სოფლის მეურნეობაში კიდევ ერთი მასშტაბური დახმარების პროგრამა იწყება. ამჯერად საუბარია სუბსიდირებაზე თხილის მწარმოებლებისთვის. უკვე გაზაფხულიდან ფერმერები მთავრობისგან 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რითაც შეიძენენ სხვადასხვა საქონელს საკუთარი მეურნეობის მოვლისათვის.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სუბსიდირების პროგრამა მალე ამოქმედდება. ამისათვის, პირველ ეტაპზე, 20 მლნ ლარია გამოყოფილი.
„მოგეხსენებათ, ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე არის ჩართული თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ სახეზეა. ამასთან, წელსაც, მაინცდამაინც კარგი მოსავალი არ იყო, ხარისხი შედარებით გაუარესებული იყო, ამას ემატება ისიც, რომ მოთხოვნა შემცირებულია და ფასები დაკლებულია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებსა და ფიზიკურ პირებს. პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის, პირველ ეტაპზე, 20 მლნ ლარს გამოვყოფთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სექტორშია ჩართული, განსაკუთრებით, სამეგრელოში და მათ მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ ისე, როგორც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას დაა.შ.“ - განაცხადა პრემიერმა.
პარალელურად, გაირკვა დეტალები თუ როგორ შეძლებენ ფერმერები სახელმწიფოსგან დახმარების მიღებას. პირველი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გააჟღერა.
„2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, (ეს იყო პირველ რიგში კლიმატური პირობები, საექსპორტო ღირებულების და მოთხოვნის შემცირება) ფერმერებმა ვერ მიიღეს სათანადო შემოსავალი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ჩვენ ფერმერებს, ვინც აწარმოებს თხილს, რომ მათ მომავალ წელს, გაზაფხულიდან შეძლონ და განახორციელონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც ხარისხიანი მოსავლის მისაღებად არის გათვალისწინებული.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ დავეხმარებით სექტორს და ყველა ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს, 0,2 ჰექტარიდან 3 ჰექტრამდე თხილის ფართობით, (აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში) ჩვენ მივცემთ 1 ჰექტრამდე გადაანგარიშებით 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რომელსაც აგრობარათების სახით მიიღებენ. ბარათის გამოყენებას შეძლებენ სხვადასხვა საქონლის შესყიდვისთვის, რაც თხილის მოსავლის მოსავლელად არის გათვალისწინებული.
უნდა ითქვას, რომ 3 ჰექტრიდან ზევით თხილის ფართობის მქონე ფერმერებისთვისაც გვექნება შეღავათები და მათ მივცემთ საშუალებას ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებებით და დავუფინანსებთ დაახლოებით 8%-ის ფარგლებში სესხის პროცენტს. ვფიქრობთ, ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი თხილის მოსავლის მიღებას.
რაც შეეხება პროცესს, აღვრიცხავთ ყველა თხილის მოსარგებლეს და გავაკეთებთ თხილის კადასტრს, შევაგროვებთ მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც გვექნება ინფორმაცია, თუ რომელი ფიზიკური თუ იურიდიული პირი ფლობს და რა ფართობის თხილს, გვექნება ასევე ჯიშებზე ინფორმაცია, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში შესაბამისი ანალიზი გავაკეთოთ“, - განაცხადა შამუგიამ.
დამატებით დეტალებზე ისაუბრა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმაც. გიორგი თოდუამ დააკონკრეტა, რომ დახმარებას ფერმერები 2023 წლის მარტიდან მიიღებენ.
„პირველ ეტაპზე, ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დავიწყებთ თხილის რეესტრზე მუშაობას. აქაც, გარკვეული მონაცემები, ცხადია, ჩვენ გვქონდა, თუმცა სრულყოფა აუცილებელია. სამუშაოები დაიწყება და 3-4 თვე დასჭირდება. მას შემდეგ კი, რაც წამლობის აქტიური ფაზა დაიწყება, გაზაფხულის დასაწყისში, მარტში დაირიცხება ქულები. ეს არ იქნება ნაღდი ანგარიშსწორება. ისარგებლებენ მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში.
ჩვენი გადაანგარიშებით 500 ლარი 1 ჰექტარზე სრულიად საკმარისია. რადგან ფაროსანა კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად, მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები და ამაში სახელმწიფოს ჩართვა ფერმერებთან ერთად აუცილებლია. ჩვენის მხრივ, ასოციაცია სრულად ჩართული ვიქნებით განხორციელების პროცესში. ცხადია, ეს არ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. ვგულისხმობ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ტყისპირა პერიმეტრების და სხვა გარე პერიმეტრებზე წამლობას. ეს იქნება დამატებითი ღონისძიება, რომლის დიდ ეფექტსაც ველით, რაც უნდა იყოს, 2-3 წლის წინანდელი ოდენობის მოსავლის მიღება“, - განაცხადა თოდუამ „ბიზნესპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, საქართველოში თხილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი წელს 11.8%-ით შემცირდა. სწორედ აღნიშნული დასახელდა სუბსიდირების მიზეზად.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში საქართველოდან თხილის ადგილობრივი ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 51.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 11.8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის შემოსავალზე, 58.7 მლნ დოლარზე.
მიუხედავად შემოსავლის კლებისა, გაზრდილია გატანილი თხილის რაოდენობა, რაც ნაწარმის ღირებულების კლებაზე მიუთითებს. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე თითქმის 10.3 ტონა ქართული თხილი გავიდა, რაც 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს, 9.8 ტონას, 4.9%-ით ჩამორჩება.
საქართველოდან ყველაზე მეტი თხილი გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, სომხეთსა და ლიეტუვაში გადის.