ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს მოქმედი ტარიფები უნდა გაიზარდოს. მიზეზი ისაა, რომ ტექდათვალიერების ობიექტების შემოსავალი ხარჯს ვეღარ ფარავს. პრობლემაა განმეორებითი ინსპექტირების საკითხიც. დღესდღეობით იგი უფასოა, ეს კი ცენტრებს ფინანსურად სერიოზულად აზარალებს.
რამდენად გაითვალისწინებენ მთავრობა ბიზნესის მოთხოვნას, ეს ჯერ უცნობია. მანამდე კი ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი ამბობს, რომ უკვე პრობლემად დგას ცენტრების ფინანსური სტაბილურობა. იქიდან გამომდინარე, რომ საფასურები არ გადახედილა უკვე 4 წელია, ცენტრებს უკვე უჭირთ ამ პირობებში მუშაობა.
„ვფიქრობ, გადასახედია როგორც პირველადი ტექინსპექტირების საფასური, ისე ის, რომ განმეორებითი ინსპექტირება არის უფასო, ეს უნიკალური შემთხვევაა, არსად არ არის ასე. მიღებული პრაქტიკით პირველადი ინსპექტირების დაახლოებით 30-40% -მდეა ღირებულება განმეორებით ინსპექტირებაზე. ის, რომ სერვისის გაწევა ხდება უფასოდ, ეს აზიანებს ცენტრებს ფინანსურად. პროდუქტიული დროის დაახლოებით 35%-ის გაწევა უწევთ უფასო მომსახურებაზე და საშუალებას არ აძლევს ცენტრებს განვითარდნენ.
ამ საკითხზე მივმართეთ მთავრობას, კონსულტაციები იყო და ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი გადაიხედება და იმ მოცემულობას მივიღებთ, რომ ცენტრების ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება“, - განაცხადა შიოლაშვილმა.
ტექინსპექტირებაზე ტარიფი 2018 წელს დაწესდა და უკვე მის გაზრდას ითხოვენ. საავტომობილო დარგის ექსპერტი ვაჟა იორდანიშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში არსებულ გაძვირებულ ფონზე იგი გადასახედია.
„ბაზარზე 42 ორგანიზაციაა, რომლებსაც 73 რესპუბლიკის მასშტაბით 73 ლოკაცია აქვთ. რაც შეეხება ტარიფებს მე გამიჭირდება იმის თქმა, რა და როგორ უნდა იყოს. კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით შეიქმნება გარკვეული სამუშაოო ჯგუფი, რადგან ეს ტარიფი დადგენილია მთავრობის მიერ და ბიზნესს არ აქვს საშუალება, რომ გადახედოს ან თავისი ტარიფი დააწესოს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლებიც იმსჯელებენ ამ თემაზე. როდესაც დაწესდა ეს ტარიფი რა იყო გათვალისწინებული მაშინ და დღევანდელი მოცემულობით რა ხარჯებთან არის დაკავშირებული და რა თვითღირებულებაა, შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ეს მათ დიდ ტვირთად არ დააწვეს“, - აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა.
პრობლემა კომპლექსურია და ყველაზე მთავარი ამ პრობლემაში არის მიმართვიანობა. საქართველოში რეალურად მილიონ ნახევარი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა და ტექინსპექტირებას 750 000 გადის.
„ავტომანქანების დანარჩენი ნაწილი, დიდი ალბათობით, არ გადის ტექინსპექტირებას და ჯარიმებით გადაადგილდება, ისიც თუ დაიწერა, რადგან ვიცით, რომ ჭკვიანი კამერები გაუმართავად მუშაობენ, მაგრამ ის რასაც გზებზე ვხედავთ, ანუ ავტომობილებს, რომლებსაც მოჭარბებული კვამლი აქვთ და გაუმართავია, ეს, დიდი ალბათობით, ის სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც ტექინსპექტირებას არ გადიან.
რაც შეეხება გამონაბოლქვს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემა და საპირწონეზე დგას ავტომობილს გამოსწორება გამართულობა და ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობა. დაბინძურებული ჰაერის 70% სწორედ ავტომობილებზე მოდის.
აქედან გამომდინარე, ჩვენთან ტექინსპექტირების რეგლამენტში გვიწერია, რომ თუნდაც ჯდებოდეს პარამეტრები დასაშვებ ნორმებში, მაგრამ ჰქონდეს ხილული კვამლი ან მოჭარბებული კვამლიანობა, ასეთი სატრანსპორტო საშუალება ტექინსპექტირებას ვერ გადის.
სხვათა შორის კანონპროექტი შეტანილია და განიხილავენ, რომ ხილული კვამლი გახდეს დაჯარიმებადი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან ბერკეტი იქნება და მნიშვნელოვნად გამოასწორებს მდგომარეობას, რადგან თუ მომართვიანობა გაიზრდება და ყველა ავტომობილი გაივლის ტექინსპექტირებას და გზაზე კონტროლიც გამკაცრდება, ეს მყისიერ შედეგს მოგვცემს“, - აღნიშნა „კომერსანტის“ ეთერში ექსპერტმა.
ვაჟა იორდანიშვილი იმასაც ადასტურებს, რომ ტარიფების გადახედვის კუთხით ჯერჯერობით არანაირი კომუნიკაცია და მოლოდინები არ არის.