„მალე, საფრანგეთის პარლამენტიდან ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას ვიხილავთ“

„მალე, საფრანგეთის პარლამენტიდან ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას ვიხილავთ“

უკრაინაში მიმდინარე წარუმატებელი ომის პარალელურად, ვლადიმერ პუტინი ყარაბაღის კონფლიქტზე „წუხს“ და მხარეებს „საყვედურობს“, რომ ეს ომი „ოდესღაც უნდა დასრულდეს“. რუსეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერებთან ონლაინ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს. პუტინ-ფაშინიანის შეხვედრას, რომელიც სოჭში გაიმართა, რამდენიმე საათში აზერბაიჯანის ლიდერიც შეუერთდა. ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ხუთი ძირითადი პრინციპი წამოაყენა.

„თქვენი ინიციატივით ასეთი შეხვედრები იმართებოდა და ბიძგს აძლევდა პროცესის ნორმალიზაციას. აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ წამოაყენა ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლებითაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს. უფრო სწორედ, ეს არის საერთაშორისო ფუნდამენტური პრინციპები. მე ვფიქრობ, რომ ნორმალიზაცია შესაძლებელია ამის საფუძველზე. ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიაა, ის მოგვარდა ორი წლის წინ. ამიტომ, ამ კონტექსტში განსახილველი პრაქტიკულად არაფერია და აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაცია არის ის ფორმატი, რომელიც, რა თქმა უნდა, სერიოზულ ნაბიჯებს მოითხოვს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება მკაცრად შეასრულონ 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებები. სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმებების შესრულებაზე მზადყოფნას ადასტურებენ და აღინიშნა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ძირითადი წვლილი მისი განლაგების ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

უკრაინაში წარუმატებელი ომის პარალელურად რატომ დასჭირდა რუსეთს ყარაბახის კონფლიქტის დასრულებაზე საუბარი გასაგებიცაა. როგორც ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე აღნიშნავს, რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არ არის ყარაბახის კონფლიქტის გაღვივება, ვინაიდან ძალიან მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს. მას ერთი მხრივ, არა აქვს არანაირი სურვილი და საშუალება, რომ დაუპირისპირდეს აზერბაიჯანს, ვინაიდან ეს ავტომატურად იწვევს თურქეთთან დაპირისპირებას.

„თურქეთთან რუსეთს გააჩნია ძალიან დიდი ინტერესები. მოგეხსენებათ, რომ შეთავაზება იყო რუსეთისგან, რომელიც მოიწონა ერდოღანმა. ანუ, თურქეთის გაზის ჰაბად გადაქცევის შესახებ. ასევე, თურქეთი თანამშრომლობს რუსეთთან ძალიან ბევრს სფეროებში. მოგეხსენებათ, რომ ის არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. გარდა ამისა, რუსეთს აქვს თანამშრომლობის სხვა ფორმატები აზერბაიჯანთან.

რაც შეეხება სომხეთს, იქ რუსული ბაზებია, რაც იწვევს ბუნებრივ დაძაბულობას. თანაც, რუსეთში მოქმედებს ძალიან ძლიერი სომხრული ლობი. იცით, რომ რუსულ-სომხური ურთიერთობები არის საკმაოდ დაძაბული. სომხეთში ანტირუსული განწყობები ძალიან ძლიერია და ფაშინიანის ხელისუფლება რუსეთისთვის ნამდვილად არ არის იდეალური - ძალიან მძიმე ურთიერთობები აქვთ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთს, ამ შემთხვევაში, კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია კონფლიქტის ესკლაცია, მიაჩნია, რომ ეს გამოიწვევს მისი როლის დაქვეითებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მაშინ, როდესაც ხელ-ფეხი აქვს შეკრული უკრაინის ომით“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

ამის გარდა, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, რუსეთში აცნობიერებენ იმასაც, რომ ხდება ფრანგულ-თურქული დაპირისპირების პროეცირება სამხრეთ-კავკასიის რეგიონში. ანუ, თურქეთსა და საბერძნეთს შორის  კონფლიქტში საფრანგეთი საბერძნეთს უჭერს მხარს, რომელიც პროეცირდება სამხრეთ-კავკასიაში.

„ამაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობენ ამერიკელები. შეგახსენებთ, პელოსის ვიზიტს სომხეთში. ასევე იმასაც, რომ საფრანგეთშიც ძალიან ძლიერია სომხური ლობი და იქ არა მარტო ამ მიზეზების გამო, არამედ გარკვეული გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო, როგორც ჩანს, მალე ვიხილავთ ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას საფრანგეთის პარლამენტიდან. ანუ, აშკარად ჩანს და საკითხი დგას ასე, რომ ეს ძალები ცდილობენ სომხეთს დაეხმარონ შეიარაღებითაც. ამაზე კონკრეტული საუბრები მიდის. სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდება ერთ-ერთი საკითხია, რომელშიც ჩვენც შეიძლება ავღმოჩნდეთ ჩათრეულები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, რუსეთი ერთი ხელით ომობს, ხოლო მეორე ხელით სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აკეთებს აქცენტირებას. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ პუტინს არა მარტო „სიკვდილის აგენტად“ უნდა აღიქვამდნენ, არამედ „მშვიდობის მტრედაც“ და დგამს ასეთ ნაბიჯებს.

„რამდენად მყარი ნაბიჯია და რამდენად შეინარჩუნებს მშვიდობიანობას ყარაბაღი, ეს ცალკე საკითხია. არაერთხელ გადაიდგა ანალოგიური ნაბიჯები, მაგრამ პუტინი რომ ამისთვის ახლა იცლის, ეს არის საყურადღებო. ე.ი. პუტინისთვის საერთაშორისო აზრს მაინც აქვს მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის ყველას მიაჩნია, რომ მონსტრია რომლისთვისაც სხვების აზრს არ აქვს მნიშვნელობა, ასეთ დეტალებში ჩანს, რომ სხვების აზრს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მონსტრი არაა, ოღონდ „სხვა ტიპის“ მონსტრია - აგრესია სწორედ იმიტომ აქვს, რომ სხვებთან ურთიერთობაში, არასრულფასოვნობის კომპლექსი აქვს და ამ თავისი არასრულფასოვნების გამო აგრესიაც უჩნდება და ისიც უნდა, რომ „მშვიდობის მტრედი“ იყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.