საქართველოში ხელფასები, ასე თუ ისე, იზრდება, მაგრამ სამჯერ სწრაფად მატულობს ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე. მართალია, ეს გლობალური პრობლემაა, მაგრამ ქვეყნის მოსახლებისთვის ამგვარი არგუმენტი ვერაფერი შვებაა. შექმნილ ვითარებაში გამოსავალი ძნელად მოსაძებნია. მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა სიტუაციას ვერ შველის.
ხელფასების ზრდის მიმართულებით ქვეყანაში გარკვეული ცვლილება შეინიშნება, მაგრამ სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასი გაცილებით სწრაფად და დიდი სხვაობით გაიზარდა. როგორც გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, ორი წლის განმავლობაში ინფლაცია თითქმის 26%-ით არის გაზრდილი, ხოლო საშუალო ხელფასმა მხოლოდ 9%-ით მოიმატა.
„ინფლაციამ შეჭამა შემოსავალი, ბოლო 2 წელიწადში 25,9%-ით გაიზარდა. საშუალო ხელფასი კი მხოლოდ 9%-ით არის მომატებული, ხოლო ამაში რამდენი იყო ტოპმენეჯმენტის და ადმინისტრაციის წილი და რამდენი დასაქმებული ადამიანების, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეკონომიკური ზრდაა საჭირო, მაგრამ როგორი ტიპის ეკონომიკური ზრდაც არ უნდა გვქონდეს, თუ მას გარკვეული რეგულაციები არ მოჰყვა, როგორ იქნება?
ჩვენ ჯერ ველური ბაზარი გვაქვს, შრომითი ბაზარიც ველურია და სანამ ამ სიველურიდან არ გამოვალთ და არ ვიტყვით, რომ აი, მინიმუმი ეს არის, უსაფრთხოებასთან, ხელფასებთან, ბიზნესის ხელშეუხებლობასთან, მისი გაკოტრებისგან დაცვასთან, დასაქმებულის მონად ქცევასთან დაკავშირებით და ა.შ. საქმე არ გამოვა. აი, ეს გარანტიები უნდა იყოს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ვითარების დრამატულობას ადასტურებენ ექსპერტებიც. „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელის რამაზ გერლიანის შეფასებითაც, ყველაზე დიდ გავლენას მოსახლეობის გაღარიბებაზე ინფლაცია და ხარჯების ზრდა ახდენს. შემოსავლები კი მას ვერაფრით ვერ ეწევა.
„ინფლაცია და არასწორი მონეტარული პოლიტიკა აღარიბებს საქართველოს მოსახლეობას. ამ დროს არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ბოლო პერიოდში ისეთი, რომელიც ამ რისკებს შეამცირებდა და შეცვლიდა რეალობას. არსებული პროგნოზით, ინფლაცია 2023 წელს შემცირდება, მაგრამ არავინ იძლევა პირობას, რომ იქნება დეფლაცია და ფასები შემცირებას დაიწყებს. პირიქით, მეტად გაიზრდება, ოღონდ შედარებთ უფრო დაბალი ტემპით. დიდი პრობლემაა რეფინანსირების მაღალი განაკვეთიც, რაც ასევე ძალიან უწყობს ხელს მდგომარეობის გაუარესებას.
გამოსავალს ვერ ხედავს ხალხი და ქვეყნიდან გარბის. რეფორმას ვერ ატარებს მთავრობა, მის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი ვერ მოიტანა. შემოსავლების ზრდა თუ არ მოხდა, გაღარიბება გარდაუვალია, ვხედავთ, რომ სოციალური პროგრამები ამ მხრივ ვერაფერს შველის, ქვეყანაში რეფორმები უნდა ჩატარდეს, სწორად მოიძებნოს გამოსავალი“, - განაცხადა გერლიანმა.
„საქსტატმა“ ქვეყანაში გაცემული ხელფასების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში საქართველოში საშუალო ხელფასი 1,304 ლარი იყო. შარშან მენეჯერულ პოზიციებზე (ყველა სექტორში არსებული მენეჯერული პოზიციებზე) საშუალოდ 2 414 ლარის ხელფასი გაიცემოდა. არაკვალიფიციური მუშაკების ხელფასები კი საშუალოდ 674 ლარს შეადგენდა.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დაბალი შრომის ანაზღაურება, 674 ლარის ოდენობით, არაკვალიფიციურ მუშაკებს აქვთ. სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული კვალიფიციური მუშაკების ხელფასი 791 ლარია, რასაც 120 ლარით აღემატება მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებული პირების გასამრჯელო, რომელიც 911 ლარს შეადგენს.
კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 1863.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი - 2768.9 ლარით. გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 53.5 პროცენტით ჩამორჩება.