ მართალია ეს 5-7% ნაკლებია წინა თვეების შედეგებთან (80-80%) შედარებით, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი უმრავლესობაა. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ საბოლოო დასკვნებს.

თუ რომელიმე გაერთიანებაში წევრობას ესწრაფვი, მის მიმართ ძალიან დადებითი დამოკიდებულება უნდა გქონდეს. ამ დროს ევროპის ფონდის https://epfound.ge/ge  2021 წელს ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევაში, https://epfound.ge/static/file/202112024313-ef_report_21-september-geo-final.pdf  ვკითხულობთ: „ჯამში, ქართველების 46%-ს აქვს ან ძალიან დადებითი (16%), ან უფრო დადებითი, ვიდრე უარყოფითი (30%) დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. დაახლოებით 43%-ს ნეიტრალური შეხედულება აქვს ევროკავშირის მიმართ, ხოლო უმცირესობას (7%) - უფრო უარყოფითი, ვიდრე დადებითი, ან ძალიან უარყოფითი.“ გამოდის რომ ჩვენი მოსახლეობის, მხოლოდ 46%-ს, ანუ ნახევარზე ნაკლები(!), უჭერს გაცნობიერებულად მხარს ევროკავშირს.

საქმე კი ისაა, რომ დასავლელი დონორების სპონსირებულ გამოკითხვებში, აშკარად იკითხება მცდელობა, რომ არცერთ მომენტში ეჭვის ქვეშ არ დადგეს საქართველოს მოსახლეობის პროევროპული ორიენტაცია, რაშიც მათ ინვესტიციები ჩადეს. ამიტომაც არასასურველი სურათის მიღების შემთხვევაშიც კი, ისე რომ პროფესიული სტანდარტები ძალიან არ დაარღვიონ, ცდილობენ ამ სურათის მოდელირებას. ცალკეული ბლოკების სათაურებში პოლიტიკური გზავნილებიც იკითხება. მაგალითად, პროევროპული მესიჯის გასაძლიერებლად NDI ამბობს, „უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევრო -ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.“ როგორ გაზომა და დაადგინა NDI-მ გამოკითხულთა „დარწმუნებულობის“ ხარისხი, როდესაც მის გამოკითხვაში ევროინტეგრაციაზე მხოლოდ ერთი კითხვაა დასმული და ის არ ცდილობს დაადგინოს თუ სინამდვილეში რა დგას რესპონდენტის „დიახ“-ს ან „არას“ უკან.

ძალიან საინტერესოა, ევროპის ფონდის გამოკითხვაში, როგორ მოდის თანხმობაში ევროკავშირის მოყვარულთა 46%-იანი მაჩვენებელი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა 77%-იან მაჩვენებელთან? პასუხის ერთ ერთი ყველაზე რეალური ვარიანტია ევროკავშირთან მომხმარებლური დამოკიდებულება და არა ღირებულებითი ერთობა. ამ ერთობის არსებობის შემთხვევაში, არ იქნებოდა არც თბილისის ცენტრში ლგბტ-მარშის ჩატარების პრობლემა და არც ერთნაერსქესიანთა ქორწინების ისეთი მძაფრი მიუღებლობა, რომ კონსტიტუციაში გახდა აუცილებელი შესაბამისი ჩანაწერი. მაგალითების გაგრძელება კიდევ შეიძლება.

ამას გარდა, გამოკითხვების მონაცემებს სერიოზულად ამახინჯებს თავად რესპოდენტთა ე.წ. „თვითშერჩევის“ ან „თვითცენზურის“ ეფექტი, როდესაც გამოკითხულთა გარკვეული პროცენტი სტაბილურად უარს ამბობს გამოკითხვაში მონაწილეობაზე, ან არ აფიქსირებს პასუხს. კიდევ უფრო პრობლემატურია, ე.წ. „პრეფერენციების ფალსიფიკაცია“ - სიტუაცია, როდესაც პირდაპირ დასმულ კითხვაზე გულახდილი პასუხის ნაცვლად, რესპოდენტი იძლევა პასუხს, რომელსაც მისგან ელოდება წარმოსახვითი უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს აღნიშნული გამოკითხვების დროს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის პირდაპირ დასმულ კითხვაზე ბევრი „დიახ“. ზემოაღნიშნული მიზეზების გარდა, ეს ასევე შეიძლება აიხსნას რესპონდენტის მხრიდან როგორც ფსიქოლოგიური კომფორტის სურვილით, ასევე კონფორმისტული ქცევით და სოციალური დაგმობის შიშითაც. თუ ჩვენთან შექმნილ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ გარემოს და წნეხს გავითვალისწინებთ, მეინსტრიმული აზრისგან განსხვავებული ხედვა, ლამის სახელმწიფოს ღალატად და დანაშაულად ითვლება. გამოდის, რომ ჩატარებული გამოკითხვები ფაქტიურად ზომავენ არა რესპოდენტის ჭეშმარიტ დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ, არამედ მხოლოდ მის სოციალურად და პოლიტიკურად მისაღებ პოზიციას.

ყველა ზემოთჩამოთვლილი გარემოების გათვალისწინებით, რთული გამოსაცნობი არ არის თუ როგორ დგება ევროინტეგრაციის მხარდაჭერის 81-83%-ანი მაჩვენებელი, ან რომელიმე უსახური, მაგრამ დამკვეთისთვის მისაღები პერსონის უჩვეულოდ მაღალი რეიტინგი. ეს ყოველივე პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მანიპულაციების ინსტრუმენტებია, და როგორც ჩანს ჩვენი პოლიტიკური კლასიც და საზოგადოებაც შეეგუენ ამ მოდელირებულ რეალობას.

მდგომარეობა არ შეიცვლება ვიდრე სახელმწიფო ამ საკითხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას არ შეცვლის და ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეროვნულ ინსტიტუციებს არ შექმნის. მდგომარეობა ასევე არ შეიცვლება, თუ თავად გამოკითხვების, მათი დამკვეთების, ჩამტარებლების და შედეგების მიმართ ნდობა არ გაიზომება. ეპიზოდური კვლევები ამ საკითხზე არაა საკმარისი და ამინდს ვერ ცვლის.

ზოგადად, გამოკითხვების მნიშვნელობა ყველაზე ზუსტად ალბათ მარგარეტ ტეტჩერმა შეაფასა: „თუ თქვენ ხელმძღვანელობთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, თქვენ არ ახორციელებთ ლიდერობას - თქვენ ახორციელებთ მიმდევრობას“.