სახელმწიფო ვალის ზრდის ტენდენციას „საგანგაშოდ“ მიიჩნევენ

სახელმწიფო ვალის ზრდის ტენდენციას „საგანგაშოდ“ მიიჩნევენ

ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველოს საგარეო ვალი 5.5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამ დავალიანების მომსახურების ნაწილში საქართველოსთვის განსაკუთრებით რთული პერიოდი 2013 წელს დადგება, როდესაც ქვეყანას მოუწევს 771,76 მილიონი ლარი საგარეო ვალის ნაწილის ძირი თანხის დაფარვას მოახმაროს. 

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი თეიმურაზ მურღულია აცხადებს, „ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მხოლოდ 2010 წლის მესამე კვარტალში სახელმწიფო ვალი - 274 მილიონი დოლარით, მთლიანად საგარეო ვალი კი 664 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც ქართული ეკონომიკის მასშტაბებისთვის მეტად საყურადღებო ციფრია“. 

„ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველოს საგარეო ვალი 5.5 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის ზრდის საერთო ტემპზე გაცილებით მეტია და ეკონომიკური პოლიტიკის შეცდომების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ინდიკატორია. შესაბამისად, მხოლოდ საზოგადოების ყურადღება და შეურიგებლობა შეიძლება, იყოს ქვეყნის გაბანკროტების თავიდან აცილების გარანტი“, - აცხადებს მურღულია. 

საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა ერთი წლის განმავლობაში 16.4%-ით გაიზარდა. 

2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალდებულებები  3 936 882 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 3 381 513 000 აშშ დოლარს შეადგენდა. 

ამასთან, ბოლო მონაცემებით (2010 წლის 31 დეკემბერი), საქართველოს ორმხრივი კრედიტორების მიმართ ვალის ნაშთი 556.953 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის ავსტრიის მიმართ - 470 ათას აშშ დოლარს; აზერბაიჯანის მიმართ – 14.186 მლნ აშშ დოლარს; თურქმენეთის მიმართ - 211 ათას აშშ დოლარს; თურქეთის მიმართ – 29.972 მლნ აშშ დოლარს; ირანის მიმართ – 11.081 მლნ აშშ დოლარს; რუსეთის მიმართ – 116.654 მლნ აშშ დოლარს; სომხეთის მიმართ – 16.837 მლნ აშშ დოლარს; უზბეკეთის მიმართ - 348 ათას აშშ დოლარს; უკრაინის მიმართ - 318 ათას აშშ დოლარს; ყაზახეთის მიმართ – 27.774 მლნ აშშ დოლარს; ჩინეთის მიმართ – 4.541 მლნ დოლარს; გერმანიის მიმართ – 226.11 მლნ აშშ დოლარს; იაპონიის მიმართ – 59.125 მლნ აშშ დოლარს; ქუვეითის მიმართ – 25.903 მლნ აშშ დოლარს; ნიდერლანდების მიმართ – 7.88 მლნ აშშ დოლარს; აშშ-ის მიმართ  - 35.264 მლნ აშშ დოლარს, ხოლო საფრანგეთის მიმართ – 6.217 მლნ აშშ დოლარს. 

ამასთან, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალი - 500 მლნ აშშ დოლარს, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ვალის ნაშთი კი 2.85 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიმართ (განვითარების საერთაშორისო ასოციაცია და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ასოციაცია) - 1.37 მლრდ დოლარს,  ევროგაერთიანების მიმართ – 17.895 მლნ აშშ დოლარს; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიმართ – 21.536 მლნ აშშ დოლარს; საერთაშორისო სავალუტო ფონდის (მიმღები - ეროვნული ბანკი) მიმართ - 1.05 მლრდ აშშ დოლარს; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მიმართ – 46.55 მლნ აშშ დოლარს; აზიის განვითარების ბანკის მიმართ – 320.808 მლნ აშშ დოლარს, ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმართ  – 36.002 მლნ აშშ დოლარს. 

გარდა ამისა, 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ნაშთი 3.392 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანად გერმანიის წინაშე აღებული ვალდებულებაა. 

ექსპერტების თქმით, საგარეო ვალის მომსახურების ნაწილში საქართველოსთვის განსაკუთრებულად რთული პერიოდი 2013 წელს დადგება, როდესაც ქვეყანას მოუწევს 771,76 მილიონი ლარი საგარეო ვალის ნაწილის ძირი თანხის დაფარვას მოახმაროს. 

საგარეო ვალზე დისკუსია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ეს განსაკუთრებულად აქტუალურია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რამდენადაც აღნიშნული ქვეყნები რეფორმების განსახორციელებლად თუ ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის სულ უფრო მეტ თანხას სესხულობენ როგორც ორხმხრივი, ისე მრავალხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში. 

ანალიტიკოსების განმარტებით, ვალი არ ნიშნავს ცალსახად ცუდ მოვლენას. უფრო მეტიც, გონივრულ სესხს შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ნებისმიერ ქვეყანას. თუმცა, სესხის გონივრულობა, უმთავრესად, განისაზღვრება მისი მიზნობრიობითა და დაბრუნების რეალურობით. 

საქართველოს სახელმწიფო ვალი კი, მისი ყველაზე მსუბუქი გაგებით, საკმაოდ დამაფიქრებლად გამოიყურება. 

ექსპერტების თქმით, არსებული სიტუაციიდან ორი გამოსავალი არსებობს, პესიმისტური და ოპტიმისტური. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, უარეს შემთხვევაში, საქართველო გამოაცხადებს დეფოლტს, რაც საგარეო ვალებზე უარის თქმას ნიშნავს, ხოლო უკეთეს შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ისეთ მაჩვენებელს მიაღწევს, რომ სახელმწიფოს „თავისუფლად“ შეეძლება, საზოგადოებრივი დანაზოგის შექმნის გზით,  საგარეო ვალების გასტუმრება. 

თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მოწოდებული ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მონაცემები 2014 წლის ჩათვლით, მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგან დასახელებული წლების განმავლობაში მშპ-ის ზრდა საშუალოდ 5.9 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის არც თუ კარგი მაჩვენებელია.